ესპანეთი. ლა ლიგა. XXX ტურის წინ: გაფიცვა და დერბები

AutoSharing Option
გრანდების ჭიდილი ბასკურ-ნავარულ გუნდებთან, დიდი ვალენსიური და მცირე მადრიდული დერბები, ერთი დერბიც ანდალუსიაში - ასეთია, პრიმერადივიზიონის 30-ე ტურის "მენიუ", მაგრამ არის ერთი საფრთხეც: პროფკავშირებმა მთელს ესპანეთში საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადეს (ისინი შრომის კანონმდებლობის გადახედვას აპროტესტებენ) და ვინძლო, ტურის გამართვასაც შეუშალონ ხელი...

პირველი ინციდენტები უკვე ხუთშაბათს დაფიქსირდა, როცა "ესპანიოლმა" ვერ ივარჯიშა სატრანსპორტო პრობლემების გამო, "ბარსელონა" კი იტალიაში ჩარჩა და მხოლოდ 30 მარტს დაბრუნდა შინ.

მოუ: კასილიასთან არ მიჩხუბია, რაულს წასვლა ჩემ მოსვლამდე ჰქონდა გადაწყვეტილი
"პამპლონაში თამაში ყოველთვის ძალიან ჭირს. ჩვენ პატივს ვცემთ
"ოსასუნას", მაგრამ იქ ჩვენ თამაშს ვითამაშებთ", - აცხადებს "რეალის" ბრაზილიელი მცველი მარსელო, რომლის გამოსვლაც ასე პოზიტიურად დაეტყო "სამეფო კლუბს" კვიპროსში.

30 მარტს "რეალის" მეორე მცველის, სერხიო რამოსის იუბილე იყო - ანდალუსიელი 26 წლის გახდა. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ის ერთ-ერთი მოწინავე ფეხბურთელია კლუბში, მან "რეალის" მაისურა 302-ჯერ მოირგო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ კაპიტან იკერ კასილიასს ჩამორჩება. ამასთან სერხიოს ანგარიშზე 36 გოლია, არცთუ ურიგო მაჩვენებელია მცველისთვის.

სერხიო ძალიან ფრთხილად უნდა იყოს პამპლონაში, თუკი ყვითელ ბარათს მიიღებს, ეს მისთვის მე-10 იქნება და მომდევნო ტურის შეხვედრის გამოტოვება ემუქრება. მსგავსი ბედი ელით ჩაბი ალონსოს (9 გაფრთხილება) და კრიშტიანო რონალდოსაც (4 გაფრთხილება).

ჟოზე მოურინიოს გუნდი ნავარაში რიხით ჩადის: ხუმრობა ხომ არაა, ზედიზედ 19 მატჩია, "რეალს" სტუმრად არ წაუგია. ეს "რეალის" ისტორიაში საუკეთესო მიღწევაა, მადრიდელებს შეუძლიათ მაჩვენებელი 20-მდე გაზარდონ, თუმცა უპირველესი ამოცანა მაინც სამივე ქულის აღებაა - "ბარსელონა" მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება "სამეფო კლუბს".

მეორე მხრივ, "ოსასუნასაც" შესანიშნავი დროება უდგას, ნავარული კლუბი 6 ტურია წაუგებელია და 43 ქულით მე-6 ადგილზეა. მასპინძლებს არ ეყოლებათ მარკ ბერტრანი, რომელმაც "ლევანტესთან" მატჩში ტრავმა მიიღო. ასევე არ იქნებიან კიკე სოლა და მასუდ შოჯაეი, თუმცა კიდევ ერთი ირანელი, ჯავად ნეკუნამი ბრუნდება, მან დისკვალიფიკაცია მოიხადა.

"რეალს" ტრავმების გამო დააკლდება ხოსე კალეხონი, ლასანა დიარა და რიკარდო კარვალიო. აი, ანხელ დი მარია კი ბრუნდება და თუ ძირითად შემადგენლობაში არა, სათადარიგოთა სკამზე მაინც იქნება. მესუთ იოზილმა მოიხადა დისკვალიფიკაცია (ისევე როგორც, ჟოზე მოურინიომ), პეპეს კი ერთი მატჩი კიდევ მოუწევს დასვენება. პეპეს ალბათ რაფაელ ვარანი შეცვლის, ახალგაზრდა მცველისთვის პამპლონაში თამაში დიდი გამოცდა იქნება.

პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიომ კატეგორიულად უარყო, პრესაში გავრცელებული ხმები, თითქოს, მას კიდევ დაეძაბა ურთიერთობა იკერ კასილიასთან.

"მსგავსი არაფერია, ყველა ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა მაქვს, გამოგონებულ ისტორიას კი რა კომენტარი გავუკეთო", - განაცხადა პორტუგალიელმა, რომელმაც მოულოდნელად რაული ახსენა და ხუთშაბათის დუბლისთვის ცამდე აქო, ფანტასტიკური ფეხბურთელი უძახა. კითხვაზე, მაშ რატომღა გაუშვითო, მოურინიომ უპასუხა:

"მას ჩემს მოსვლამდე ჰქონდა მყარად გადაწყვეტილი "რეალიდან" წასვლა".

ფაქტები
* "ოსასუნამ" ამ სეზონში მხოლოდ 2 მატჩი წააგო შინ, "რასინგთან" და "ატლეტიკოსთან".
* "რეალმა" ბოლო სამი ვიზიტიდან ორი მარცხით დაასრულა პამპლონაში. "სამეფო კლუბმა" პამპლონაში ბოლოს 2008 წლის მაისში მოიგო.
* "რეალს" თამაშში საშუალოდ 3,3 გოლი გააქვს, ეს ლა ლიგის საუკეთესო მაჩვენებელია.
* წინა ტურში კრიშტიანო რონალდომ ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფად მიაღწია 100-გოლიან ზღვარს (92 მატჩში).

სავარაუდო შემადგენლობები
ოსასუნა: ა. ფერნანდესი - რაიტალა, როვერსიო, ფლანიო, დამია - პუნიალი, ნეკუნამი - სეხუდო, რ. გარსია, ლამა - ნინო.
რეალი: კასილიასი - არბელოა, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - იოზილი, კაკა, რონალდო - ბენზემა.

აეროპორტიდან კამპ ნოუზე
"ბარსელონა" შეეცდება ლა ლიგაში მოგებათა სერია 8-მდე გაზარდოს, თუმცა მეტოქეც სერიოზული ჰყავს - ფაქტობრივად ეს შეხვედრა 25 მაისს "ვისენტე კალდერონზე" გასამართი თასის ფინალის მოთელვაა - "კამპ ნოუს" ბილბაოს "ატლეტიკი" სტუმრობს.

ერთი დიდი უპირატესობა, რომელიც ჩემპიონს აქვს - "ბილბაომ" ხუთშაბათს გერმანიაში მომქანცველი თრილერი მოიგო ევროპალიგაზე "შალკეს" წინააღმდეგ - 4:2 და ძალების აღდგენის მოსწრება გაუჭირდება. არადა, ბასკებს ლა ლიგაში ასე კარგად არ მიუდით საქმე, როგორც ევროსარბიელზე - გუნდი 38 ქულით მხოლოდ მე-11 ადგილზეა.

"ბარსელონასაც" შეექმნა პრობლემები - გუნდი მილანიდან მხოლოდ პარასკევს დაბრუნდა და აეროპორტიდან "კამპ ნოუზე" გაემართა სავარჯიშოდ. გუნდთან ერთად ივარჯიშა ტრავმამოშუშებულმა ადრიანომ და ერიკ აბიდალმაც (!), რომელსაც წესით, არ უნდა ეფეხბურთებოდეს. ადრიანომ ტრავმა 20 მარტს "გრანადასთან" მატჩში მიიღო, მისი თამაში "ბილბაოსთან" ჯერაც საეჭვოა.

"ბარსას" დაუბრუნდა დისკვალიფიციამოხდილი დანი ალვეში, თუმცა ხოსეპ გვარდიოლა დილემის წინაშეა - დაასვენოს თუ არა რამდენიმე ვარსკვლავი "მილანთან" გადამწყვეტი მატჩის წინ.

ტიაგო ალკანტარა, რომელსაც წესით არ უნდა ეთამაშა, გვარდიოლას განკარგულებაშია, რადგან სადისციპლინო კომიტეტმა ახალგაზრდა ნახევარმცველს წითელი ბარათი გაუუქმა. იბრაჰიმ აფელაის აქვს შანსი სათადარიგოთა შორის მოხვდეს.

მარსელო ბიელსას უბრუნდება დისკვალიფიკაციამოხდილი მიკელ სან ხოსე. გერმანიაში ტრავმა არავის მიუღია.

ფაქტები
* "ბარსელონამ" ლა ლიგაში ზედიზედ 7 მატჩი მოიგო, ბურთების შეფარდება: 21:6.
* 51 მატჩია (!) "ბარსელონას" "კამპ ნოუზე" არ წაუგია.
* ბოლო 8 მატჩში ლიონელ მესიმ 15 გოლი გაიტანა.
* "ბილბაოს" ლა ლიგაში 4 მატჩია არ მოუგია (1 ფრე, 3 წაგება).
* "ბილბაომ" "კამპ ნოუზე" ბოლოს 2001 წლის ნოემბერში მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა: ვალდესი - დანი ალვეში, მასკერანო, პიკე, პუიოლი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ფაბეგასი, მესი, პედრო.
ბილბაო: ირაისოსი - ირაოლა, ხ. მარტინესი, ამორებიეტა, აურტენეჩე - დე მარკოსი, იტურასპე, ანდერი - სუსაეტა, ფ. ლორენტე, მუნიაინი.

სამი დერბი, სამი ომი
31 მარტს მალაგაში ანდალუსიური დერბი გველის, მე-4 ადგილზე მყოფ "მალაგას" "ბეტისი" სტუმრობს. სევილიელებს ჯერ კიდევ არ აქვთ თავი ქუდში, მათთვის ჯერჯერობით გრძელდება ბრძოლა ადგილის შენარჩუნებისთვის. მანუელ პელეგრინის გუნდში ბევრი ტრავმირებულია, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია ხოაკინის, ბაპტიშტას და ტულალანის არყოფნა.

1 აპრილს უკვე ვალენსიური დერბია: "ვალენსია" "ლევანტეს" წინააღმდეგ. ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. "ბაყაყებთან" ფეხის დაცდენა არა გვგონია, შერჩეს "ღამურების" მწვრთნელ უნაი ემერის.

კვირას, "ვისენტე კალდერონზე" "ატლეტიკო" მადრიდულ დერბიში "ხეტაფეს" უმასპინძლებს.

ჯვარი "მოტეხეს"
მოგეხსენებათ, როგორ გააქტიურდა მადრიდის "რეალი" არაბულ ბაზარზე. ახლახან სიმბოლურად მიეცა სტარტი "რეალის" მომავალ დასასვენებელ კუნძულის შენებას (დიახ, კუნძული ხელოვნურია) არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. პირველად ნიჩაბს ფეხი სწორედ ფლორენტინო პერესმა დაჰკრა.

ამ ხელოვნურ კუნძულზე, რომელიც 2015 წელს გაიხსნება, უკვე ვწერდით. ახლა მხოლოდ ერთს შევნიშნავთ - "რეალის" გერბი არაბეთში შეცვლილია, მუსულმანური მოსახლეობის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, ჯვარი ლოგოზე მოცილებულია. რამდენად მოეწონებათ ეს "სიახლე" ესპანელებს?

ლა ლიგის სტატისტიკიდან
გოლები თავით

გოლი გუნდი
16 ბილბაო
11 მალაგა, ვალეკანო
10 ატლეტიკო, ოსასუნა
9 რეალი, ესპანიოლი, მალიორკა, გრანადა
8 ბარსელონა, ლევანტე, სევილია, რასინგი
7 ვალენსია
6 სოსიედადი, ხეტაფე
4 ბეტისი, სარაგოსა
3 ვილიარეალი
2 სპორტინგი

გოლები საჯარიმო დარტყმით
გოლი გუნდი
4 ბარსელონა, მალაგა
3 ლევანტე
2 ბეტისი, ვილიარეალი
1 ბილბაო, ვალენსია, ვალეკანო, ესპანიოლი, ოსასუნა, მალიორკა, სპორტინგი, ხეტაფე, გრანადა
0 რეალი, ატლეტიკო, სევილია, სოსიედადი, სარაგოსა, რასინგი

გოლები პენალტით
გოლი გუნდი
10 რეალი
5 ლევანტე, ატლეტიკო, მალიორკა
4 ვალეკანო, რასინგი
3 ბარსელონა, ბეტისი, ვილიარეალი, გრანადა, სარაგოსა
2 ვალენსია, ხეტაფე
1 ბილბაო, მალაგა, ესპანიოლი, ოსასუნა, სევილია, სპორტინგი
0 სოსიედადი

ესპანეთი. ლა ლიგა. XXX ტური
31 მარტი
სპორტინგი-სარაგოსა 20:00
დისკვალიფიკაცია: ბოტია - სუკულინი, ალვარესი, ლაფიტა
ტრავმა: გრეგორი - ლაკრუსი

რასინგი-გრანადა 20:00
დისკვალიფიკაცია: კრისტიანი - მარტინში, ბორხა, ნიომი
ტრავმა: აკოსტა, ტონიო - დიახატე, იებდა, ფ. რიკო, რომერო

ოსასუნა-რეალი 22:00
დისკვალიფიკაცია: ნეკუნამი - პეპე
ტრავმა: იბრაჰიმა, მასუდი, სოლა - რ. კარვალიო, კალეხონი, დი მარია (?)

ბარსელონა-ბილბაო 00:00
ტრავმა: ფონტასი, აფელაი, აბიდალი, ვილია, ადრიანო - კასტილიო, ოსიო, მარტინესი, გურპეგი

მალაგა-ბეტისი 00:00
ტრავმა: როსარიო, ტულალანი, ბაპტიშტა, ხოაკინი, ხუანმი - სერხიო, უსტარიცი, მარიო

1 აპრილი
ატლეტიკო-ხეტაფე 14:00
დისკვალიფიკაცია: ხუანფრანი, გაბი - მიჩელი, რიოსი
ტრავმა: სილვიო, ტიაგო - პედრო ლეონი, უსტარი, ლოპესი, ლოპო

ვალენსია-ლევანტე 20:00
დისკვალიფიკაცია: ბრუნო, სოლდადო, ალბა - ლოპესი
ტრავმა: ალკასერი, მიგელი, კანალესი, ბანეგა (ვალ)

სოსიედადი-ვალეკანო 23:30
დისკვალიფიკაცია: ესტრადა, ელუსტონდო (სოს)
ტრავმა: მარტინესი, ბერგარა - მიჩელი

ვილიარეალი-ესპანიოლი 23:30
დისკვალიფიკაცია: მორენო (ესპ)
ტრავმა: კატალა, როსი - სანჩესი, ს. გარსია, ალვარესი, მარკესი, მატიონი

2 აპრილი
სევილია-მალიორკა 23:00
დისკვალიფიკაცია: ფ. ნავარო - ბიგასი (მალ)
ტრავმა: სპაჰიჩი - ტეხერა, კევინი, ოგუნჯიმი

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 29 24 3 2 95-26 75
2. ბარსელონა 29 21 6 2 84-22 69
3. ვალენსია 29 13 8 8 45-36 47
4. მალაგა 29 14 5 10 44-41 47
5. ლევანტე 29 13 5 11 41-40 44
6. ოსასუნა 29 10 13 6 34-41 43
7. ესპანიოლი 29 11 7 11 37-39 40
8. ატლეტიკო 29 10 9 10 39-35 39
9. სევილია 29 10 9 10 33-31 39
10. ხეტაფე 29 10 9 10 31-36 39
11. ბილბაო 29 9 11 9 44-40 38
12. ვალეკანო 29 11 4 14 42-49 37
13. მალიორკა 29 9 9 11 31-37 36
14. სოსიედადი 29 9 6 14 32-45 33
15. ბეტისი 29 9 5 15 33-43 32
16. ვილიარეალი 29 7 10 12 30-42 31
17. გრანადა 29 9 4 16 27-46 31
18. რასინგი 29 4 13 12 23-44 25
19. სპორტინგი 29 6 7 16 28-54 25
20. სარაგოსა 29 6 7 16 25-51 25

ბომბარდირები
35 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 18 - გონსალო იგუაინი (რეალი); 16 - ქარიმ ბენზემა (რეალი), რობერტო სოლდადო (ვალენსია); 13 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), მიჩუ (რაიო ვალეკანო); 10 - რუბენ კასტრო (ბეტისი), ჩავი (ბარსელონა), არუნა კონე (ლევანტე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული