მარსელო: მსაჯები ძალიან ბევრ ტკივილს გვაყენებენ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა მარსელომ "ვილიარეალთან" მატჩის შემდეგ მსაჯების მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდი ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობით კმაყოფილია და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

მადრიდის "რეალმა" "ვილიარეალთან" სტუმრად ფრედ 1:1 ითამაშა. კრიშტიანო რონალდოს 62-ე წუთზე გატანილ გოლს მასპინძლებმა 83-ე წუთზე მარკოს სენას საჯარიმოდან გატანილი გოლით უპასუხეს.

"რეალმა"მატჩი 9 ფეხბურთელით ჩაამთავრა: 86-ე წუთზე მსაჯმა ხოსე ლუის პარადას რომერომ მოედნიდან სერხიო რამოსი და მესუთ იოზილი გააძევა. რეფერის გადაწყვეტილებებისადმი არდათანხმების გამო წითელი ბარათი ჟოზე მოურინიომაც მიიღო.

უფრო ადრე, 50-ე წუთზე, პარადას რომერომ პორტუგალიელი მწვრთნელის ერთ-ერთი
თანაშემწეც გააძევა.

მეორე ადგილზე მყოფ "ბარსელონასთან" "რეალის" უპირატესობა ექვს ქულამდე შემცირდა.

"ნახეთ, რა მოხდა და რამდენი ჩვენიანი გააძევეს. მსაჯები ხანდახან ძალიან ბევრ ტკივილს გვაყენებენ, მაგრამ ამის გამო თავი არ უნდა დავხაროთ.

ვალდებულნი ვართ, წინ წავიდეთ. ექვსქულიანი უპირატესობით ლიდერობას ნებისმიერი გუნდი ინატრებდა. ჩვენ ჩვენი სამუშაო უნდა შევასრულოთ.

ეს ორგანიზებული მეტოქის წინააღმდეგ რთული მატჩი იყო, თუმცა არანაირ წნეხს არ ვგრძნობთ. ჩვენს ადგილას ყოფნას ხომ ნებისმიერი გუნდი ისურვებდა.

მართალია, ვერ მოვიგეთ, მაგრამ კარგი განწყობა შევინარჩუნეთ. თამაშის გარკვეული ასპექტები კი უნდა გავაუმჯობესოთ", - განაცხადა მარსელომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული