ლა ლიგა. შეჯამება: მოკლედ და მთავარზე...

AutoSharing Option
მაშ ასე, ორი ბედაურის მორიგი დოღი სახელად, ლა ლიგა, დასრულებულია - "რეალმა" "ბარსელონა" 3-წლიანი ზეობიდან დაიფრინა და 32-ე ტიტული მოიგო.

"ბარსას" დამამშვიდებელი, ინდივიდუალური პრიზები შეხვდა - ლეო მესიმ რეკორდულად ბევრი, 50 გოლი გაიტანა და ბომბარდირობა არავის დაანება, ხოლო ვიქტორ ვალდესი კვლავ ლიგის საუკეთესო მეკარე გახდა. მაშინ, როცა ჟოზე მოურინიო მყარად რჩება "სანტიაგო ბერნაბეუზე", "კამპ ნოუზე" დიდი ცვლილებაა - იქ ხოსეპ გვარდიოლას ხანა დასრულდა.

ორმა გრანდმა სეზონის განმავლობაში ენითაუწერელი რაოდენობის რეკორდი დაამხო და დანარჩენ სამყაროს 39 ქულით (!) გაასწრო. "ვალენსიას" ცოტაოდენი
რყევის შემდეგ მაინც შეხვდა თავისი - მესამე ადგილი და ლიგის საგზური; მეოთხეზე კი სიახლეა, მანუელ პელეგრინის "მალაგამ" არაბული ინვესტიციები გაამართლა.

ევროპალიგის ტრიუმფატორი "ატლეტიკო" და სეზონის სენსაცია "ლევანტე" ევროპალიგის საგზურს შეწვდნენ (თასიდან ამ საგზურს "ბილბაოც" მიიღებს).

მოულოდნელი ვარსკვლავები
"ბილბაოს" ახალგაზრდა "ლომები"
"ბილბაოში" ყველა კომპონენტი იყო საინტერესო გუნდის ჩამოსაყალიბებლად - ძალიან ნიჭიერი თაობა; აკლდა მხოლოდ შესაფერისი მწვრთნელი და აი, ისიც გამოჩნდა, მარსელო ბიელსამ საინტერესო კოლექტივი ჩამოაყალიბა, რომელიც ერთ ევროპულ ტიტულს ძალიან მიუახლოვდა, ერთი ესპანურისთვის კი ამ დღეებში იბრძოლებს.

ოსკარ დე მარკოსს, იბაი გომესს, ანდერ ერერას და, რა თქმა უნდა, იკერ მუნიაინს დაღვინების სეზონი ჰქონდათ. მომავალ სეზონში ეს პლეადა უფრო საშიში იქნება.

ტიბო კურტუა
"ატლეტიკოს" 20 წლის მესაჭე ძალიან რთული ამოცანის წინაშე იყო - მას უნდა შეეცვალა მხოლოდ ერთი წლით უფროსი, მაგრამ უკვე სახელგანთქმული დავიდ დე ხეა. "ჩელსის" ბელგიელმა მეკარემ, რომელიც მადრიდში იჯარით თამაშობდა, ეს ხუთიანზე შეძლო. ტიბო რომ ნიჭიერი იყო, ისედაც ყველამ იცოდა, მაგრამ მან მაინც მოლოდინს გადააჭარბა.

ისკო
ეჰ, "ვალენსია", "ვალენსია"! თანამედროვე ფეხბურთში უკვე იშვიათია, ასე უყაირათოდ დაკარგო ნიჭიერი აღზრდილი, როგორც ეს "ღამურებს" ისკოს შემთხვევაში მოუვიდათ. ახალგაზრდა ესპანელი "მალაგას" მთავარი შენაძენი აღმოჩნდა. ახლა მას ლონდონის ოლიმპიადა ელის.

მთავარი ციფრები
100
მიუხედავად იმისა, რომ "რეალმა" ჩემპიონობა ფინიშამდე გაინაღდა, ჟოზე მოურინიოს გუნდმა ბოლომდე შემართებით იბრძოლა - სამეფო კლუბს ძალიან სურდა, ჩემპიონატი 100 ქულით დაესრულებინა და გააკეთა კიდევაც ეს. 100 ქულა - ეს ესპანური ლა ლიგის რეკორდია. 38 თამაშიდან "რეალმა" 32 მოიგო!

გადამწყვეტი მომენტები

21 აპრილი
"ელ კლასიკო" იმ დროს გაიმართა, როცა "ბარსამ" "რეალთან" ჩამორჩენა 10-დან 4 ქულამდე ჩამოიყვანა. ამიტომაც დაპირისპირების ფასი გაათმაგდა. "რეალმა" "კამპ ნოუზე" მოიგო და ყველა კითხვას პასუხი გასცა. "ბარსელონამ" სეზონში პირველად წააგო მშობლიურ სტადიონზე.

4 მარტი
არაგონის დედაქალაქში დრამატული მატჩი გაიმართა - "სარაგოსამ" ბოლო 6 წუთში ორი გოლი გაუტანა "ვილიარეალს" და ასე საჭირო 3 ქულა დაიბევა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ამ გამარჯვებამ არაგონელები ლა ლიგაში დატოვა, ვალენსიელები კი სეგუნდაში გაისტუმრა. ამ მოგებამ "ლოს მანიოსზე" ფსიქოლოგიურად ისე იმოქმედა, რომ მათ სასწაულის მოხდენა შეძლეს.

13 მაისი
ბოლო ტური. მიუხედავად იმისა, რომ საჩემპიონო საკითხი გარკვეული იყო - მხოლოდ ბოლო წამებზე გადაწყდა, რომ "ვილიარეალი" ვარდებოდა, ვინ გავიდოდა ჩემპიონთა ლიგაზე და ვინ ევროპალიგაზე. მოკლედ, ბოლომდე ლა ლიგას დაძაბულობა არ აკლდა და არც დრამა.

სეზონის ნაკრები
ჩვენ რეგულარულად გაწვდიდით ყველაზე პოპულარული საფეხბურთო საიტის, Goal.com-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებებს. ამ გამოცემამ სეზონის ნაკრებიც დაასახელა, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

იკერ კასილიასი (რეალი, 1) - დანი ალვეში (ბარსელონა, 2), სერხიო რამოსი (რეალი, 5), კარლეს პუიოლი (ბარსელონა, 6), ხორდი ალბა (ვალენსია, 3) - მესუთ იოზილი (რეალი, 7), ჩავი ერნანდესი (ბარსელონა, 4), სანტი კასორლა (მალაგა, 2) - ლიონელ მესი (ბარსელონა, 16), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო, 4), კრიშტიანო რონალდო (რეალი, 16).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული