10 შეკითხვა ტიტო ვილანოვას

AutoSharing Option
"ბარსელონაში" ხოსეპ გვარდიოლას ეპოქა დასრულებულია. ახლა დიდ კლუბს ახალი მესაჭე ჰყავს - ტიტო ვილანოვა.

"ელ მუნდო დეპორტივომ" ჩამოწერა ის 10 საკითხი, რომლებიც, წესით, ტიტო ვილანოვას თავსატეხი იქნება ახალ სეზონში.

აი, ისინიც:

1. სჭირდება კი კლუბს ნეიმარი?
"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ უკვე გამოაცხადა, რომ ნეიმარს ამ ზაფხულში არ შეიძენს "სანტოსიდან".

"ბარსას" შეტევის ხაზი ისედაც ვარსკვლავურია: მესი, ვილია, სანჩესი, პედრო, სხვები... მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ვილია როგორი დაბრუნდება ტრავმის მერე, არავინ იცის; პედრომ, უბრალოდ, ჩააგდო სეზონი; ხოლო ალექსის სანჩესი ხშირად შავდება.

ამიტომაც კლუბის ხელმძღვანელობაში
ჯერაც მიაჩნია ზოგს, რომ ნეიმარი ახლავე საჭიროა - ტიტოს გადასაწყვეტია.

2. გაუშვას თუ არა დანი ალვეში?
სუბისარეტა კი ამბობს, არ მოსულა ალვეშზე წინადადებებიო, მაგრამ პრესა მხოლოდ ამას წერს. შესაძლოა, ალვეშმა მართლაც ამოყოს თავი სადმე, ძალიან მაღალანაზღაურებად კლუბში.

ტიტომ უნდა გადაწყვიტოს, დატოვოს ალვეში თუ გაყიდოს და ფული გუნდის გაძლიერებას მოხმარდეს.

3. გააძლიეროს თუ არა დაცვა?
გუნდში ორი პოზიცია აშკარად საჭიროებს გაძლიერებას. მარცხენა მცველის საკითხი ერიკ აბიდალის ავადმყოფობის ბრალია.

დაცვის ცენტრსაც სჭირდება გაძლიერება. რა პრიორიტეტებს დასახავს ტიტო? მარცხენა ფლანგზე ბეილი თუ ალბა, ცენტრში ხავი მარტინესი თუ ტიაგო სილვა?

4. გაყიდოს თუ არა პედრო და კეიტა?
32 წლის კეიტა "მილანს" სურს და გაყიდვა კარგი იქნებოდა; აი, 24 წლის პედროს მდგომარეობა საჭოჭმანოა. თუ გუნდს ინვესტიციები დასჭირდა, ტიტო ალბათ ორივეს გაყიდვას დააპირებს.

5. ტელიო და კვენკა ისევ მოხვდებიან შემადგენლობაში?
გვარდიოლამ ბოლოს ეს ორი ახალგაზრდა ძალიან მიაჩვია ძირითადში თამაშს. ორივემ დაამტკიცა, რომ პროგრესი შეუძლიათ. ახლა ჯერი ტიტოზეა, მან უნდა გადაწყვიტოს, არიან ტელიო და კვენკა "ბარსას" მომავალი თუ არა.

6. 4-3-3 თუ 3-4-3?
ბოლო სეზონში "ბარსელონა" სულ უფრო 3-4-3-ისკენ იხრებოდა, მაგრამ ტიტომ შეიძლება ისევ კლასიკურ ("ბარსას" გაგებაში) 4-3-3 დააბრუნოს. ვნახოთ.

7. როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მოურინიოსთან?
ტიტოს პოლემიკა არ უყვარს, მაგრამ შეტევაზე პასუხის გაცემა კი შეუძლია. ამ ორს რომ დალაგებული ურთიერთობა არ ექნება, ფაქტია.

8. მსაჯობასთან დაკავშირებით რა გზას აირჩევს?
პეპი საერთოდ არ ახსენებს მსაჯობას. რას იზამს ტიტო?

9. საჭიროა თუ არა მეორე ესტიარტე?
მანელ ესტიარტე კლუბში საზოგადოებასთან ურთიერთობას ხელმძღვანელობდა და ნამდვილი სეკუნდანტი იყო გვარდიოლასთვის. ტიტოსაც არ აწყენდა ასეთი კაცის ზურგი კლუბში.

10. დააბრუნოს თუ არა კრკიჩი?
ბოან კრკიჩი, კონტრაქტის თანახმად, ჯერ კიდევ შეიძლება დაბრუნდეს "ბარსელონაში". ეს უკვე ტიტოს გადასაწყვეტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული