ლა ლიგა. ტრანსფერები - ჯერ მცირე ცვლილებებია

AutoSharing Option
კატალონიური "ესპანიოლი" და ბალეარული "მალიორკა" შეთანხმდნენ - ამიერიდან ნახევარმცველი ხავი მარკესი "მალიორკაში" იასპარეზებს, ხოლო სერხიო ტეხერა - "ესპანიოლში".

თუმცა ეს არ იყო პირდაპირი გაცვლა. კუნძულელებმა მარკესის ხელში ჩასაგდებად ტეხერა და 1,2 მილიონი ევრო გაიღეს.

ხავიერ მარკესი 26 წლის საყრდენი ნახევარმცველია. ის "ესპანიოლის" სკოლის აღზრდილია და აქამდე "ესპანიოლის" გარდა, სხვა კლუბში არ უასპარეზია. ბოლოს მარკესის მომავალს სხვა უფრო ცნობილ კლუბებს უკავშირებდნენ. მას "ესპანიოლთან" ხელშეკრულება 2013 წლის ზაფხულამდე ჰქონდა, თუმცა ახალ შემოთავაზებაზე უარი თქვა. ამის გამო მარკესი კლუბში მოიძულეს.

"ესპანიოლის" შემადგენლობაში ხავი
მარკესმა ლა ლიგაში 53 მატჩი გამართა და 3 გოლი გაიტანა. 22 წლის სერხიო ტეხერაც "ესპანიოლის" სკოლის აღზრდილია. ერთხელ, ესპანეთის 15-წლამდელთა ნაკრების მატჩისას, ის "ჩელსის" სკაუტმა ფრენკ არნესენმა შეამჩნია და ლონდონურ კლუბში წაიყვანა.

"ჩელსის" პირველ გუნდში მას თამაში არ მოუწია (მხოლოდ სარეზერვოში), 2009 წელს კი "მალიორკაში" გადავიდა, სადაც 20 წლის ასაკში ჰქონდა ლა ლიგაში დებიუტი. მას მერე სერხიომ 31-ჯერ მოირგო "მალიორკას" მაისური.

კუნძულელთა მესამე შენაძენი
ანტონიო ლოპესისა და ხავი მარკესის შემდეგ "მალიორკამ" მესამე ფეხბურთელთან გააფორმა ხელშეკრულება - ეს ფორვარდი ხავიერ არისმენდია. "მოხარული ვარ, რომ "მალიორკაში" ვითამაშებ. ჩემთვის ახლა უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება მალე შევეწყო ახალ გუნდს", - განაცხადა პრეზენტაციაზე არისმენდიმ.

28 წლის არისმენდი "ატლეტიკოს" აღზრდილია, თუმცა "ატლეტიკოს" გარდა, "რასინგში", "დეპორტივოში", "ვალენსიაში", "სარაგოსაში" და შვეიცარიულ "ქსამაქსში" უთამაშია. არისმენდი ბოლოს "ხეტაფეში" გამოდიოდა.

სხვათა შორის, ტანმაღალმა ფორვარდმა ერთხელ "ფურია როხას" მაისურაც მოირგო, "ოლდ ტრეფორდზე" ინგლისთან ამხანაგურ მატჩში (2007 წელს) ბოლო 30 წუთი ითამაშა. ის მატჩი ესპანეთის ნაკრებმა 1:0 მოიგო.

ესპანეთში კოსტარიკოელიც ითამაშებს
ლონდონის "არსენალმა" კოსტარიკოელი ფორვარდი ჯოელ კემპბელი იჯარით "ბეტისში" გაუშვა. სევილიურ კლუბამდე კემპბელი იჯარით ფრანგულ "ლორიანში" იყო (25 თამაში, 3 გოლი).

კემპბელი 20 წლისაა. მან 2011 წლის კოპა ამერიკაზე გამოიჩინა თავი, "არსენალში" გადავიდა, მაგრამ ინგლისში სამუშაო ვიზა არ მისცეს. "ბეტისში" გადასვლის შესახებ პირველად თავად კემპბელმა დაწერა "ტვიტერზე". ის სეზონს ლა ლიგაში გაატარებს.

"ბეტისში" კიდევ ერთი ფეხბურთელი ითამაშებს იჯარით - 22 წლის სწრაფი გარემარბი ხუან კარლოს პერესი. ხუან კარლოსი "რეალის" აღზრდილია. 2010 წელს მან "რეალის" პირველ გუნდში 6 წუთი ითამაშა "დეპორტივოსთან (6:1) მატჩში. "რეალმა" ის 2,5 მილიონ ევროდ გაყიდა "სარაგოსაში".

ლეკიჩი თურქეთში წავიდა
ლა ლიგამ ერთი ფორვარდი შეიძინა (კემპბელი) და ერთიც დაკარგა - "ოსასუნას" სერბი ფორვარდი დეიან ლეკიჩი თურქულ "გენჩლერბირლიგიში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ნავარულ კლუბში 27 წლის ლეკიჩმა 45 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

ესპანეთში ერჩივნა
4 ივლისს "ხეტაფემ" პუბლიკას წარუდგინა მცველი დავიდ აბრაამი, რომელიც შვეიცარიულ "ბაზელში" გამოდიოდა. ამ ტრანსფერის შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით, რადგან ის მაისის ბოლოს გადაწყდა. აი, რა თქვა აბრაამმა ოფიციალური წარდგენისას: "ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ლა ლიგაში მეთამაშა.

ესპანეთში "ხიმნასტიკში" თამაშიც მომიწია, მაგრამ უმაღლეს დონეზე თამაში სულ სხვაა. მიწვევა "ჰამბურგიდანაც" მქონდა, მაგრამ "ხეტაფე" ვარჩიე". 25 წლის აბრაამი არგენტინელია. ის "ინდეპენდიენტეს" აღზრდილია.

სხვა ტრანსფერებიდან აღვნიშნავთ, რომ "სევილიამ" მეკარე ხავი ვარასი ლა ლიგაში აღზევებულ "სელტას" დაუთმო. ვარასი გალისიურ კლუბში იჯარით ითამაშებს და შემდეგ "სევილიაში" დაბრუნდება.

ბოლო დღეებში ლა ლიგაში განხორციელებული ტრანსფერები
თარიღი ფეხბურთელი საიდან სად თანხა
2 ივლ. ხავი მარკესი ესპანიოლი მალიორკა 1,2 მლნ. ევრო
2 ივლ. სერხიო ტეხერა მალიორკა ესპანიოლი თავ. აგენტი
2 ივლ. ინიგო დიას დე სერიო ბილბაო მირანდესი თავ. აგენტი
2 ივლ. ჯოელ კემპბელი არსენალი ბეტისი იჯარა
2 ივლ. ფელიპე რამოსი დეპორტივო ვალენსია B იჯარა
3 ივლ. დეიან ლეკიჩი (სერბ) ოსასუნა გენჩლერი თავ. აგენტი
4 ივლ. ხავიერ არისმენდი ხეტაფე მალიორკა თავ. აგენტი
4 ივლ. ხუან კარლოს პერესი სარაგოსა ბეტისი იჯარა
4 ივლ. დეივიდი სევილია ლას პალმასი თავ. აგენტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული