შესაბამისად, ტიაგოს მომდევნო ტურში თამაშის უფლება აქვს. "ბარსელონა" კარლეს პუიოლის ყვითელ ბარათსაც აპროტესტებდა, მაგრამ კაპიტანს გაფრთხილება შეუნარჩუნეს.
კორეა-ესპანეთი, 10 წლის შემდეგ
კორეის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ 30 მაისს ეროვნული ნაკრები ამხანაგურად ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთს გაეჯიბრება. "ტაეგუკ უორიორსი", როგორც კორეელთა ეროვნულ გუნდს ეძახიან, ესპანეთს შვეიცარიაში ან ავსტრიაში დაუპირისპირდება.
ივნისში აზიელებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები ელით, რომელთაგან პირველი დოჰაში 8 ივნისს გაიმართება.
დე გუზმანი: ვილიარეალის მწვრთნელი არ მიცნობს!
"ვილიარეალის" 24 წლის ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ჯონათან დე გუზმანმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, კარიერის სამშობლოში გაგრძელებას.
მიუხედავად იმისა, რომ "ელ სუბმარინო" საშინლად თამაშობს ლა ლიგაში და გავარდნის პირასაა, დე გუზმანისთვის სასტარტოში ადგილი მაინც ვერ გამოიძებნა.
ჰოლანდიის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი "ვილიარეალმა" ზაფხულში 8,5 მილიონ ევროდ იყიდა. "იანვრის მერე ფეხბურთი არ მითამაშია.
ბოლო მატჩებში ხოსე მოლინა 18 კაცშიც არ მაყენებდა. ახლა ჩვენ ახალი მწვრთნელი გვყავს - მესამე ამ სეზონში - მიგელ ანხელ ლოტინა. გინდ დამიჯერეთ და გინდ არა, ის მე ჯერ უბრალოდ არ მიცნობს", - უთხრა დე გუზმანმა "ნიუს-სპორტსს" ინტერვიუში. ჰოლანდიაში თამაშისას დე გუზმანმა სახელი "ფეინოორდში" დაიგდო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"