ცვლილებები "ვალენსიაში"

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ადგილოსანი "ვალენსია" სეზონის დასრულების შემდეგ ძალიან შეიცვალა.

უპირველესად, გუნდში აღარ არის მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი, რომელიც უკვე ჯანო ანანიძის დამრიგებელია.

მის ნაცვლად არგენტინელი მაურისიო პელეგრინო მუშაობს. უნაის გზას რუსეთისკენ კიდევ ერთი ვალენსიელი გაუდგა, ოღონდ 29 წლის ცენტრალური მცველი ანხელ დეალბერტი ჩრდილოკავკასიურ "ყუბანში" გადავიდა და ამ გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ "ყუბანის" მთავარი მწვრთნელი წარსულში ცნობილი რუმინელი ფეხბურთელი დან პეტრესკუა. ანხელ დეალბერტი 2009 წლიდან თამაშობდა "ვალენსიაში", თუმცა ძირითადში დამკვიდრება მუდამ უჭირდა.

სოლდადომ კარგად ივაჭრა
ამასობაში "ვალენსიას" მთავარმა
მეგოლემ, 27 წლის რობერტო სოლდადომ 2017 წლამდე გააგრძელა "ღამურებთან" კონტრაქტი.

მოლაპარაკება ფეხბურთელსა და კლუბს შორის თვეზე მეტხანს მიმდინარეობდა და ბოლოს კლუბი დათანხმდა ფეხბურთელის მიერ წაყენებულ პირობებს. სოლდადოს კონტრაქტი 2014 წელს სრულდებოდა.

სხვათა შორის, ის ისედაც გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო. სოლდადოს შეძენით ფრანგული პსჟ და იტალიური "ნაპოლი" იყვნენ დაინტერესებულნი.

ახლა სოლდადოს შეძენის მსურველ კლუბს 35 მილიონი ევროს გამზადება მოუწევს. სხვათა შორის, ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალი ჯერ არ გამართულა.

დახარჯული 100 მილიონი და...
"ვალენსიამ" უკვე შეიძინა ლასპალმასელი ხონათან ვიერა, პორტუგალიის ნაკრების მარჯვენა მცველი ჟოაო პერეირა და მექსიკელი ანდრეს გუარდადო.

თუმცა გუნდმა ჰოლანდიელი ჰედვიგეს მადურო და დეალბერტი დაკარგა. სხვათა შორის, ცვლილებები კიდევ ბლომად იქნება. მაგალითად, ამბობენ, რომ კლუბიდან არგენტინელი ტინო კოსტა და თურქი მეჰმეთ თოპალი წავლენ. ნახევარდაცვაში, ბუნებრივია, "ახალი სისხლი" გახდება საჭირო.

"მარკას" ცნობით, ბოლო 12 წელიწადში "ვალენსიამ" სხვადასხვა ნახევარმცველის შეძენაში 94,8 მილიონი ევრო დახარჯა და პირველივე ახალი შენაძენი ამ თამასას ას მილიონ ევრომდე ასწევს. ამბობენ, რომ "ვალენსია" "ესპანიოლის" 26 წლის შუახაზელ ხავი მარკესს მიიწვევსო.

ალბა ჯერ კიდევ ვალენსიელია
იცით ალბათ, რომ ევრო 2012-ის დასრულების შემდეგ "ვალენსიას" ხორდი ალბა დატოვებს და, სავარაუდოდ, "ბარსელონაში" გადაბარგდება.

თუმცა "ვალენსიას" სპორტული დირექტორი ბრაულიო ვასკესი ამბობს, რომ ეს თემა ჯერ დახურული არ არის და ალბა ჯერაც "ღამურების" წევრია.

ბრაულიო სხვა სავარაუდო ტრანსფერების თემასაც შეეხო. მაგალითად, მან თქვა, რომ თუკი თავდამსხმელი არიც ადურისი ბილბაოს "ატლეტიკში" წავა, ეს არ იქნება ეკონომიკური ფაქტორებით გამოწვეული - უბრალოდ, ბასკს გული სახლისკენ მიუწევსო.

"ლოს ჩეს" სპორტულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ტინო კოსტას შეძენისთვის სერიოზული წინადადებით მიმართა გუნდს ფრანგულმა "ლილმა", ხოლო "ფენერბაჰჩესგან" მეჰმეთ თოფალის სანაცვლოდ შემოთავაზებული თანხა მას ეცოტავება. სპორტულმა დირექტორმა ისიც თქვა, რომ გუნდს კვლავ სურს პსჟ-ს ფორვარდი კევინ გამეირო.

"მარკამ" ცოტა მეტი გაიგო ალბას ტრანსფერზე, რაც ბრაულიოს არ გაუხმაურებია - "ვალენსია" მის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს, "ბარსელონაში" კი ვარაუდობენ, რომ ალბას შეძენას 11 მილიონადაც შეძლებენ.

და აი, კიდევ ერთი სიახლეც - "ვალენსიას" "რეალის" შემტევი ნახევარმცველი ხოსე კალეხონი სურს. კლუბებს შორის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა ცხადია, რომ 25 წლის კალეხონის სანაცვლოდ "სამეფო კლუბი" ცოტას არ მოითხოვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული