პარადას რომერო - მსაჯი პაროდია

AutoSharing Option
"ეს ნამდვილი ძარცვაა, შე ძაღლიშვილო", - ამ სიტყვებს "რეალის" პორტუგალიელ მცველ პეპეს მიაწერენ, ადრესატის გამოცნობა კი არ გაუჭირდება იმას, ვინც "ვილიარეალისა" და "რეალისა" დაპირისპირებას უყურა - პარადას რომერო. "რეალმა" ზედიზედ მეორედ ვერ მოიგო (ორივე შემთხვევაში მას საჯარიმო დარტყმებით გაუქვითეს ანგარიში) - ასე იქცა სულ რაღაც 5 დღეში "სამეფო კლუბის" 10-ქულიანი უპირატესობა "ბარსელონაზე" 6 ქულად...

ოთხშაბათს ესპანური ფეხბურთის სცენაზე მოულოდნელად 39 წლის მალაგელი არბიტრი ხოსე ლუის პარადას რომერო გამოვიდა. მან, თანაც ერთპიროვნულად, სულ სხვა განვითარება მისცა ტურის მატჩს. არბიტრი მაშინ აიჭრა,
როცა მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძელთა არგენტინელ ფორვარდ მარკო რუბენს ყვითელი ბარათი უჩვენა. ანდალუსიელს დაავიწყდა რუბენის გაძევება, რომელიც პირველ ტაიმში უკვე ჰყავდა გაფრთხილებული!

სანამ ყველაფერი გაირკვეოდა, "ვილიარეალის" დებიუტანტმა მწვრთნელმა მიგელ ანხელ ლოტინამ ჭკუა იხმარა და რუბენი უმალ შეცვალა. და დაიწყო... მსაჯმა ჯერ ჟოზე მოურინიოს ასისტენტი რუი ფარია გააძევა (სხვათა შორის, ეს საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე, ფარია აშკარად ვერ თოკავს ნერვებს), შემდეგ ჟოზე მოურინიოს არ შეარჩინა საჯარიმო დარტყმის გაპროტესტება (სწორედ ამ საჯარიმოდან გაიტანა მარკოს სენამ საპასუხო გოლი) და ისიც მიაბრძანა. თამაშის მიწურულს რომერომ "რეალის" მაისურით მე-300 მატჩი ჩაუშხამა სერხიო რამოსს (თუმცა რამოსმა ამის საბაბი აშკარად მისცა. რამოსმა "რეალის" ახალი რეკორდი დაამყარა - ის უკვე 11-ჯერ გააძევეს), შემდეგ კი მესუთ იოზილიც გააგდო.

ეს ყველაფერი რომ მორჩა, გასახდელისკენ მიმავალს კიდევ ერთხელ აუფრიალებია წითელი ბარათი - პეპეს სიტყვები მის მოხსენებით ბარათში წერია და ახლა პორტუგალიელმა შეიძლება ერთ მატჩზე მეტიც გამოტოვოს. ცალკე დაისჯება ჟოზე მოურინიო პრესკონფერენციაზე არგამოცხადებისთვის. მოკლედ, "რეალი" "რეალ სოსიედადთან" თამაშს პრობლემებით ეგებება. აი, ასე უცბათ დატრიალდა ლა ლიგის ჩარხი.

რა მოიმოქმედა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ? ეს ორგანიზაცია ყურებში ატარებს რეალურ, ძალზე სერიოზულ პრობლემას ესპანურ ფეხბურთში - კომიკურამდე აღმაშფოთებელ მსაჯობას.

მსაჯები ხშირად "რეალის" სასარგებლოდ ცდებიან, ახლა კი "სამეფო კლუბი" დაისაჯა. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ამას. მთავარია, რომ ესპანეთში არბიტრების დონე საფეხბურთო დონეს ერთიათად ჩამორჩება. ფედერაციაში კი რომეროს გარჯა მოუწონეს (!!!). მარკო რუბენის მიერ პირველ ტაიმში მიღებული ის პირველი ყვითელი ბარათიც "გაქრა", თუმცა ფოტო-აუდიო მასალა უხვად ადასტურებს, რომ ფაქტი ნამდვილად მოხდა.

ფედერაციაში ერთ რამეში არ დაეთანხმნენ არბიტრს - კალეხონიც უნდა გაგეძევებინაო. ამ დროს "მარკამ" მისი გარჯა 10-ბალიანი სისტემით 0 ბალით შეაფასა. სხვათა შორის, ამ მატჩში პარადას რომერომ ერთი დიდი შეცდომა "რეალის" სასარგებლოდაც დაუშვა - არბელოა აშკარად მაისურზე ქაჩავდა საჯარიმოში ნილმარს, მაგრამ მსაჯის სასტვენი (როცა საჭირო იყო) დუმდა...

მაშ ასე, ვინ არის ტურის ანტიგმირი? მას 2006 წელს ჰქონდა დებიუტი პრიმერა დივიზიონში - მას მერე, რაც სეგუნდა დივიზიონის საუკეთესო მსაჯად დაასახელეს.

პარადას რომერო სადაც მსაჯობს, იქ მუდამ ბარათების ფრიალია - გაძევებების გარდა, "ვილიარეალთან" მატჩში მან 11 ყვითელი ბარათი აჩვენა. 8-10 ბარათი თამაშში - მისთვის ნორმაა, გაძევებებიც უხვად მოეძებნება. ამ სეზონში მან "რეალს" ერთხელ უკვე გაუძევა ფეხბურთელი - სექტემბერში "რაიო ვალეკანოსთან" მატჩში ანხელ დი მარია გააძევა.

პარადას რომერო პირველი მსაჯია, რომელმაც ჟოზე მოურინიო ესპანეთში მუშაობისას გააძევა - ეს 2010 წლის ნოემბერში, თასის მატჩში მოხდა "მურსიას" წინააღმდეგ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული