ყველა ნიჭიერი მადრიდის "რეალში"?

AutoSharing Option
"რეალ სოსიედადის" პრეზიდენტმა ხოკინ აპერიბაიმ განაცხადა, რომ ზაფხულში ბასკურმა კლუბმა უარით გაისტუმრა მადრიდის "რეალი", რომელსაც ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდის, 19 წლის რუბენ პარდოს შეძენა სურდა.

პარდო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელიც ესპანეთის ნაკრებმა მოიგო. სწორედ რუმინეთში ჩაინიშნეს ნახევარმცველი "ლოს ბლანკოს" მესვეურებმა.

"ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე მადრიდელები ჩემთან წინადადებით მოვიდნენ, მაგრამ ჩემი პასუხი იყო ცალსახა - არა", - განუცხადა "მარკას" აპერიბაიმ.

ამასთან, სანსებასტიანული კლუბის ბოსმა აღნიშნა, რომ ყველა ღონეს ხმარობს, რათა "არსენალისგან" ნათხოვარი მექსიკელი კარლოს ველა სამომავლოდაც
დაიბევოს. 23 წლის კარლოს ველა "ანოეტაზე" ძალიან კარგად ათამაშდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

პარდოს დებიუტი პირველ გუნდში ოქტომბერში შედგა სწორედ "რეალთან" მატჩში. მაშინ ახალგაზრდამ მარკელ ბერგარა შეცვალა.

ვან ნისტელროი და მომავალი
"მალაგას" ვეტერანი ჰოლანდიელი თავდამსხმელი რუუდ ვან ნისტელროი აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ ფიქრობს მომავალზე და მთლიანად ლა ლიგის ამ სეზონზეა კონცენტრირებული. "ჩვენ შევთანხმდით, რომ სამომავლო გეგმებზე მარტში ვილაპარაკებდით, მაგრამ ისეთი დაძაბული სეზონია, რომ ჩემი უშუალო მომავალი სულ გადამავიწყდა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ "მალაგამ" რაც შეიძლება მაღლა დაასრულოს ჩემპიონატი", - უთხრა ვან ნისტელროიმ ჰოლანდიურ "ლეუვარდერ კურანტს". ანდალუსიური კლუბი 30 ტურის შემდეგ 47 ქულით მე-4 ადგილზეა და სულ რაღაც ქულით ჩამორჩება მესამეადგილოსან "ვალენსიას".

ალმერიამ მწვრთნელი გააგდო
სეგუნდა დივიზიონის "ალმერიას" ხელმძღვანელობამ გუნდის მწვრთნელი ლუკას ალკარასი დაითხოვა. ბოლო 6 მატჩია, ანდალუსიური კლუბი ვერ იმარჯვებს. "ალმერიამ" 18 შესაძლებლიდან 4 ქულა აიღო და ელიტაში დაბრუნების პერსპექტივა გაიუარესა. ახლა "ალმერია" 52 ქულით პლეი ოფის ზონაშია, მე-5 ადგილზეა. ალკარასმა პრიმერადან გავარდნილი "ალმერია" ზაფხულში ჩაიბარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული