მადრიდის "რეალის" საზაფხულო ტურნე - მეთოთხმეტედ ამერიკაში

AutoSharing Option
მადრიდის "რეალში" მატებაა - თუმცა ახალწვეული ჯერჯერობით "რეალ კასტილიას" წევრი იქნება და მერე ვნახოთ. საუბარია, 18 წლის ბრაზილიელ განაპირა მცველ ფაბინიოზე, რომელიც პორტუგალიური "რიუ ავედან" იჯარით "სამეფო კლუბში" მოხვდა.

მარჯვენა მცველი ფაბინიო "ფლუმინენსეს" აღზრდილია. ის "პაულინიას დე ბრაზილში" თამაშობდა. ფაბინიოს თამაშმა ფიფას აგენტი ჟორჟე მენდეში მოხიბლა და მან მთლიანად გამოისყიდა ფეხბურთელის კონტრაქტი და ივნისში ის "რიუ ავეში" გაუშვა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ფაბინიოს უკეთესი ბედი ელოდა და მალე მისით "რეალი" დააინტერესეს.

Sportall.Geასე რომ, პორტუგალიურ გუნდში უთამაშებლად, ფაბინიო "რეალის" სარეზერვო გუნდს სეზონის
ბოლომდე ათხოვეს. ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრების წევრმა უკვე ივარჯიშა "რეალ კასტილიაში". ის სეზონის დასაწყისში დანი კარვახალს შეცვლის, რომელიც "ლევერკუზენში" 5 მილიონ ევროდ გადავიდა.

"დიარიო ასს" თუ დავუჯერებთ, დღე-დღეზე ფაბინიოს შეუერთდებიან "რეალ კასტილიაში" "კორდობას" 21 წლის გარემარბი ბორხა გარსია და "კარპატის" 23 წლის ნახევარმცველი ლუკას პერესი.

გაგო კონტრაქტს წყვეტს და ვალენსიაში გადადის
ფერნანდო გაგოს
მომავალი რომ არ იქნება "რეალთან" დაკავშირებული, უკვე დიდი ხანია ცხადია - არგენტინელი ნახევარმცველი თავიდანვე აითვალწუნა ჟოზე მოურინიომ და პორტუგალიელის გეგმებში ის არც ახლა შედის.

ახლა კი ის გაირკვა, რომ გაგო სულ მალე დატოვებს "სამეფო კლუბს". მისი აგენტი "რეალის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდა.

მარსელო ლომბილიამ შეხვედრამდე პრესასთან არც ის დამალა, რომ განხილვის საკითხი მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტის შეწყვეტა იქნება.

26 წლის გაგომ შარშანდელი სეზონი "რომაში" გაატარა, სადაც ჯამში 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა. არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი, სავარაუდოდ, "ვალენსიაში" გააგრძელებს კარიერას, რადგან მისით ძალიან არის დაინტერესებული თანამემამულე მაურისიო პელეგრინო.

სიტის შიშები
"მანჩესტერ სიტი" ცდილობს, როგორმე აიცილოს თავიდან მიკა რიჩარდსის დაკარგვა, რადგან ცნობილია, რომ ამ მცველის აყვანა "რეალს" სურს.

ესპანურ გრანდს 24 მილიონი ევროს გაღება მოუხდება, თუკი ნამდვილად სურს რიჩარდსის წაყვანა. ამდენს კი "რეალი" არ გადაიხდის - "სამეფო კლუბს" სურს დაცვის მარჯვენა ფლანგზე კონკურენციის შექმნა, რომელიც 10 მილიონ ევროზე მეტი არ უღირს.

ალვარო არბელოა ასე თუ ისე თავის მოვალეობას ასრულებს, თანაც, არის კიდევ სერხიო რამოსი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია დაბრუნება ფლანგზე. არის იმის შანსი, რომ ლასანა დიარა ან რიკარდო კარვალიო დარჩეს გუნდში.

მოკლედ, ეს ფლანგი არც ისეთი საპრობლემოა, რომ 24 წლის ინგლისელში 24 მილიონი გადაიხადონ.

რა, სად, როდის
ამასობაში "რეალი" აგრძელებს ახალი სეზონისთვის მზადებას. ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში უკვე 23 ფეხბურთელია, რომელთაგანაც 14 "რეალ კასტილიას" წევრია.

მოურინიომ "რეალს" ორმხრივი მატჩი ათამაშა. "ცისფერმა" გუნდმა "თეთრის" წინააღმდეგ გრანეროს გოლის წყალობით მოიგო.

მადრიდელები ზაფხულის ტურნეში ამერიკაში მიდიან, უკვე მე-14-ედ! პირველი ამერიკული ტურნე "სამეფო კლუბმა" 1927 წელს მოაწყო, როცა ნიუ იორკში "გალისიას" ეთამაშა (1:1).

გთავაზობთ "რეალის" ტურნეს კალენდარს:

24 ივლისს ჟოზე მოურინიოს გუნდს პირველი ამხანაგური მატჩი აქვს ესპანეთშივე - ოვიედოში "რეალ ოვიედოს" წინააღმდეგ. გალისიიდან გუნდი პორტუგალიაში გადავა, სადაც ლისაბონში "ბენფიკას" ესტუმრება. ეს მატჩი 27 ივლისს გაიმართება.

მეორე დღეს "რეალის" თვითმფრინავი ოკეანეს გადასერავს და ლოს ანჯელესში ჩაფრინდება, სადაც მოურინიო და კომპანია ბანაკს დასცემს.

2 აგვისტოს "რეალის" პირველი მეტოქე ამერიკულ ტურნეში "ლოს ანჯელეს გელექსია". 5-ში ლას ვეგასში "რეალს" "სანტოს ლაგუნა" დაუპირისპირდება, 8-ში ნიუ იორკში ესპანელთა მეტოქე "მილანია", 11-ში ფილადელფიაში "რეალი" ტურნეს ბოლო მატჩს გამართავს შოტლანდიურ "სელტიკთან" და იმავე დღეს სამშობლოში დაბრუნდება.

ჭორ-მართალი
იტალიურ წყაროებს თუ დავუჯერებთ, ლასანა დიარას მომავალი ნავსაყუდელი, შესაძლოა, "მილანი" იყოს. მასიმო ალეგრი ერთობ მოწადინებულია, თავის გუნდში ლასანა იხილოს. ალეგრის ნახევარდაცვის ხაზში ძალიან უჭირს. შტრასერი და მუნტარი დაშავებულები არიან და მათ შემცვლელი სჭირდებათ.

თუმცა ესპანური წყაროები სულ სხვას ამტკიცებენ - მათი აზრით, მოურინიოს ფრანგის გაშვება არ სურს.

"რეალის" თურქი ფეხბურთელი ნური შაჰინი კი ამტკიცებს, რომ ახლაც არ ნანობს ესპანურ გრანდში გადასვლას. ნური ფიქრობს, რომ წლეულს მოიპოვებს სასტარტო შემადგენლობაში ადგილს.

კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ "ტოტენჰემი" ლუკა მოდრიჩს ასე იოლად არ დათმობს. კლუბმა ახალი ფორმების პრეზენტაცია მოაწყო და შერჩეულთა შორის მაინცდამაინც ლუკა მოდრიჩის 14-ნომრიანი მაისურაც იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული