მატას ცხოვრების სამი ისტორია

AutoSharing Option
II ნაწილი
ისტორია №2 (ხუან მატას ცხოვრების სამი ისტორია - ნაწილი პირველი)
როცა მატა ოვიედოს კოლეჯში სწავლობდა (ამ დროს 13 წლისა იყო), ის "რადიო ასტურიის" კონკურსში მონაწილეობისთვის მოემზადა. მას 200 ზოგადი შეკითხვისთვის უნდა გაეცა პასუხი.

საბოლოოდ ხუანი შეჯიბრების გამარჯვებული გახდა და ჯილდოდ ევროპაში მოგზაურობა მოიგო. მან მეგობრებთან ერთად გერმანია, ავსტრია, შვეიცარია და ლიხტენშტეინი დაათვალიერა. მეორედ მსგავს ტურნეში ის ესპანეთის 16-წლამდელთა ნაკრებთან ერთად გაემგზავრა, სადაც ის 14 წლისა მიიწვიეს.

"იმედი მაქვს, რომ შენ ისეთივე ცუდი ფეხბურთელი არ ხარ, როგორც მამაშენი," -
განუცხადა ხინეს მელენდესმა მატას, როცა ის შეკრებაზე გამოცხადდა. მელენდესი მამამისს კარგად იცნობდა.

ხუანმა მშობლების სახლი 15 წლისამ დატოვა, რათა მადრიდის "რეალის" კანტერას შეერთებოდა. ეს 2003 წელს მოხდა. მას რამდენიმე წინადადება ჰქონდა, მაგრამ არჩევანი საბოლოოდ დედაქალაქის სასარგებლოდ გააკეთა. "ხუანინი" გუნდში ალბერტო ბუენოსთან და ადრიან გონსალესთან (მიჩელის ვაჟი) ერთად მოხვდა.

2005/06 წლების სეზონში მატა უკვე 18-წლამდელთა გუნდში ირიცხებოდა. ფეხბურთელმა სეზონის განმავლობაში 18 გოლი ჩემპიონატში გაიტანა და 3 თასის გათამაშებაში. მისმა გუნდმა ორივე ტიტული მოიგო. ტურნირის ბოლოს ხუანი, როგორც ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელი, "ფუტბოლ დრაფტის" პრიზით დაჯილდოვდა.

მასთან ერთად გუნდში იყვნენ ბუენო, გრანერო, მოსკერა, ველაიოსი, ადანი, ძმები კალეხონები და სხვები. დაჯილდოება "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოეწყო. იმ დღეს გულშემატკივრები "რეალში" ზინედინ ზიდანის უკანასკნელ მატჩს ელოდნენ. ფანებს იმისი იმედიც ჰქონდათ, რომ ეს პატარა ბიჭები მალე პირველ გუნდში გადავიდოდნენ. თუმცა ზოგიერთი დღემდე სარეზერვო გუნდშია, სხვები კი მაშინვე წავიდნენ, როგორც კი ამის საშუალება მიეცათ.

მომდევნო წელს მიჩელმა მატა სეგუნდა დივიზიონში მოთამაშე "კასტილიაში" მიიწვია, სადაც ის გუნდის ლიდერად გადაიქცა. ხუანი თავდასხმაში ნეგრედოსთან ერთად თამაშობდა და სულ 10 გოლი შეაგდო. ის იმ წელს "რეალის" საჩემპიონთალიგო განაცხადშიც კი მოხვდა და გუნდთან ერთად 2006 წლის 6 დეკემბერს კიევში გაემგზავრა.

ყველასთვის ცხადი იყო, რომ მატა უკვე პრიმერას დონის ფეხბურთელი იყო - ტექნიკური, როგორც ნაღდი თავდამსხმელი, მიმწოლი, თავის თავში დაჯერებული, მაგრამ არა ეგოისტი. საქმეს სულ ცოტა აკლდა კონტრაქტამდე, მაგრამ... მას ხელთ ჰქონდა დოკუმენტი, რომლის თანახმად, 2007 წლის ზაფხულიდან ის თავისუფალი აგენტი გახდებოდა.

"არ ვიცი, რატომ მისცეს მას ასეთი საბუთი. მატამ სეზონი რეალ C-ში დაიწყო. მერე მე ის მეორე გუნდში გადმოვიყვანე. მითხრა კიდეც, რომ დარჩენა სურდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მამასთან სჭირდებოდა კონსულტაციის გავლა," - გაიხსენა მოგვიანებით მიჩელმა.


"რეალმა" ფეხბურთელს კონტრაქტი კი შესთავაზა, მაგრამ მას ძირითადი გუნდის წევრად არ განიხილავდა და არც კი აძლევდა გარანტიას, რომ ოდესმე "დიდებთან" გადაიყვანდა. მისით ამ დროს "ბარსელონა" დაინტერესდა.

მადრიდში მუდმივ მტერთან "თავდაუსხმელობის ხელშეკრულების" იმედი ჰქონდათ. ამ დროს განგაშის ზარი იქიდან გაისმა, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. "ვალენსიამ" 19 წლის ბიჭს 6-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.

საინტერესო ფაქტი
ამადეო კარბონიმ, "ლოს ჩეს" მაშინდელმა სპორტულმა დირექტორმა 2007 წლის ზაფხულზე თავდამსხმელთან კონტრაქტის დეტალები განიხილა და გარანტია მისცა, რომ ის ძირითადი გუნდის წევრი იქნებოდა და ამასთან, საჩემპიონთალიგო განაცხადშიც მოხვდებოდა. მან ფეხბურთელს ნამდვილი პროფესიული კონტრაქტი შესთავაზა.

მატა შეეცადა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა, მაგრამ გული სიხარულით ჰქონდა სავსე. თავდაპირველად კიკე სანჩეს ფლორესი, ოდესღაც "რეალის" კანტერის თავკაცი, ფეხბურთელს ხშირად ათამაშებდა, მაგრამ მხოლოდ შეცვლებზე. მის ნაცვლად მოსულმა რონალდ კუმანმა კი აქცენტი სწორედ მასზე გააკეთა და ხუანმაც ნდობა პირველივე შეხვედრებში გაამართლა.

ისტორია №3
ხუანი ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, როცა ერთხელ ფოსტაში შევიდა. ერთ-ერთი იქაური თანამშრომელი მას სახეზე დააკვირდა და განუცხადა: "შვილო, შენი სახე თითქოს მეცნობა". მატამ გაოცებისგან მხრები აიჩეჩა, თუმცა რამდენიმე წამში მსუბუქი თვითკმაყოფილი ტონით უპასუხა: "შეიძლება, ქალბატონო, თუკი თქვენ ფეხბურთი გიყვართ და "ვალენსიას" უყურებთ ხოლმე". ქალბატონმა თავი გააქნია, "არა, ჩემი შვილის მეგობარს მიგამსგავსე".

მას მერე დიდი დრო გავიდა. ის ნაკრებშიც გამოიძახეს, სადაც მან ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, მერე ევროპა მიაყოლა. მატა "ვალენსიიდან" 2011 წელს 26.7 მილიონ ევროდ "ჩელსიში" გადავიდა, სადაც პირველივე წელს ჯერ ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო, მერე კი ჩემპიონთა ლიგაში იმარჯვა. ახლა ხუანი ქუჩაში ალბათ აღარავის შეეშლება.

მომზადებულია ესპანური მასალების მიხედვით
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული