ხორდი ალბა: მე სახლში დავბრუნდი, ჩემს ხალხთან

AutoSharing Option
5 ივლისს ესპანეთის ნაკრებისა და "ვალენსიას" ფეხბურთელმა ხორდი ალბამ სამედიცინო შემოწმება გაიარა და შემდეგ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა "ბარსელონასთან".

23 წლის ალბა ტიტო ვილანოვას გუნდში ერიკ აბიდალის ავადმყოფობის გამო პრობლემატურად ქცეულ დაცვის მარცხენა ფრთაზე ითამაშებს. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ალბამ "ბარსა ტვ"-ს მისცა:

- "ბარსელონაში" თქვენი უამრავი ფანი დაგხვდათ...
- დიახ და ეს ფანტასტიკურია. როცა პუბლიკას უყვარხარ, ბრწყინვალე შეგრძნებაა. ძალიან გახარებული ვარ, ასეთ დიდ კლუბში რომ გადმოვედი. როგორც ვხედავ, ეს ფანებსაც ძალიან მოსწონთ.

- ერთ თვეში თქვენი ცხოვრება შეიცვალა. ესპანეთის ნაკრებში ეგრევე
დაიმკვიდრეთ თავი და ევროპის ჩემპიონატი მოიგეთ, ახლა კი ბარსელონელი გახდით. თავბრუდამხვევია?
- კმაყოფილი ვარ, დიდებული თვე იყო. ახლა კი "ბარსელონა" მაძლევს თავის გამოჩენის ახალ შანსს. იცით, მე ხომ სახლში დავბრუნდი, ჩემს ხალხთან, ჩემს ოჯახში. ეს კი ამაღელვებელია.

- "ბარსელონაში" ბოლო კატალონიელი მარცხენა მცველი სერხი ბარხუანი იყო. რას ფიქრობთ, რომ თქვენ ისტორიის ახალი ნაწილის ჩაწერის შანსი მოგეცათ?
- არც კი ვიცოდი. ძალიან მიხარია, რომ სერხის მერე პირველი კატალონიელი ვარ, ვინც "ბარსას" დაცვის მარცხენა ფრთაზე ითამაშებს.

მიხარია, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვარ, სადაც საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ და საუკეთესო ფანები გულშემატკივრობენ. დიდი გამოწვევაა ჩემ წინაშე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ გამოწვევას გავუმკლავდე.

მინდა, რაც შეიძლება მეტად გავიზარდო, როგორც ფეხბურთელი და ამას "ბარსელონაზე" უკეთ სად შევძლებ?

- როცა თქვენ ბავშვობაში "ბარსელონა" დატოვეთ, თუ გიფიქრიათ, რომ ოდესმე უკან დაბრუნდებოდით? თუ ეს თქვენი კარიერის მიზანი იყო?
- როცა აქედან წავედი, 15 წლისა ვიყავი, მაგრამ გადაწყვეტილება თავად მივიღე. საბედნიეროდ, წლების შემდეგ "ბარსას" ისევ გავახსენდი. ეს ჩემი მეორე შანსია.

- ჩვენ ვნახეთ, როგორ კარგად გაუგეთ ჩავის, ინიესტას, პედროს და სესკს ევროპის ჩემპიონატზე. ალბათ, არც "ბარსელონაში" ინტეგრაცია გაგიჭირდებათ...
- სანამ ეროვნულ ნაკრებში ვითამაშებდი, ამ ბიჭების ნაწილს ისედაც ვიცნობდი, მე ხომ აქ ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად. ამიტომ დარწმუნებული ვარ, შეგუების პროცესი დიდხანს არ გაიწელება.

- თუ ისაუბრეთ ტიტო ვილანოვასთან?
- დიახ, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მწვრთნელთან მქონდა საუბარი. მან მომილოცა სანაკრებო წარმატება. მე კი მას ვუთხარი, რომ ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ "ბარსელონაში" ვარჯიშს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული