ესპანეთი. ლა ლიგა. XXXII ტური: კრიშტიანო რონალდოს ჰეთ თრიკი და 40 გოლი!

AutoSharing Option
ვიდეო
იმას, რომ "ბარსელონასთან" უპირატესობა ისევ 4 ქულა დარჩა მადრიდული დერბის შემდეგაც, "სამეფო კლუბი" დიდწილად კრიშტიანო რონალდოს უნდა უმადლოდეს.

შეიძლება ითქვას, რომ დერბის ბედ-იღბალი მისმა თამაშმა განსაზღვრა. "რეალმა" 4:1 მოუგო "ატლეტიკოს", ხოლო კრიშტიანო რონალდოს ანგარიშზე ჰეთ თრიკი და საგოლე პასია.

27 წლის პორტუგალიელმა ლა ლიგის რეკორდი, რომელიც შარშან თავადვე დაამყარა, უკვე გაიმეორა. არადა, ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტური კიდევ დარჩა. 40 გოლი - ასეთია რონალდოს ფენომენური მიღწევა 32 ტურში! დერბიში მან გოლები ყველა გემოვნებისა გაიტანა - ჯერ საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა თავი, შემდეგ
შორიდან ჩახვეული დარტყმით (მართლაც საოცარი გოლი იყო), ბოლოს კი - პენალტის ნიშნულიდან.
შეხვედრის მიწურულს მანვე შეცვლაზე შემოსული ხოსე კალეხონი ახეირა.

დერბიში კი სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როცა 55-ე წუთზე ადრიან ლოპესის ჩაწოდებულს რადამელ ფალკაომ თავი დაუხვედრა და ანგარიში გაათანაბრა. მაგრამ ჟოზე მოურინიოს ჰყავს კრიშტიანო რონალდო, დიეგო სიმეონეს კი - არა.

საჩემპიონო რბოლაში არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ფინიში კიდევ ერთი ტურით მოახლოვდა, ხოლო "რეალმა", კალენდრის მიხედვით, ერთ-ერთი ურთულესი დაპირისპირება გადააგორა.

ნებისმიერ შემთხვევაში, საკითხი ღიად რჩება, "ელ კლასიკომდე" მაინც...

ერიკისთვის
მაშინ, როცა "ბარსელონა" "ხეტაფეს" უმოწყალოდ არბევდა, 32 წლის ფრანგი მცველი ერიკ აბიდალი სიცოცხლისთვის საოპერაციო მაგიდაზე იბრძოდა. მატჩის 22-ე წუთზე (აბიდალი 22-ე ნომერია "ბარსელონაში") "კამპ ნოუ" ტაშით მიესალმა მას.

"ბარსელონას" "ხეტაფეზე", "რეალთან" შემცირებულ ჩამორჩენაზე უფრო დიდი გამღიზიანებელი ჰყავდა ამ შეხვედრაში - მოგება ერიკისთვის უნდა მიეძღვნა. "ბარსამ" ძალიან კარგად ითამაშა და მოიგო კიდევაც - 4:0. აი, აბიდალის ფრონტზე რა ხდებოდა, მთელი დღის განმავლობაში ვერ გაიგებდით.

ფრანგი საოპერაციოში 11 აპრილს დილით შეიყვანეს. ღვიძლის ტრანსპლანტაცია უსერიოზულესი ოპერაციაა და თავიდანვე ითქვა, რომ მას შეიძლება რამდენიმე საათი დასჭირვებოდა. "ბარსელონას" ოფიციალური საიტი დაგვპირდა, რომ პირველი გამოაქვეყნებდა ოპერაციის დასრულების შემდეგ ინფორმაციას, მაგრამ დღე დასრულდა და მსგავსიც არაფერი მომხდარა. მხოლოდ "ხეტაფესთან" მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე საზოგადოებამ ხოსეპ გვარდიოლასგან გაიგო რაღაც სიახლე მაინც.

"სანამ დარბაზში შემოვიდოდი, ჯერ ერიკ აბიდალის მდგომარეობის გარკვევას შევეცადე. ოპერაცია დასრულებულია. ახლა ჩვენ 48 საათი მოგვიწევს ცდა, როგორ განვითარდება მოვლენები. ერიკი ძალიან ძლიერი პიროვნებაა და მისი იმედი ყველას გვაქვს. ამ გამარჯვებას კი, ბუნებრივია, მას მივუძღვნით", - განაცხადა პეპმა.

ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია 9 საათი გაგრძელებულა. აბიდალი იმ ღამესვე გადაიყვანეს სპეციალურ პალატაში. მოკლედ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...

11 აპრილს კი სანდრო როსელი გამოვიდა სიტყვით. კლუბის პრეზიდენტმა თქვა, რომ ერიკი და მისი ბიძაშვილი (ფეხბურთელის დონორი) თავს კარგად გრძნობენ. შეიძლება ითქვას, რომ ოპერაცია წარმატებული გამოდგაო.

მეჯიქ მესი
თამაშს რაც შეეხება, თითქოს ერთი ჩვეულებრივი მატჩი იყო, სადაც "ბარსამ" მეტოქეს იოლად აჯობა. თუმცა სანამ ამ გუნდში ლეო მესი თამაშობს, ყოველთვის იქნება საოცარი ეპიზოდები, რომლის გახსენებაც დიდხანს ღირს.

ამ მატჩის ბოლოს არგენტინელმა ჯადოქარმა "ხეტაფეს" დაცვის მარჯვენა ფლანგი ააწიოკა, მაგრამ გოლი ვეღარ გაიტანა. დიდებული მომენტი იყო, ისევე, როგორც ლეოს 39-ე გოლი პრიმერაში: ანდრეს ინიესტას და ლეოს ერთობლივი შედევრი. ეს ფეხბურთელები ერთმანეთს უკვე თვალდახუჭულნი უგებენ. დუბლი შეასრულა ალექსის სანჩესმა, გოლიც პედრომ გაიტანა.

ლეო მოედანზე საუკეთესო იყო. ალექსის სანჩესმა მისი პასით გახსნა ანგარიში. პედრომაც თავით არგენტინელის მიერ ჩაწოდებული საჯარიმოთი გაიტანა.

თუ ვინმეს დაავიწყდა, შევახსენებთ, "ბარსას" გრაფაში ორიდან ერთი მარცხი "ხეტაფეს" გამო აქვს. გვარდიოლამ მადრიდელებთან სუპერშემტევი ტაქტიკით ითამაშა. საქმე მხოლოდ 3 მცველით თამაშში არაა, მატჩის ერთ მონაკვეთზე ჩემპიონი 4 ფორვარდით უტევდა!

მესი და გვარდიოლა თამაშს რეკორდის გარეშე ხომ არ ტოვებენ. ასე იყო ამჯერადაც - პეპი ფრანკ რაიკაარდს გაუტოლდა - ახლა ორივე მენეჯერს ლა ლიგაში 112-112 მოგება აქვთ. საამისოდ, პეპს მხოლოდ 146 საჩემპიონატო მატჩის გამართვა დასჭირდა. 76,8% - ასეთია მოგებების ხვედრითი წილი. გვარდიოლა მხოლოდ 10-ჯერ დამარცხდა. პეპს იოჰან კრუიფის მიღწევამდე ჯერ ბევრი უკლია - ჰოლანდიელმა ლა ლიგაში "ბარსას" 183-ჯერ მოაგებინა.

ახლა რაც შეეხება მესის რეკორდს - არგენტინელი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ სეზონში, საშინაო მატჩებში, 28 გოლი გაიტანა. აქამდე რეკორდი "ბილბაოს" ლეგენდა ტელმო ზარას (1950/51 წლების სეზონი) და "ატლეტიკოს" ფეხბურთელ ბალთასარს (1988/89 წწ.) ეკუთვნოდათ - 27-27 გოლი. მესიმ "ბარსას" ყველა საშინაო მატჩში გაიტანა, ორის გარდა. "სევილიას" კატალონიელებმა საერთოდ ვერ გაუტანეს, ხოლო "სპორტინგთან" მატჩში (3:1) მესის საერთოდ არ უთამაშია.

ნავარა ბასტიონია
"ოსასუნამ" მადრიდული კლუბებისგან ორი გამანადგურებელი მარცხის მერე ("რეალი" - 1:5 და "რაიო ვალეკანო" - 0:6) ჯავრი ბარსელონურზე იყარა - "ესპანიოლი" 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემოქმედი რაულ გარსია იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა ერთმანეთზე უკეთესი გოლებით. "ესპანიოლმა" შეხვედრა 9 კაცით ჩაამთავრა - ჯერ ბრაზილიელი კოუტინიო გააძევეს, შემდეგ კი მცველი ფორლინი.

აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში "ესპანიოლს" ჰქონდა უპირატესობა და სიტუაცია მხოლოდ მეორეში შეიცვალა. "ოსასუნა" პამპლონაში დიდებულად თამაშობს. ეს ნავარული კლუბის მე-9 საშინაო გამარჯვება იყო.

კარგი გოლების დღე
თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 11 აპრილის სამივე მატჩში უკლებლივ ყველა გოლი ლამაზი გავიდა, მაგრამ განსაკუთრებით კარგები "ანოეტაზე" ვიხილეთ, სადაც "რეალ სოსიედადი" და "ბეტისი" ფრეზე გაიყარნენ - 1:1.

მასპინძელთა გოლში აღსანიშნავია კომბინაცია, რომელიც კარლოს ველამ დააგვირგვინა. კარგი იყო ანდალუსიელთა პასუხიც, რომელიც რუბენ კასტრომ დააგვირგვინა. ეს ფრე არცერთ გუნდს აწყობდა, რადგან მათ ჯერ არ გადაუწყვეტიათ მთავარი საკითხი - საბოლოოდ არ დაუბევებიათ საგაისოდ პრიმერადივიზიონში თამაში. განსაკუთრებით უკმაყოფილონი "ანოეტაზე" შეკრებილნი დარჩნენ, რომლებიც მენდილიბარის წასვლასაც მოითხოვდნენ.

იტურალდემ მოუს შეუტია
გამოცდილმა ესპანელმა არბიტრმა იტურალდე გონსალესმა, რომელმაც ახლახან დაასრულა კარიერა ფეხის ტრავმის გამო, ჟოზე მოურინიოს შეუტია. არბიტრმა მადრიდულ რადიოსთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ პორტუგალიელი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მენეჯერია, ქცევის თვალსაზრისით, ვინც კი ოდესმე უნახავს.

"ის, რასაც მოურინიო ესპანურ მოედნებზე აკეთებს, არახალია - იგივეს აკეთებდა ის ინგლისსა და იტალიაში. ჰკითხეთ ინგლისელ და იტალიელ მსაჯებსაც მასზე, ზუსტად ჩემნაირი აზრი აქვთ მოურინიოზე", - განაცხადა ბასკმა.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXII ტური
სპორტინგი-ლევანტე 3:2
სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - ორფილა (69. რიკარდო ლეონი), ბოტია, ი. ერნანდესი, კანელია - ლორა, ნაჩო კასესი - ტრეხო, კოლუნგა (60. აიოსე), დე ლას კუევასი - ბარალი (60. სანგოი).
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ვენტა, ბალესტეროსი, დ. ნავარო, ხუანფრანი (84. ღეზალი) - ფარინოსი, იბორა - ვალდო, რ. სუარესი (76. ბარკერო), ელ ჟარი (59. ბოტელიო) - კონე.
გოლები: 0:1 ვალდო (16), 1:1 ტრეხო (22), 1:2 კონე (62), 2:2 ლორა (74), 3:2 სანგოი (84)
გაფრთხილება: ლორა, ბარალი, ბოტია, ორფილა, კასესი
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 21-7; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 24-11 (5-7); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 20 000

გრანადა-ბილბაო 2:2
გრანადა (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - ნიომი, ი. ლოპესი, ბ. გომესი, სიკეირა - მოისესი, მ. რიკო - უჩე (46. მაინსი), კ. მარტინში (81. აბელი), ხაიმე - იგჰალო (63. ხეიხო).
ბილბაო (4-3-3): ირაისოსი - ირაოლა, ხ. მარტინესი, ამორებიეტა (75. გაბილონდო), აურტენეჩე (48. ი. გომესი) - ანდერი (60. ტოკერო), იტურასპე, დე მარკოსი - სუსაეტა, ფ. ლორენტე, მუნიაინი.
გოლები: 1:0 ხაიმე (2), 2:0 ხეიხო (74), 2:1 ლორენტე (81), 2:2 სუსაეტა (88)
გაფრთხილება: ნიომი - იტურასპე, ამორებიეტა, დე მარკოსი
გაძევება: ხაიმე (38)
კუთხური: 0-11; ჯარიმა: 8-13; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 9-19 (4-5); ბურთის ფლობა: 31%-69%.
მაყურებელი: 14 000

ვალენსია-ვალეკანო 4:1
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბარაგანი, რამი, რ. კოშტა, მატიო - მ. თოპალი (85. მადურო), ტინო კოსტა (59. პარეხო) - პ. ერნანდესი, ფეგული (78. კანალესი), ალბა - ჟონასი.
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხოელი - ტიტო, არიბასი, ლაბაკა (32. ტრაშორასი), პულიდო - დიამანკა (), მოვილია - ლ. ბანგურა (79. პარეხო), მიჩუ, კასადო - დ. კოშტა.
გოლები: 1:0 ჟონასი (41), 2:0 ალბა (70), 2:1 კოშტა (72), 3:1 ჟონასი (77-პენ), 4:1 პ. ერნანდესი (88)
გაფრთხილება: კოშტა, ალბა - ბანგურა, მოვილია, ტამუდო, არიბასი, მიჩუ
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 13-22; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 10-12 (7-3); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 48 700

ატლეტიკო-რეალი 1:4 (იხილეთ ვიდეო)
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, პერეა, გოდინი, ფილიპე ლუიში - ტიაგო, გაბი - არდა თურანი (77. კოკე), დიეგო, ადრიან ლოპესი - ფალკაო.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, ფ. კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია (84. კალეხონი), კაკა (46. იოზილი), რონალდო - ბენზემა (70. იგუაინი).
გოლები: 0:1 რონალდო (25), 1:1 ფალკაო (55), 1:2 რონალდო (68), 1:3 რონალდო (83-პენ), 1:4 კალეხონი (87)
გაფრთხილება: ფილიპე ლუიში, კოკე - არბელოა, ჩაბი ალონსო, დი მარია
კუთხური: 7-8; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 8-19 (4-9); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 41 000

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 32 26 4 2 104-28 82
2. ბარსელონა 32 24 6 2 94-23 78
3. ვალენსია 32 14 10 8 50-38 52
4. მალაგა 31 15 5 11 47-43 50
5. ლევანტე 32 14 6 12 46-44 48
6. ოსასუნა 32 11 13 8 37-52 46
7. ბილბაო 32 10 12 10 47-44 42
8. სევილია 31 11 9 11 36-33 42
9. ატლეტიკო 32 11 9 12 43-41 42
10. ესპანიოლი 32 11 9 12 39-43 42
11. ხეტაფე 32 11 9 12 33-43 42
12. ვალეკანო 32 12 4 16 49-57 40
13. ბეტისი 32 11 6 15 39-45 39
14. სოსიედადი 32 10 8 14 39-48 38
15. მალიორკა 31 9 10 12 32-40 37
16. გრანადა 32 10 6 16 30-48 36
17. ვილიარეალი 31 7 11 13 31-45 32
18. სარაგოსა 31 7 7 17 28-56 28
19. სპორტინგი 32 7 7 18 32-60 28
20. რასინგი 31 4 13 14 23-48 25

ბომბარდირები
40 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 39 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 21 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 20 - გონსალო იგუაინი (რეალი); 17 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 16 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 15 - მიჩუ (რაიო ვალეკანო), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული