დანი ალვეში 1,5-2 თვით დაისვენებს

AutoSharing Option
დანი ალვეშმა მოტეხილი ლავიწის ოპერაცია გადაიტანა, რომლის შემდეგაც ექიმებმა გამოაცხადეს, რომ 29 წლის ბრაზილიელი მცველი გუნდს 6-8 კვირით დააკლდება.

ის, რომ დანი ალვეში ესპანეთის თასის ფინალს გამოტოვებდა, წინდაწინვე ცნობილი იყო. ამის შემდეგ კი "ბარსელონასთვის" სეზონი სრულდება.

მოკლედ, "ბარსას" სხვა სიახლეებსაც ჩამოვთვლით: კლუბი უჩივის "ელ მუნდო დელ სილიოს" მცდარი და კლუბის ღირსების შემლახავი ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის"; შეიძლება შეიცვალოს პრეზიდენტ სანდრო როსელის კლუბში მოღვაწეობის ვადები; სერხიო ბუსკეტსმა უარი თქვა ესპანეთის ოლიმპიურ გუნდში თამაშზე; ხავიერ მასკერანომ თქვა, რომ გუნდის დატოვება არ უნდა, ხოლო სესკ
ფაბრეგასმა მხარი დაუჭირა ტიტო ვილანოვას დაწინაურებას; კლუბმა ინდოეთში "ბარსელონას" სკოლა გახსნა; კატალონიაში უარყვეს, თითქოს "ბარსა" რობინ ვან პერსის ტრანსფერზე დაფიქრდა; დიდიე დროგბას სავარაუდო ტრანსფერი კი ჯერ არ უარუყვიათ.

სამაგიეროდ, გაჩნდა ახალი ჭორი - ექს-ჩემპიონს "ლივერპულის" ლუის სუარესი სურსო და სამუელ ეტოო ბრუნდებაო.

მიჩელი დაამტკიცეს
გაგიკვირდებათ და, "სევილიას" ხელმძღვანელობამ მიჩელს ნდობა გამოუცხადა და მომავალი სეზონისთვისაც მთავარ მწვრთნელად დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ მიჩელმა სეზონის მიმდინარეობისას შეცვალა მარსელინო გარსია ტორალი, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია - ჩემპიონატი "სევილიამ" მე-9 ადგილზე დაასრულა, როცა ტურნირის დაწყებამდე ჩემპიონთა ლიგის საგზურის კანდიდატად ითვლებოდა.

აი, რა თქვა ხოსე მარია დელ ნიდომ, კლუბის პრეზიდენტმა: "მიჩელი გააგრძელებს მუშაობას მომავალ სეზონშიც, რადგან ჩვენ გვსურს სტაბილურობა. მიჩელმა კარგად იცის, რატომ ვერ მიაღწია "სევილიამ" დასახულ მიზნებს გასულ სეზონში და რა უნდა შეცვალოს გუნდში".

კრასიჩი ბეტისს სურს
მეორე სევილიურ კლუბს, "ბეტისს" "იუვენტუსის" ვარსკვლავის, მილოშ კრასიჩის შეძენა სურს. შეგახსენებთ, რომ კონტეს ხელში კრასიჩმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ახლა ახალი კლუბის ძიებაშია.

კრასიჩს კარიერის გაგრძელების ბევრი ვარიანტი აქვს: "გლადბახი", "ლივერპული" ან რუსეთში დაბრუნება. 27 წლის სერბი 2004-10 წლებში მოსკოვის ცსკა-ს რიგებში გამოდიოდა, სადაც ნოვი სადის "ვოივოდინადან" მოხვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული