რა ელის ლუკა მოდრიჩს მადრიდის "რეალში"?

AutoSharing Option
მას მერე, რაც მადრიდის "რეალმა" ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა, 3-წლიანი ზეობის შემდეგ "ბარსელონა" ტახტიდან ჩამოაგდო, ცხადი იყო, რომ ჟოზე მოურინიო სატრანსფერო სეზონში დიდ ცვლილებებს არ მიმართავდა.

ერთი მხრივ, მას ესაჭიროება ახალი სისხლი (თუნდაც, ჩემპიონთა ლიგაზე უკეთ გამოსვლისთვის), მეორე მხრივ, კი დაუშვებელია იმ ბალანსის დარღვევა, რომელიც ახლა გუნდშია და რომელმაც გუნდს ესპანეთის ჩემპიონობა მოუტანა. სწორედ ამიტომაც სატრანსფერო სპეკულაციებში "რეალთან" მიმართებაში მხოლოდ ორი მეგა-ვარსკვლავის გვარს ასახელებდნენ - დავიდ სილვას და ლუკა მოდრიჩს.

მას მერე, რაც ესპანელმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ სიტისთან" განშორება არ სურს,
ხორვატი პლეიმეიქერი დარჩა "რეალის" მთავარ სამიზნედ.

ამბობენ, სულ მალე ეს ტრანსფერი განხორციელდება კიდევაცო. მოდი, ჩავთვალოთ, რომ 26 წლის დალმატიელი უკვე რეალელია. ზაგრების "დინამოს" და "ტოტენჰემის" შემდეგ მან ნახტომი "სამეფო კლუბში" შეასრულა. რას უქადის ეს ტრანსფერი "რეალს" და თავად მოდრიჩს?

ფაქტია, რომ მოდრიჩი "ტოტენჰემში" ვეღარ იზრდება. ამიტომაც მისთვის "რეალი" დიდი შანსია, გავიდეს ფეხბურთის თამაშის ახალ, უფრო მაღალ ეტაპზე. ხორვატს მხარდამჭერებიც ბევრი ჰყავს და სკეპტიკოსებიც მოეძებნება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მოდრიჩი "რეალის" დონის ვერაა.

რა პოზიციაზე ითამაშებს მოდრიჩი მადრიდში? აქ რამდენიმე ვარიანტია:

1. ჩაბი ალონსოს მხარდამხარ
როგორი იქნება გუნდი: კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო - ჩაბი ალონსო, მოდრიჩი - დი მარია, იოზილი, რონალდო - ბენზემა.

ჩაბი ალონსომ და სამი ხედირამ ამ ორ სეზონში შესანიშნავი დუეტი შექმნეს. მათი ურთიერთშეთანხმება და საიმედოობა იმის გარანტიაა, რომ "რეალის" 4-კაციან დაცვას ნაკლებად შეაწუხებენ, მაგრამ "ლოს ბლანკოსი", როგორც წესი, უფრო დაცვითი ტაქტიკის გუნდებს ეთამაშება.

ამ დროს კი ორი უფრო დაცვითი ფუნქციის ფეხბურთელის მოცდენა სასტარტოში ხშირად საჭირო არ არის.

ამიტომაც ამ შემთხვევაში შესანიშნავად იმუშავებს ჩაბი ალონსოსა და ხორვატის დუეტი. სხვათა შორის, მოდრიჩი "ტოტენჰემში", ძირითადად, ასეც თამაშობს. მისი პარტნიორი ხშირად ლონდონური კლუბის უფრო დაცვითი ტიპის ნახევარმცველია (ვილსონ პალასიოსი, სანდრო ან სკოტ პარკერი). სწორედ აქედან აკეთებს ხშირად "ბოლო პასს" ლუკა.

ალონსო იგივე როლს შეასრულებს, მოდრიჩი კი გაცილებით მეტს შექმნის შეტევაში, ვიდრე ხედირა, განსაკუთრებით უფრო ძლიერი კლუბების წინააღმდეგ. ამასთან, გუნდის დაცვის ხაზი კვლავ კარგად იქნება დაცული.

2. სამკაციანი ნახევარდაცვის წევრად
როგორი იქნება გუნდი: კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო - ჩაბი ალონსო, ხედირა, მოდრიჩი - იოზილი, ბენზემა, რონალდო.

ამ სისტემაში მოდრიჩი ისევ ბასკის გვერდითაა, ოღონდ მოურინიოს ეძლევა საშუალება, გუნდი 4-3-3-ზე გადააწყოს.

ეს ტაქტიკური სქემა მოურინიოს უყვარს, მაგრამ "რეალში" ვერ იყენებს. მოუს შეეძლო შარშან ექსპერიმენტების ჩატარება ალონსოს, ხედირას და ნური შაჰინის შემადგენლობით, მაგრამ ეს ტრიო მაინც უფრო ერთი ყაიდის ფეხბურთელებისგან შედგება; თანაც, თურქი ხშირად ავადმყოფობდა.

მაგრამ მოდრიჩს აქ ექსტრა-შესაძლებლობები შეუძლია შესთავაზოს მწვრთნელს. ის შეიძლება იყოს უფრო აგრესიული, ვიდრე ხედირა და უფრო კრეატიული, ვიდრე შაჰინი. ამ სისტემის გამოყენება უპრიანია ჩემპიონთა ლიგაზე, ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ, რადგან უკეთესად აბალანსებს დაცვასა და თავდასხმას.

ამ შემთხვევაში ხედირა ბურთს მოუპოვებს გუნდს, ალონსო სიღრმეში შეითავსებს პლეიმეიქერობას, მოდრიჩი კი შესაფერის გაგრძელებებს შესთავაზებს წინა ხაზს.

3. პლეიმეიქერად
როგორი იქნება გუნდი: კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო - ჩაბი ალონსო, ხედირა - იოზილი, მოდრიჩი, რონალდო - ბენზემა.

თუკი მოურინიო მოდრიჩის დაყენებას შემტევ ნახევარმცველად აპირებს, ხორვატს 11-ეულში მოსახვედრად დიდი ბრძოლა გადახდება.

კრიშტიანო რონალდოს გარანტირებული აქვს ადგილი მარცხენა ფრთაზე. ამაზე, უჯობს მოდრიჩს, არც იფიქროს; ხოლო მესუთ იოზილი და ანხელ დი მარია პორტუგალიელს ძალიან კარგად ავსებენ დანარჩენ ორ პოზიციაზე.

თუმცა დი მარია არასტაბილურია და ხშირად იღებს ტრავმებს, დიდი გუნდების წინააღმდეგ არგენტინელს თავის გამოჩენა უჭირს. ასე რომ, შეიძლება დი მარია შეეწიროს ამ სისტემას, ხოლო იოზილმა მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლოს.

შესაძლოა, მოდრიჩმა და იოზილმა პოზიციებიც ცვალონ. ბოლო-ბოლო, "რეალის" ყველაზე სუსტი წერტილი მარჯვენა ფლანგია, რადგან ალვარო არბელოა ისეთი ინტენსივობით ვერ უტევს მარჯვენა მცველის პოზიციიდან, როგორც ეს მოურინიოს სურს.

4. სუპერშემცვლელად
როგორი იქნება გუნდი: კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო - ჩაბი ალონსო*, ხედირა* - დი მარია*, იოზილი*, რონალდო* - ბენზემა.
* - მათ შემცვლელად მოდრიჩი

მოდრიჩი მეტისმეტად ძვირი ჯდება საიმისოდ, რომ მოურინიომ ის სათადარიგოთა სკამზე დასვას, თუმცა არც ამ ვარიანტს გამოვრიცხავთ.

სინამდვილეში, ხორვატს ამ შემთხვევაშიც "რეალში" დიდი როლის დაკისრება შეუძლია, მას ხომ ერთბაშად ხუთი კაციდან ერთ-ერთის შეცვლა შეუძლია ნებისმიერ წამს. ჟოზეს უყვარს შუა თამაშში ტაქტიკური სქემების აღრევა და მოდრიჩზე კარგ შემსრულებელს სად ნახავს?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული