2010 წლის დეკემბერში ის "ინტერის" პრეზიდენტ მასიმო მორატისთან კონფლიქტის გამო მოხსნეს. ბენიტესი ამბობს, რომ სამსახურს გააფთრებით არც ეძებს, რადგან ელოდება ისეთი კლუბის წინადადებას, რომლის ამბიციაც მის სამწვრთნელო ამბიციას დაემთხვევა.
ეს ყველაფერი მან ფიფას ოფიციალურ საიტს ვრცელ ინტერვიუში განუცხადა, რომელიც ორ ნაწილად გამოქვეყნდა. თქვენ წინაშე მხოლოდ საინტერესო ფრაგმენტებია.
მოცალეობის ჟამს ბენიტესმა საკუთარი ვებგვერდი გახსნა, სადაც აანალიზებს დღევანდელ ვითარებას ფეხბურთში, წერს სტატიებს, იძლევა რჩევებს.
- რატომ გახსენით ვებსაიტი?
- ბევრს შრომის
- ანუ, როგორც კი სამსახურს იშოვნით, საიტი დაიხურება?
- არა, გავაგრძელებთ. ცოტა ძნელი იქნება, რადგან როცა მუშაობ, ყოველ გამონათქვამს სიფრთხილით უნდა მოეკიდო, რომ არავინ განაწყენდეს, თუმცა ამას ახლაც ვცდილობ. რაც მთავარია, საიტის ფილოსოფია ისევ ის იქნება - დავეხმარო ახალბედა მწვრთნელებს გაზრდაში.
- რამდენ თამაშს ნახულობთ?
- ახლა, როცა თამაშები კვირის სხვადასხვა დღეზეა განაწილებული, იოლია. თანაც, საიტის თანამშრომლებიც მეხმარებიან. უქმეებზე 7-8 მატჩისთვისაც კი მიყურებია ლა ლიგაში, სერია ა-ში, ბუნდესლიგაში თუ პრემიერლიგაში.
- ამხელა შესვენება ფეხბურთისგან თუ გქონიათ ცხოვრებაში?
- არა, ეს პირველი შემთხვევაა. ვეძებ ჩემთვის გამოსადეგ კლუბს. არ ვჩქარობ, რადგან გუნდი ისეთივე ამბიციური უნდა იყოს, როგორიც მე ვარ. ესპანეთში, ინგლისსა და იტალიაში ისეთი გამოცდილება მივიღე, რომ არ გამიჭირდება საჩემო გუნდის ამოცნობა.
- თქვენ უკანასკნელი სპეციალისტი ხართ, რომელმაც "ვალენსიაში" "რეალისა" და "ბარსელონას" პარპაში დაარღვიეთ. როგორ ფიქრობთ, კიდევ შესაძლებელია ასეთი რამ?
- ჩემი აზრით, კიდევ რამდენიმე წელი ზემოთ მხოლოდ "რეალი" და "ბარსელონა" იქნებიან, თუმცა "ვალენსია" კარგად თამაშობს. "ბილბაო", "სევილია" და "ატლეტიკო" კარგი გუნდებია და ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან. "ბარსას" და "რეალს" ყოველთვის მეტი ფინანსური შესაძლებლობები ჰქონდათ. ახლა, სატელევიზიო ეპოქაში, მათ კიდევ უფრო მეტი ფინანსური სიმძლავრე აქვთ. მაგრამ სხვა კლუბებიც კარგად მუშაობენ და შედეგი აუცილებლად ექნებათ.
- არის თუ არა ახლანდელი "ბარსელონა" ყველა დროის საუკეთესო გუნდი?
- სიმართლე გითხრათ, საკის "მილანის" დიდი მეხოტბე ვარ - ვან ბასტენის, გულიტის და სხვების "მილანის". მაშინდელი "მილანი" ნამდვილი დომინანტი იყო, როგორც დღევანდელი "ბარსელონა", თუმცა "ბაიერნს", ხანდახან "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "რეალს" შეუძლიათ მისთვის კონკურენციის გაწევა. ვიხსენებ, როგორი ფანტასტიკური იყო "რეალი" მაშინ, მაგრამ "მილანთან" ახლოს ვერ მოდიოდა. ახლანდელი "ბარსა" ძალიან სასიამოვნო საყურებელი გუნდია, თქმა არ უნდა.
- ინგლისში ხშირად ვერ გიგებდნენ. ფიქრობთ, რომ "ლივერპულში" კარგად არ მოგექცნენ?
- იცით, მთავარი ისაა, ვის რა შევმატე. როცა "ლივერპულში" მივედი, ჯეიმი კარაგერი ფლანგის მცველი იყო. ჩვენმა ერთობლივმა მუშაობამ ის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად აქცია. სტივენ ჯერარდის პროდუქტიულობა ერთი-ორჯერ გაიზარდა. ხალხი ამბობდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ასპარეზზე კარგად ვმუშაობდი, აი, პრემიერლიგაში კი - ვერა. არადა, 82 და მერე 86 ქულა კლუბის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელი იყო.
- როგორ ფიქრობთ, მწვრთნელებს უნდა მიეცეთ დრო? თქვენ 6 წელი იყავით "ლივერპულში", მაგრამ პირველივე წარუმატებელი სეზონი სამსახურის დაკარგვად დაგიჯდათ...
- ძნელი დრო იყო. "ლივერპულს" მფლობელებში არ გაუმართლა. ჰკითხეთ როი ჰოჯსონს, მანაც კარგად იცის ეს. ამ ხალხს ფეხბურთი არ ესმოდა, ეს მათთვის იყო მხოლოდ ბიზნესი.
- ფერნანდო ტორესი ის აღარ არის, რაც ადრე. რას გრძნობთ, როცა მის თამაშს ახლა უყურებთ?
- ფერნანდო ძალიან კარგი ბიჭია, "ლივერპულს" ის არ უნდა გაეშვა. როგორც კი მას თვითრწმენა დაუბრუნდება, ამის ნიშნები კი უკვე არის, ნახავთ, კიდევ რა შეუძლია მას.
- "ინტერიდან" წასვლის შემდეგ საცხოვრებლად ლივერპულში დაბრუნდით, რატომ?
- მე და ჩემს მეუღლეს ძალიან მოგვწონს ქალაქი, მისი კულტურა, წარსული. აქ ბევრი მეგობარი გვყავს. ჩვენ უკვე ქალაქის ცხოვრების ნაწილი ვართ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"