ლა ლიგა. ბოლოსწინა ტურის შეჯამება: სად უნდა დაუდგან ძეგლი "გრანადა"-"რეალის" მსაჯს

AutoSharing Option
ტურს ლაიტმოტივად ხოსეპ გვარდიოლას "ბარსელონასთან" დამშვიდობება გაჰყვა. ლა ლიგამ ბოლოსკენ ცოტა ინტრიგა მოიტოვა - პირველი სამეული გარკვეულია, "პიჩიჩიში" ლეო მესის ვეღარ შეეცილება კრიშტიანო რონალდო - ჩამორჩენა ხუთი გოლია.

საბრძოლოა ლიგის საგზურის (ოღონდ პლეი ოფიდან) მომტანი მე-4 ადგილი, ევროპალიგის ორი საგზური და, რა თქმა უნდა, გადარჩენისთვის ბრძოლამ პიკს მიაღწია.

ძალიან დაიძაბა მზის ქვეშ ადგილისთვის ბრძოლა. დარჩენის შანსი ხიხონის "სპორტინგსაც" გაუჩნდა. ამისთვის ხავიერ კლემენტეს გუნდმა სტუმრად "მალაგა" უნდა დაამარცხოს, ხოლო "რაიო ვალეკანომ" და "სარაგოსამ" წააგონ. ვფიქრობთ, სიტყვა შანსი მეტისმეტად ოპტიმისტური გამოგვივიდა. აი,
ვინ იქნება მესამე უიღბლო ("რასინგისა" და, ალბათ, მაინც "სპორტინგის" შემდეგ) ძნელი გამოსაცნობია - საფრთხე ერთბაშად 4 კლუბს ემუქრება.

7 მაისს გაუწყეთ იმ ინციდენტის შესახებ, რომელიც ანდალუსიაში "გრანადა"-"რეალის" მატჩის დასრულებისთანავე მოხდა - მასპინძელთა ნახევარმცველმა დანი ბენიტესმა მსაჯ კლოს გომესს ბოთლი სახეში მოარტყა (იხილეთ ვიდეო). "მივქარე, ძალიან მივქარე. ბოდიში მსაჯს, ყველას. მაპატიეთ", - ამბობს ბენიტესი, მაგრამ ეს მონანიება მას ვეღარ უშველის. ესპანელ ფეხბურთელს 6 თვიდან წლამდე დისკვალიფიკაცია ელის.

ბარსა-რეალობა
სხვათა შორის, იმის მიუხედავად, რომ თამაშის ბოლოს გრანადაში ცუდი ამბები დატრიალდა, მასპინძელთა გუნდს არ დავიწყებია "რეალის" ფეხბურთელებისთვის საჩემპიონო დერეფნის მოწყობა და ლა ლიგის ტიტულის მილოცვა.

ეს გამარჯვება მე-60 იყო ჟოზე მოურინიოსთვის ლა ლიგაში. ამ მაჩვენებლით პორტუგალიელი უკვე მეხუთე ადგილზეა კლუბის ისტორიაში. არადა, ჯერ ორი სეზონია, გუნდს წვრთნის. ყველაზე მეტი გამარჯვება "რეალს" მიგელ მუნიოსმა მოაპოვებინა (257).

მისი დაწევა მოუს გაუჭირდება. აი, სხვები კი ახლო დისტანციაზე არიან: ლეო ბეენჰაკერი (89), ვისენტე დელ ბოსკე (84) და ლუის მოლოუნი (74). მათი დაწევა განსაკუთრებულს, თეორიულად, მომავალ სეზონშივე შეუძლია.

როდესაც "ბარსელონა" თამაშობს, ერთი რამ ცხადია - ბურთს მეტად ეს გუნდი ფლობს. ასეა 2008 წლის 7 მაისიდან! მაშინ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ფრანკ რაიკაარდის "ბარსას" "რეალმა" 4:1 მოუგო. მოკლედ, პეპი უნიკალური მიღწევით დაემშვიდობა გუნდს - მისი მწვრთნელობის პერიოდში "ბარსა" 50-ზე მეტი პროცენტით ფლობდა ბურთს.

მესი VS რონი
ჩვენი "ტურნირის" გამარჯვებული: ლიონელ მესი

ლიონელ მესიმ 90 წუთი ითამაშა "ესპანიოლთან" 4:0 დასრულებულ შეხვედრაში. მან 6-ჯერ დაარტყა კარისკენ, 4-ჯერ ზუსტად, გაიტანა 4 გოლი (2 პენალტით). არგენტინელის წინააღმდეგ 2-ჯერ დაარღვიეს წესი, მესი 2-ჯერ მოხვდა თამაშგარე მდგომარეობაში.

კრიშტიანო რონალდომ 90 წუთი ითამაშა "გრანადასთან" 2:1 დასრულებულ შეხვედრაში. მან 6-ჯერ დაარტყა კარისკენ, 2-ჯერ ზუსტად, გოლი გაიტანა (პენალტით). პორტუგალიელის წინააღმდეგ 5-ჯერ დაარღვიეს წესი, თავად ერთხელ დაჯარიმდა და ორჯერ მოხვდა თამაშგარე მდგომარეობაში.

ეს ტური მესიმ მოიგო და ჩვენს "ტურნირში" 23:21 დაწინაურდა. ვინაიდან, "ელ კლასიკოს" გარდა, გამარჯვებულს ტურში მხოლოდ ქულა ერიცხება, მესი უკვე გამარჯვებულია.

ტურის სიმბოლური ნაკრები
Goal.com. 4-3-3

დიეგო ლოპესი (ვილიარეალი, 2) - მარტინ მონტოია (ბარსელონა, 1), კარლეს პუიოლი (ბარსელონა, 6), ბორხა გომესი (გრანადა, 1), ხორდი ალბა (ვალენსია, 3) - ხესუს ნავასი (სევილია, 3), რაულ გარსია (ოსასუნა, 6), ანხელ ლაფიტა (სარაგოსა, 2) - ლიონელ მესი (ბარსელონა, 16), გასტონ სანგოი (სპორტინგი, 1), ბაბაკარ დიავარა (სევილია, 1)

მაშინ, როცა მარტინ მონტოია სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოხვდა, მისი თანაგუნდელი ლეო მესისთვის ეს მე-16 მოხვედრაა.

მონტოიას გარდა, 3 დებიუტანტი იყო: უკრაინიდან დაბრუნებული მცველი ბორხა გომესი, არგენტინელი ფორვარდი გასტონ სანგოი და "სევილიას" შემტევი პაპა ბაბაკარ დიავარა, რომელმაც სეზონი მადეირულ "მარიტიმუში" დაიწყო.

ტურის გმირი
ლიონელ მესი (ბარსელონა)

როცა ერთ ფეხბურთელს მატჩში 4 გოლი გააქვს, როგორ შეიძლება სხვა იყოს ტურის გმირი; თუნდაც ეს მატჩი გუნდისთვის სატურნირო თვალსაზრისით არაფერს ნიშნავდეს...

ტურის ფრაზები
მიგელ ანხელ ლოტინა: "კვირაში ორჯერ თამაში ძვირად დაგვიჯდა", - "ვილიარეალის" თავკაცს "დაავიწყდა", რომ მეტოქემაც ორჯერ ითამაშა კვირაში.

ხოსეპ გვარდიოლა: "ბარსას" მწვრთნელებს საუკეთესო ფეხბურთელებს ვუტოვებ", - პეპის მატჩისშემდგომი კომენტარი.

მაურისიო პოჩეტინო: "ესპანიოლის" ფეხბურთელები თავს მსაჯებისგან დამცირებულად გრძნობენ", - არგენტინელი ტეიშეირა ვიტიენესის მსაჯობამ აღაშფოთა ბარსელონურ დერბიში.

მანუელ პელეგრინი: "ეს არის ძალიან უსამართლო მარცხი", - "ატლეტიკოსთან" წაგების შემდეგ.

დიეგო სიმეონე: "არა მგონია, იანვარში "ატლეტიკოს" რომელიმე ფანს გაეპროტესტებინა ეს სიტუაცია", - "ატლეტიკოს" არგენტინელი თავკაცი.

ხავიერ მასკერანო: "გვარდიოლამ მე სულ სხვა ფეხბურთელად მაქცია", - "ბარსას" არგენტინელი ლეგიონერის კომენტარი.

კიკე პინა: "კლოს გომესს სარაგოსელებმა ძეგლი უნდა დაუდგან", - "გრანადას" პრეზიდენტი, რომელიც "რეალთან" მატჩში კლოს გომესის მსაჯობით უკმაყოფილო იყო.

უნაი ემერი: "ეს იყო ჩემი საუკეთესო სეზონი "ვალენსიაში", - "ვალენსიას" ბასკი თავკაცი, რომელიც გუნდს გამოეთხოვა.

ესპანური ფეხბურთის სისუსტე - მსაჯები
მუნის ფერნანდესი (ატლეტიკო-მალაგა) - 2 "მარკა" (10-ბალიანი შეფასებით)
რა დააშავა: "მალაგას" მატჩის მიწურულს ნაღდი გოლი არ ჩაუთვალა.

ტურის ხუთი საუკეთესო გოლი
1. ელიზეუ (მალაგა) "ატლეტიკოს" კარში.
2. ადრიან ლოპესი (ატლეტიკო) "მალაგას" კარში (საგოლე პასი: რადამელ ფალკაო).
3. ლიონელ მესი (ბარსელონა) მე-3 გოლი "ესპანიოლის" კარში (საგოლე პასი: ადრიანო).
4. ლიონელ მესი (ბარსელონა) პირველი "ესპანიოლის" კარში (საჯარიმო დარტყმა).
5. კალა (სევილია) "რაიო ვალეკანოს" კარში (საგოლე პასი: ივან რაკიტიჩი).

ტურის სტატისტიკა
26 გოლი ტურში (2,6 მატჩში). 8 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 1 ფრედ დასრულდა და 1 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 62 ყვითელი და 2 წითელი ბარათი დაარიგეს.

პოკერი: ლიონელ მესი (ბარსელონა)
დუბლი: დიეგო კოშტა (რაიო ვალეკანო), ბაბაკარ დიავარა (სევილია), გასტონ სანგოი (სპორტინგი)
პიოტრ ტროხოვსკიმ (სევილია) ვერ გაიტანა პენალტი
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: პაბლო მარი (მალიორკა, 18 წლის)
ყველაზე მეტი მაყურებელი: 98 800 - "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 15 100 - "ელ მოლინონი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 29 - სარაგოსა
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 10 - ოსასუნა
ყველაზე მეტი ჯარიმა: 24 - ოსასუნა
ყველაზე მეტი კუთხური: 12 - სარაგოსა
ყველაზე მეტი თამაშგარე: 9 - სპორტინგი
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 64% - ბარსელონა

ლა ლიგა. XXXVII ტური

ბილბაო-ხეტაფე 0:0
საუკეთესო: პედრო ლეონი (ხეტაფე)

ატლეტიკო-მალაგა 2:1
საუკეთესო: ადრიან ლოპესი (ატლეტიკო)

ბარსელონა-ესპანიოლი 4:0
საუკეთესო: ლიონელ მესი (ბარსელონა)

სპორტინგი-ბეტისი 2:1
საუკეთესო: გასტონ სანგოი (სპორტინგი)

გრანადა-რეალი 1:2
საუკეთესო: ბორხა გომესი (გრანადა)

მალიორკა-ლევანტე 1:0
საუკეთესო: გონსალო კასტრო (მალიორკა)

ოსასუნა-სოსიედადი 1:0
საუკეთესო: იბრაჰიმა ბალდე (ოსასუნა)

სევილია-ვალეკანო 5:2
საუკეთესო: ხესუს ნავასი (სევილია)

ვალენსია-ვილიარეალი 1:0
საუკეთესო: ხორდი ალბა (ვალენსია)

სარაგოსა-რასინგი 2:1
საუკეთესო: ანხელ ლაფიტა (სარაგოსა)

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 37 31 4 2 117-31 97
2. ბარსელონა 37 28 6 3 112-27 90
3. ვალენსია 37 17 10 10 59-43 61
4. მალაგა 37 16 7 14 53-53 55
5. ატლეტიკო 37 14 11 12 52-46 53
6. მალიორკა 37 14 10 13 41-42 52
7. ლევანტე 37 15 7 15 51-50 52
8. ოსასუნა 37 12 15 10 40-59 51
9. ბილბაო 37 12 13 12 49-49 49
10. სევილია 37 13 10 14 47-46 49
11. ხეტაფე 37 12 11 14 40-49 47
12. ბეტისი 37 13 7 17 45-54 46
13. ესპანიოლი 37 12 9 16 45-55 45
14. სოსიედადი 37 11 11 15 45-52 44
15. გრანადა 37 12 6 19 35-55 42
16. ვილიარეალი 37 9 14 14 39-52 41
17. ვალეკანო 37 12 4 21 52-73 40
18. სარაგოსა 37 11 7 19 34-61 40
19. სპორტინგი 37 10 7 20 42-68 37
20. რასინგი 37 4 15 18 26-59 27

ბომბარდირები
50 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 45 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 23 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 22 - გონსალო იგუაინი (რეალი); 20 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 17 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 16 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 15 - არუნა კონე (ლევანტე), მიჩუ (რაიო ვალეკანო); 14 - რუბენ კასტრო (ბეტისი); 13 - ალვარო ნეგრედო (სევილია).

ასისტენტები
17 - მესუთ იოზილი (რეალი); 16 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 15 - ანხელ დი მარია (რეალი); 12 - ხესუს ნავასი (სევილია), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 11 - დანი ალვეში (ბარსელონა); 9 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), გონსალო კასტრო (მალიორკა), ჩაბი ალონსო (რეალი).

გოლი+პასი

66 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 57 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 27 - გონსალო იგუაინი (რეალი), ქარიმ ბენზემა (რეალი); 26 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 20 - რობერტო სოლდადო (ვალენსია), ანხელ დი მარია (რეალი).

ზამორას ტროფეი
0,76 - ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა); 0,86 - იკერ კასილიასი (რეალი); 1,17 - ტიბო კურტუა (ატლეტიკო); 1,2 - დუდუ ავატე (მალიორკა); 1,31 - მიგელ ანხელ მოია (ხეტაფე).

ბოლო ტური
13 მაისი: ბეტისი-ბარსელონა, ესპანიოლი-სევილია, ხეტაფე-სარაგოსა, ლევანტე-ბილბაო, მალაგა-სპორტინგი, რაიო ვალეკანო-გრანადა, რეალი-მალიორკა, რეალ სოსიედადი-ვალენსია, რასინგი-ოსასუნა, ვილიარეალი-ატლეტიკო.

"სად უნდა დაუდგან ძეგლი "გრანადა"-"რეალის" მსაჯს" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული