ამხანაგური მატჩი. ოვიედო-რეალი 1:5

AutoSharing Option
ვიდეო
ზუსტად იმავდროულად, პირველი სპარინგი გამართა ესპანეთის ჩემპიონმა "რეალმაც". კატალონიელთაგან განსხვავებით, "სამეფო კლუბი" ოვიედოში ჩავიდა, სადაც ადგილობრივ "რეალს" შეხვდა და 5:1 აჯობა. ისევე, როგორც "ბარსელონას", ჟოზე მოურინიოს გუნდსაც ექსპერიმენტულს ვუწოდებთ.

ამ თამაშში თავი გამოიჩინეს ახალგაზრდებმა ლუკას ვასკესმა და დენის ჩერიშევმა. ოვიედოში მატჩს 20 ათასი მაყურებელი დაესწრო. მათ განსაკუთრებით ლუკასმა მოაწონა თავი, რომელმაც გახსნა კიდევაც ანგარიში.

ჟოზემ 4-3-3 ფორმაციის "რეალი" შემოგვთავაზა, რომელშიც ცენტრფორვარდის როლი მორატას მიენიჭა. მე-9 წუთზე ლუკასმა ივანისგან შორეული პასი მიიღო და დანი ბარიოს აჯობა. ამის შემდეგ ორი მომენტი მორატას
შეექმნა, მაგრამ მან ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაიტანა.

38-ე წუთზე მორატამ მარჯვენა ფლანგზე დენისი გაიყვანა და ესპანეთის მოქალაქე რუსი ფეხბურთელიც იოლად გაუმკლავდა მასპინძელთა გოლკიპერს. ორ წუთში მესამეც გავიდა. ლუკასი მარცხენა ფრთაზე კრიშტიანო რონალდოსთვის დამახასიათებელ სტილში ამოქმედდა. მისი ჩაწოდებული კარში გრანერომ გადაგზავნა თუ "ოვიედოს" მცველმა პასკალმა, ძნელი სათქმელია; თანაც, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ოვიედომ" მოულოდნელად გაიტანა. მარტინსმა წინ გამოვარდნილ ხესუს დაასწრო - 1:3. ამის შემდეგ ძველი გვარდიის დროც დადგა - ანხელ დი მარიამ მეკარეს ბურთი "მოპარა", ხოლო მანვე იგუაინის დარტყმულს დაამატა. პარასკევს "თეთრები" მეორე ამხანაგურ მატჩს ლისაბონში "ბენფიკას" წინააღმდეგ გამართავენ, მერე კი "რეალის" ამერიკული ტურნე იწყება.

ოვიედო-რეალი 1:5 (იხილეთ ვიდეო)
რეალი: ადანი - ხუანფრანი, მატეოსი, ივანი, კასადო - ალექს ფერნანდესი, მოსკერა, გრანერო - ჩერიშევი, მორატა, ლუკასი.
შეცვლაზე შევიდნენ: ხესუსი, დიარა, დი მარია, ვარანი, კალეხონი, რიოსი, ნაჩო, იგუაინი, პაჩეკო და ალვარო.
გოლები: 0:1 ლუკასი (9), 0:2 ჩერიშევი (38), 0:3 გრანერო (40), 1:3 მარტინსი (52), 1:4 დი მარია (55), 1:5 დი მარია (74)

მოურინიოს ლისაბონი ელის
პარასკევს ლისაბონში, "ბენფიკასთან" მატჩის გარდა, ჟოზე მოურინიოს დაჯილდოებაცაა. მწვრთნელს "პრესტიჟიო ფერნანდო სორომენიოს" პრიზს გადასცემენ. ეს პორტუგალიის სპორტულ ჟურნალისტთა მიერ დაწესებული მთავარი პრიზია.

"ოვიედოსთან" მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს მოურინიოს თანაშემწე აიტორ კარანკა წარუდგა:

"გოლები ძალიან კარგია, მაგრამ საუკეთესო იქნება, თუ ჩვენ წინასასეზონო მატჩებში ავაწყობთ გუნდის იმ თამაშს, რომელიც შემდეგ სეზონის განმავლობაში უნდა შევთავაზოთ მაყურებელს. "რეალის" ახალგაზრდული აკადემია ძლიერ კადრებს ზრდის. ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა ამ აკადემიის".

კარანკა სატრანსფერო საკითხებსაც შეეხო:

"რაც შეეხება კაკას საკითხს - ჩვენ ვცდილობთ, მისთვის და კლუბისთვის საუკეთესო გამოსავალი გამოვნახოთ. მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ის ისევ კლუბთან ერთად არის.

რაც შეეხება მოდრიჩს - მგონი, არ არსებობს კლუბი, რომელსაც არ ენდომება მოდრიჩი გუნდში. ის ძალიან კარგი და უკვე გამოცდილი ფეხბურთელია. "რეალი" კი ყოველთვის ცდილობს, საუკეთესო ფეხბურთელები ათამაშოს".

როგორც ხედავთ, ოფიციალურად პირველად დადასტურდა ის, რაზეც ამდენხანს იწერებოდა პრესაში - კაკა მიდის, ხოლო მოდრიჩის ყიდვა სურთ.

ესტებან გრანერო (რეალი): "ძალიან მიხარია, რომ კაპიტნის სამკლავური მე მეკეთა, მაგრამ არც ის მავიწყდება, რომ ეს მხოლოდ წინასასეზონო შეკრებაა".

ალვარო მორატა (რეალი): "ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პირველ გუნდში თამაშის შანსი მეძლევა და მენდობიან. მწვრთნელმა იცის, რომ თავს არ დავზოგავ, რომ ძირითად გუნდში თავი დავიმკვიდრო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული