ლა ლიგა. ბოლო ტურის წინ: პეპ გვარდიოლამ ერთწლიანი ტაიმაუტი აიღო

AutoSharing Option
ბოლო ტური ბოლო ტურად, ფეარ პლეი ფეარ პლეიდ, მაგრამ ტელევიზიას თავისი სურს - ამიტომაც ესპანეთის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის ყველა მატჩი ერთდროულად არ გაიმართება.

ესპანური ფეხბურთის მამებმა ბევრი არ იფიქრეს და ის ორი თამაშიც აღმოაჩინეს, რომელთა შედეგებს პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ აქვთ.

სწორედ ეს ორი თამაში გადმოიტანეს 12 მაისისთვის. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ერთში მოქმედი ჩემპიონი (უკანასკნელად ვწერთ ასე) "ბარსელონა" მონაწილეობს, მეორეში კი - "ვალენსია".

აი, დანარჩენ 8 შეხვედრას კი შერჩა ინტრიგა... მეტ-ნაკლებად. და რა უნდა გაირკვეს ბოლო ტურში? ჩემპიონთა ლიგის
ბოლო, მე-4 საგზურის მფლობელი. იმ ორი გუნდის ვინაობა, რომლებიც გაისად ევროპალიგაზე ითამაშებენ და ორი უიღბლოც, რომლებიც ლა ლიგას დაემშვიდობებიან.

პინტოს აღმართში ქვა დაეწიაო
12 მაისს ლა ლიგაში ბოლოჯერ გაუძღვება ხოსეპ გვარდიოლა "ბარსას", ამის შემდეგ კიდევ ერთხელ - 25 მაისს "კოპა დელ რეის" ფინალში - გაიყვანს გუნდს და შემდეგ მართვის სადავეებს ტიტო ვილანოვას გადაულოცავს - "ბარსა" ანდალუსიაში ჩადის, სტუმრად "ბეტისთან".

11 მაისს გვარდიოლამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც, როგორც იქნა, თქვა მთავარი: "ერთ წელიწადს ფეხბურთისგან დავისვენებ, მერე კი ვნახოთ", - ვფიქრობთ, ამით უნდა დაესვას წერტილი მითქმა-მოთქმას, რომლის მთავარი "გმირიც" პეპი იყო, მას ხან "მანჩესტერ სიტიში" "ნიშნავდნენ", ხან - "ჩელსიში", ხან "მილანში" და ხან კიდევ სად...

კატალონიელები სევილიაში დანაკლისით მიდიან. ვილიას, ფონტასის, აბიდალის შესახებ ისედაც ცნობილი იყო, ალექსის სანჩესი ვერ ასწრებს გამოჯანმრთელებას. კარლეს პუიოლი 12 მაისს იკეთებს ოპერაციას. სევილიაში შეიძლება ითამაშოს ოიერ ოლასაბალმა, რადგან ხოსე პინტომ ვარჯიშზე კოჭი იტკინა და ვეტერანი გოლკიპერის თამაში გამორიცხულია. არადა, გვარდიოლა სწორედ მას ამზადებდა თასის ფინალისთვის.

ევროსაგზურები
* მე-4 ადგილისთვის ბრძოლაში ფავორიტი "მალაგაა", რომელსაც 55 ქულა აქვს და შინ "სპორტინგს" ეთამაშება. მართალია, ხიხონელები აუტსაიდერები არიან, მაგრამ მათ ჯერ კიდევ აქვთ ლა ლიგაში დარჩენის მცირე შანსი, ამიტომ ბოლომდე იბრძოლებენ.

* ანდალუსიურ კლუბს 2 ქულით ჩამორჩება ევროპალიგის ტრიუმფატორი "ატლეტიკო", რომელსაც "ვილიარეალთან" სტუმრობა ელის. "ელ მადრიგალზე" დიდი ბრძოლა იქნება, "წყალქვეშა ნავს" ბოლომდე არ გაუნაღდებია დარჩენა. თუკი ეს ორი გუნდი ("მალაგა" და "ატლეტიკო") თანაბარ ქულებს მოაგროვებენ (ანუ 56-56-ს), ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკო" ითამაშებს (ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო).

* 52-52 ქულა აქვთ "ლევანტეს" და "მალიორკას", "ოსასუნას" 51 ქულა აქვს.

* "მარკას" მკითხველთა 35% მიიჩნევს, რომ ევროპალიგის საგზურს "ლევანტე" მოიპოვებს. შემდეგ მოდის "ატლეტიკო" - 25,9%. მხოლოდ 17,2%-ს სჯერა "ოსასუნას" შანსის, ხოლო "მალიორკასი" - 11,2%-ს. 10,2% მიიჩნევს, რომ "მალაგა" ჩემპიონთა ლიგას ვერ შეწვდება და ევროპალიგით დაკმაყოფილება მოუწევს.

ბრძოლა მზის ქვეშ ადგილისთვის
"რასინგი" უკვე გავარდნილია, "სპორტინგს" 37 ქულა და თეორიული შანსი აქვს. აი, მესამე "საგზურისთვის" კი დიდი "ომია": "სარაგოსას" და "რაიო ვალეკანოს" 40-40 ქულა აქვთ; "ვილიარეალს" - 41; ხოლო "გრანადას" - 42.

რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ესპანეთში მიაჩნიათ, რომ სწორედ "გრანადა" გავარდება ამ კვარტეტიდან. და აი, რატომ: "გრანადას" 4 წამყვანი ფეხბურთელი ჰყავს დისკვალიფიცირებული და ჩადის მადრიდში უშუალო კონკურენტ "რაიო ვალეკანოსთან" სათამაშოდ.

* "მარკას" მკითხველთა ხმები ასე განაწილდა. ვარდებიან: "სპორტინგი" (43%), "გრანადა" (17), "რაიო ვალეკანო" (16), "ვილიარეალი" (12), "სარაგოსა" (11,5).

ესპანეთი. ლა ლიგა. ბოლო ტური
12 მაისი
სოსიედადი-ვალენსია 22:00
დისკვალიფიკაცია: რამი (ვალ)
ტრავმა: მარტინესი, ბერგარა - ბანეგა, კანალესი

ბეტისი-ბარსელონა 00:00
ტრავმა: მატილია, უსტარიცი, ნელსონი, ხუანმა, მარიო, ირინეი (?) - პუიოლი, ვილია, აბიდალი, ფონტასი, პინტო, სანჩესი (?)

13 მაისი
ესპანიოლი-სევილია 22:00
დისკვალიფიკაცია: გომესი - მედელი
ტრავმა: ალბინი, მატიონი, ს. გარსია (?) - სპაჰიჩი, კანუტე, ესკუდე

ხეტაფე-სარაგოსა 22:00
დისკვალიფიკაცია: კატა დიასი, როდრიგესი - ლანძარო
ტრავმა: უსტარი, ლოპო - არანდა

ლევანტე-ბილბაო 22:00
დისკვალიფიკაცია: მუნუა (ლევ)
ტრავმა: კონე - ოსიო, მარტინესი, კასტილიო

მალაგა-სპორტინგი 22:00
დისკვალიფიკაცია: ველიგტონი (მალ)
ტრავმა: კაბალიერო, მარესკა, მატეისენი, ტულალანი, ბაპტიშტა - მენდი, ერნანდესი, ტრეხო (?), კარმელო, კანელია, დე ლას კუევასი (?), ეგურენი (?)

ვალეკანო-გრანადა 22:00
დისკვალიფიკაცია: სიკეირა, მოისესი, ბენიტესი, ხეიხო (გრან)
ტრავმა: ფუეგო, პერეირა, არმენტეროსი (?) - იებდა, დიახატე, რობერტო, ფ. რიკო, მაინსი (?)

რეალი-მალიორკა 22:00
ტრავმა: ალვარო, კევინი, ნუნიეში, ნსუე (მალ)

რასინგი-ოსასუნა 22:00
დისკვალიფიკაცია: პუნიალი (ოს)
ტრავმა: ბაბაკარი, მუნიტისი, არანა (?) - ლოლო, ეჩაიდე, კიკე სოლა, მასუდი

ვილიარეალი-ატლეტიკო 22:00
დისკვალიფიკაცია: დე გუზმანი, სესარი - არდა თურანი
ტრავმა: კანი, როსი - ა. ლოპესი, სილვიო

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 37 31 4 2 117-31 97
2. ბარსელონა 37 28 6 3 112-27 90
3. ვალენსია 37 17 10 10 59-43 61
4. მალაგა 37 16 7 14 53-53 55
5. ატლეტიკო 37 14 11 12 52-46 53
6. მალიორკა 37 14 10 13 41-42 52
7. ლევანტე 37 15 7 15 51-50 52
8. ოსასუნა 37 12 15 10 40-59 51
9. ბილბაო 37 12 13 12 49-49 49
10. სევილია 37 13 10 14 47-46 49
11. ხეტაფე 37 12 11 14 40-49 47
12. ბეტისი 37 13 7 17 45-54 46
13. ესპანიოლი 37 12 9 16 45-55 45
14. სოსიედადი 37 11 11 15 45-52 44
15. გრანადა 37 12 6 19 35-55 42
16. ვილიარეალი 37 9 14 14 39-52 41
17. ვალეკანო 37 12 4 21 52-73 40
18. სარაგოსა 37 11 7 19 34-61 40
19. სპორტინგი 37 10 7 20 42-68 37
20. რასინგი 37 4 15 18 26-59 27

ბომბარდირები
50 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 45 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 23 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 22 - გონსალო იგუაინი (რეალი); 20 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 17 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 16 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 15 - არუნა კონე (ლევანტე), მიჩუ (რაიო ვალეკანო); 14 - რუბენ კასტრო (ბეტისი); 13 - ალვარო ნეგრედო (სევილია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული