ლა ლიგა. XXXV ტურის შეჯამება: მადრიდის "რეალი" ჩემპიონი ჯერ ვერ გახდა

AutoSharing Option
რომელია ყველაზე დაძაბული დაპირისპირება, რომელიც პრიმერას ამ სეზონს შემორჩა?

ტიტულის ბედი - ხუმრობთ? ოთხშაბათს "სან მამესზე" თუ არა, შემდეგ ტურში "რეალი" ჩემპიონი ოფიციალურად გახდება.

ბრძოლა მესამე ადგილისთვის - რომელიც მართლაც სერიოზულად დაიძაბა, ფაქტობრივად, ნულიდან იწყება და მაინც არა, არც ის...

ბრძოლა გადარჩენისთვის - რა თქმა უნდა, იქ ერთი-ორი ინტრიგა დარჩა, მაგრამ მაინც არა.

რაღა დარჩა? რა თქმა უნდა, დიდი დუელი ორ გამორჩეულ ფეხბურთელს შორის - ვინ გახდება "პიჩიჩის" მფლობელი ახალი რეკორდით (ეს უკვე უეჭველია): კრიშტიანო რონალდო თუ ლიონელ მესი? ჯერჯერობით
მათ შორის თანაფარდობაა - 43:43. კომედია იქნება, თუკი რონალდო და მესი ჯამში 100 გოლის გატანას მოახერხებენ სეზონში. ძნელია, მაგრამ ამათთვის სიტყვა შეუძლებელი უკვე არ არსებობს...

ვალდესიადა
"რაიო ვალეკანოსთან" მატჩში ვერ ვიხილეთ ვიქტორ ვალდესი. მის ნაცვლად კარში პინტო ჩადგა და სეზონის ბოლომდე ასე იქნება.

ეს კი ავტომატურად ნიშნავს, რომ ვალდესს "ზამორას ტროფეისთვის" ბრძოლაში ვეღარ დაეწევა იკერ კასილიასი, სამივე დარჩენილ შეხვედრაში კარი "მშრალად" რომ შეინახოს. ასე გახდა ვალდესი ესპანეთის საუკეთესო მეკარე მეხუთედ (ზედიზედ მეოთხედ) და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ რამალიეტსს გაუთანაბრდა.

ჩაწყობილია?
ის, რომ "სპორტინგმა" ბარსელონაში "ესპანიოლს" 3:0 მოუგო, ნამდვილად საეჭვო ფაქტია. "ესპანიოლი" ყველაფრით უკეთესი გუნდია, მაგრამ ხავიერ კლემენტეს "სპორტინგი" დარჩენისთვის იბრძვის. ესპანურ მედიაში დაიწერა, რომ ეს შეხვედრა საეჭვო მატჩების სიაში შეიტანეს და ლა ლიგის ხელმძღვანელობამ გამოძიება დაიწყო. მოგვიანებით ლიგამ ოფიციალურად უარყო ყველაფერი.

ბარსა-რეალობა
ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რა ამოძრავებდათ "ბარსელონას" ფეხბურთელებს მადრიდის გარეუბანში და რატომ გაწირეს ასე მოკრძალებული "რაიო ვალეკანო". "ელვებს" თავს კატალონიელებმა გოლების წვიმა დაატეხეს - მიზეზი კი ისევ ისაა: ხოსეპ გვარდიოლა.

ამ ჟესტით შეგირდები თავიანთ ოსტატს ემშვიდობებიან და არა გვგონია, დარჩენილ სამ მეტოქესაც ნაკლები დღე აყარონ. განსაკუთრებით გამოიდო თავი ლიონელ მესიმ, რომლის ანგარიშზე დუბლი და ორი საგოლე პასია და მერე როგორი! დაფრინავდნენ პუიოლი, პედრო, სანჩესი... მოკლედ, როგორც იტყვიან, "რაიოს" არ გაუმართლა - ძალიან ცუდ დროს შეხვდა "ბარსას" და შედეგიც საშინელი მიიღო - 0:7.

ეს მატჩი განსაკუთრებული გამოდგა ჰოლანდიელი იბრაჰიმ აფელაისთვის. მან ბოლო 20 წუთი ითამაშა მძიმე ტრავმით გამოწვეული 7,5-თვიანი (!) იძულებითი შესვენების შემდეგ. გარემარბი, როგორც იქნა, დაუბრუნდა ფეხბურთს. ლაზარეთს კი ალექსის სანჩესი მიუბრუნდა, თუმცა ჩილელის დაზიანება არ არის რთული. ის მხოლოდ ოთხშაბათის მატჩს გამოტოვებს "მალაგასთან".

* პინტო ლა ლიგის სეზონში პირველად ჩადგა კარში.

* "ბარსამ" ზედიზედ მე-7 საგარეო მატჩი მოიგო.

* "ბარსამ" ამ ანგარიშით ლა ლიგაში მეოთხედ მოიგო.

* გუნდმა 104 გოლი გაიტანა და 1989/90 წლების რეკორდის გამეორებამდე გოლიღა აკლია.

"რეალმა" მანამდე "სევილია" "მოკრძალებული" ანგარიშით გაანადგურა - 3:0. სერხიო რამოსს კი ვერა და ვერ დაუვიწყებია პენალტი, რომელიც მან "ბაიერნის" კარისკენ (მგონი, არაზუსტი ნათქვამია) დაარტყა. თუმცა მსოფლიოს ჩემპიონი მცველი აღნიშნავს, რომ შოკის გადატანაში "რეალის" ერთგული ფანები ეხმარებიან.

* "რეალს" უკვე 112 გოლი აქვს გატანილი ლა ლიგაში.

* თამაშის წინ "რეალის" ფეხბურთელები სერხიო კანალესის მხარდაჭერის ბანერით გამოვიდნენ. შეგახსენებთ, რომ კანალესი "რეალის" ფეხბურთელია და "ვალენსიაში
" იჯარით თამაშობს. მან "ატლეტიკოსთან" მატჩში უმძიმესი ტრავმა მიიღო და სულ მცირე, 6 თვეს გამოტოვებს.

ბარსელონას დარჩენილი 3 მატჩი
(2 შინ, 1 სტუმრად)
ბარსელონა-მალაგა
ბარსელონა-ესპანიოლი
ბეტისი-ბარსელონა

რეალის დარჩენილი 3 მატჩი
(1 შინ, 2 სტუმრად)
ბილბაო-რეალი
გრანადა-რეალი
რეალი-მალიორკა

მესი VS რონი
კრიშტიანო რონალდომ 90 წუთი ითამაშა "სევილიასთან" 3:0-ით დასრულებულ მატჩში. მან 5-ჯერ დაარტყა კარისკენ, 2-ჯერ ზუსტად, გაიტანა გოლი. მის წინააღმდეგ სამჯერ დაჯარიმდნენ და თავად ერთხელ მოხვდა თამაშგარე მდგომარეობაში.

ლიონელ მესიმ 90 წუთი ითამაშა "რაიო ვალეკანოსთან" 7:0-ით დასრულებულ მატჩში. მან 7-ჯერ დაარტყა კარისკენ, 3-ჯერ ზუსტად, გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 2 საგოლე პასი. მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ.

ლეო მესი გოლების რაოდენობითაც გაუთანაბრდა კრიშტიანო რონალდოს და ჩვენს "ტურნირშიც" დაეწია - 21:21.

ტურის სიმბოლური ნაკრები
Goal.com 3-4-3

ვისენტე გუაიტა (ვალენსია, 2) - კარლეს პუიოლი (ბარსელონა, 5), სერხიო ბალესტეროსი (ლევანტე, 6), ალბერტო ბოტია (სპორტინგი, 1) - რუბენ სუარესი (ლევანტე, 1), რაულ გარსია (ოსასუნა, 5), სეიდუ კეიტა (ბარსელონა, 2), ანტუან გრიზმანი (რეალ სოსიედადი, 5) - ლიონელ მესი (ბარსელონა, 15), ქარიმ ბენზემა (რეალი, 5), კრიშტიანო რონალდო (რეალი, 16).

რონალდო ზედიზედ მესამედ მოხვდა სიმბოლურში. პორტუგალიელი უკვე მე-16-ედ გამოარჩიეს. მესი მას ერთი მოხვედრით ჩამორჩება. ამ ტურში ყველაზე მეტი ბარსელონელი მოხვდა სიმბოლურში - 3.

ტურის გმირი

იგნასიო კამაჩო (მალაგა)

21 წლის ნაჩო კამაჩოს ჯერ არ დაუმკვიდრებია ადგილი "მალაგას" ძირითად შემადგენლობაში, თუმცა "ვალენსიასთან" ძალზე მნიშვნელოვან შეხვედრაში ენდნენ და მანაც შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა. 28-ე წუთზე მან თავით გუაიტას კარის მარჯვენა კუთხეში გადაგზავნა ბურთი.

ტურის ფრაზები

ამჯერად ოდნავ გადავუხვევთ - ჩვეული ფრაზების მაგივრად, მხოლოდ იმ გამონათქვამებს შემოგთავაზებთ, რომლებიც ხოსეპ გვარდიოლას "ბარსადან" წასვლას შეეხება.

აიტორ კარანკა: "ლა ლიგა გვარდიოლამდეც არსებობდა და მის მერეც იქნება", - ჟოზე მოურინიოს ასისტენტის უცნაური კომენტარი კოლეგაზე.

ხოსეპ გვარდიოლა: "თავიდან ბოლომდე ვეთანხმები კარანკას - ლა ლიგა ჩემს მერეც იარსებებს", - პეპის პასუხი.

ფრანც ბეკენბაუერი: "გვარდიოლა "ბაიერნს" გამოადგებოდა, მაგრამ მან გერმანული არ იცის", - კაიზერის ხმამაღალი ფიქრი.

ემილიო ბუტრაგენიო: "გვარდიოლამ "ბარსელონაში" ფენომენური სამუშაო გასწია. ამ კლუბისთვის პეპი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია", - "რეალის" დირექტორი.

კარლეს პუიოლი: "გვარდიოლას წასვლით ჩვენ სერიოზული დარტყმა მივიღეთ. ერთადერთი კარგი, რაც შევიტყვეთ, ისაა, რომ ტიტო მოდის", - "ბარსას" კაპიტანი.

ხოსეპ გვარდიოლა: "რაიო ვალეკანოსთან" მატჩში ჩვენი ძალა გამოვაჩინეთ", - 7:0 მოგების შემდეგ.

ესპანური ფეხბურთის სისუსტე - მსაჯები
მატეუ ლაოსი (რეალი-სევილია) - 3 "მარკა" (10-ბალიანი შეფასებით)
რა დააშავა: მე-4 წუთზე "სევილიას" (ფასიო) წესების დაცვით გატანილი გოლი გაუუქმა. რამდენჯერმე შეცდნენ მისი თანაშემწეებიც თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებისას.

ტურის ხუთი საუკეთესო გოლი
1. ედუ ორიოლი (სარაგოსა) "ბილბაოს" კარში.
2. ნაჩო კამაჩო (მალაგა) "ვალენსიას" კარში (საგოლე პასი: ხესუს გამესი).
3. სეიდუ კეიტა (ბარსელონა) "რაიო ვალეკანოს" კარში (საგოლე პასი: ლიონელ მესი).
4. პედრო (ბარსელონა) მე-2 გოლი "რაიო ვალეკანოს" კარში (საგოლე პასი: ლიონელ მესი).
5. კრიშტიანო რონალდო (რეალი) "სევილიას" კარში (საგოლე პასი: ქარიმ ბენზემა).

ტურის სტატისტიკა
33 გოლი ტურში (3,3 მატჩში). 5 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 2 ფრედ დასრულდა და 3 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 50 ყვითელი და 1 წითელი ბარათი დაარიგეს.
ჰეთ თრიკი: არავინ
დუბლი: ქარიმ ბენზემა (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა), პედრო (ბარსელონა), ანტუან გრიზმანი (რეალ სოსიედადი).
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ხაირო სამპერიო (რასინგი, 18 წლის)
ყველაზე მეტი მაყურებელი: 75 000 - "სანტიაგო ბერნაბეუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 11 000 - "ალფონსო პერეს კოლისეუმი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 22 - ატლეტიკო
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 9 - მალიორკა
ყველაზე მეტი ჯარიმა: 27 - ვალენსია
ყველაზე მეტი კუთხური: 10 - ესპანიოლი, ატლეტიკო
ყველაზე მეტი თამაშგარე: 8 - სპორტინგი
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 73% - ბარსელონა

ლა ლიგა. XXXV ტური

ხეტაფე-მალიორკა 1:3
საუკეთესო: ვიქტორ კასადესუსი (მალიორკა)

სოსიედადი-რასინგი 3:0
საუკეთესო: ანტუან გრიზმანი (რეალ სოსიედადი)

ესპანიოლი-სპორტინგი 0:3
საუკეთესო: ალბერტო ბოტია (სპორტინგი)

ლევანტე-გრანადა 3:1
საუკეთესო: ვალდო (ლევანტე)

ვილიარეალი-ოსასუნა 1:1
საუკეთესო: რაულ გარსია (ოსასუნა)

რეალი-სევილია 3:0
საუკეთესო: ქარიმ ბენზემა (რეალი)

სარაგოსა-ბილბაო 2:0
საუკეთესო: ელდერ პოშტიგა (სარაგოსა)

მალაგა-ვალენსია 1:0
საუკეთესო: ვისენტე გუაიტა (ვალენსია)

ბეტისი-ატლეტიკო 2:2
საუკეთესო: ალეხანდრო პოსუელო (ბეტისი)

ვალეკანო-ბარსელონა 0:7
საუკეთესო: ლიონელ მესი (ბარსელონა)

სატურნირო მდგომარეობა

ა გთ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 35 29 4 2 112-30 91
2. ბარსელონა 35 26 6 3 104-26 84
3. ვალენსია 35 15 10 10 54-43 55
4. მალაგა 35 16 7 12 51-47 55
5. ლევანტე 35 15 7 13 51-48 52
6. ატლეტიკო 35 13 10 12 49-44 49
7. ბილბაო 35 12 12 11 49-46 48
8. ოსასუნა 35 11 15 9 39-55 48
9. სევილია 35 12 10 13 41-42 46
10. მალიორკა 35 12 10 13 39-42 46
11. ესპანიოლი 35 12 9 14 44-49 45
12. ხეტაფე 35 12 9 14 39-48 45
13. სოსიედადი 35 11 10 14 44-50 43
14. ბეტისი 35 12 7 16 42-51 43
15. ვალეკანო 35 12 4 19 50-67 40
16. გრანადა 35 11 6 18 32-52 39
17. ვილიარეალი 35 8 14 13 36-49 38
18. სარაგოსა 35 9 7 19 31-60 34
19. სპორტინგი 35 9 7 19 38-64 34
20. რასინგი 35 4 14 17 24-56 26

ბომბარდირები
43 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა); 23 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 21 - გონსალო იგუაინი (რეალი); 20 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 17 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 16 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 15 - მიჩუ (რაიო ვალეკანო), არუნა კონე (ლევანტე); 14 - რუბენ კასტრო (ბეტისი).

ასისტენტები
16 - ლიონელ მესი (ბარსელონა), მესუთ იოზილი (რეალი); 15 - ანხელ დი მარია (რეალი); 11 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), დანი ალვეში (ბარსელონა); 9 - ხესუს ნავასი (სევილია).

გოლი+პასი
59 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 54 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 27 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 26 - გონსალო იგუაინი (რეალი); 25 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 20 - რობერტო სოლდადო (ვალენსია), ანხელ დი მარია (რეალი).

ზამორას ტროფეი
0,76 (გოლი/მატჩში) - ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა); 0,86 - იკერ კასილიასი (რეალი); 1,16 - ტიბო კურტუა (ატლეტიკო); 1,24 - დუდუ ავატე (მალიორკა); 1,25 - ვილი კაბალიერო (მალაგა).

XXXVI ტური
1 მაისი
ხეტაფე-რასინგი 14:00

დიკვალიფიკაცია: მიკუ (ხეტ)
ტრავმა: ლოპო, უსტარი, ლოპესი - არანა

გრანადა-ესპანიოლი 20:00

ტრავმა: ფ. რიკო, რობერტო, დიახატე, მაინსი, უჩე, ბენიტესი, იებდა - მატიონი, ალბინი

სპორტინგი-ვილიარეალი 22:00

დიკვალიფიკაცია: აიოსე (სპორტ)
ტრავმა: ერნანდესი, ეგურენი, კარმელო, კანელია - ორიოლი (?), როსი

2 მაისი
ატლეტიკო-რეალ სოსიედადი, ბარსელონა-მალაგა, სევილია-ბეტისი, მალიორკა-რაიო ვალეკანო, სარაგოსა-ლევანტე, ვალენსია-ოსასუნა, ბილბაო-რეალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული