მიგელ როკე ფარერო, რომელსაც ყველა მიკის ეძახდა, ერთ დროს ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და იმედისმომცემი ფეხბურთელი იყო. უთამაშია ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრებში, "ლივერპულში"...
2011 წლის მარტში, როცა "ბეტისის" ფეხბურთელებს რუტინული სამედიცინო შემოწმება უტარდებოდათ, მიკიმ დაიჩივლა, ბოლო ხანს ზურგი სულ მტკივაო. გამოკვლევამ აჩვენა, რომ მიკი როკე ფილტვის კიბოთი იყო დაავადებული. მაისში მას ოპერაცია გაუკეთეს, კლუბი კი შემოწირულობებს აგროვებდა, რათა ფეხბურთელი ვერაგ დაავადებას გამკლავებოდა, მაგრამ...
ის მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა
"ლეიდას" აღზრდილი "ლივერპულის" მაშინდელმა ბოსმა რაფა ბენიტესმა შეამჩნია. მიკი როკეს ჩემპიონთა ლიგაზე 17 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი "გალათასარაის" წინააღმდეგ.
სამწუხაროდ, მეტჯერ მას "წითლების" პირველ გუნდში არ უთამაშია. რამდენიმე გუნდში განათხოვრების შემდეგ როკე "ბეტისში" აღმოჩნდა, სადაც 2010 წლის შემოდგომაზე სასტარტოშიც დაიმკვიდრა ადგილი.
"ცხოვრებამ კიდევ ერთხელ გვანახა, რამდენად უსამართლოა ის. სულ ახლახან გავიგე მიკი როკეს გარდაცვალების შესახებ. ჩვენ შენ არასოდეს დაგივიწყებთ, მიკი", - დაწერა "ტვიტერზე" ესპანეთის ნაკრებისა და "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"