სატრანსფერო დასკვნა: ესპანეთში ვარსკვლავები აღარ მიდიან!

AutoSharing Option
ესპანეთში, ისევე, როგორც ევროპაში, სატრანსფერო სეზონი მალე ფინიშის სწორზე გავა - ლუკა მოდრიჩის ტრანსფერი "ტოტენჰემიდან" "რეალში" ჯერაც არ განხორციელებულა, "სამეფო კლუბს" ჯერ ვერც კაკა გაუსხვისებია.

მოკლედ, მოურინიომ და კომპანიამ საქმეები ბოლოსკენ მოიტოვა. "ბარსელონაში" კი ძნელი საფიქრებელია, რაიმე ტრანსფერი კიდევ ვიხილოთ. შეგახსენებთ, რომ ესპანურ რეკორდად ამ სეზონში კვლავ ალექს სონგის ტრანსფერი რჩება - კამერუნელი "ბარსელონას" 19 მილიონი ევრო დაუჯდა. ჯამში, ყველაზე მეტიც ჯერჯერობით კატალონიელებმა დახარჯეს - 33 მილიონი ევრო (სულ ორ ფეხბურთელში: სონგი და ხორდი ალბა).

მხოლოდ ლიფსიტები
ჯერ მოკლედ ბოლო
დღეებში განხორციელებულ ტრანსფერებზე მოგითხრობთ: ლა ლიგაში დაბრუნებული "ვალიადოლიდი" სპეციალისტების მიერ უკან, სეგუნდა დივიზიონში მიბრუნების უმთავრეს კანდიდატად მიიჩნევა.

ამის მიუხედავად, "ვალიადოლიდმა" I ტურში სტუმრად სავარაუდო კონკურენტი "სარაგოსა" დაამარცხა და ჩემპიონატი მოულოდნელი სამი ქულით დაიწყო.

ახლა კი უცხოეთიდან შევსება მიიღო - პორტუგალიური "ა ბოლა" ირწმუნება, რომ "პორტუმ" და ესპანურმა კლუბმა მიაღწიეს შეთანხმებას და ენრიკე სერენო ფონსეკა ახალ სეზონს იჯარით "ვალიადოლიდში" გაატარებს.

სერენო 27 წლის ცენტრალური მცველია. სხვათა შორის, ის 2010 წლის ზაფხულში სწორედ "ვალიადოლიდიდან" გადავიდა "პორტუში", მას მერე, რაც კასტილიალეონური კლუბი პრიმერადან გავარდა. შარშანდელი სეზონი მან იჯარით გერმანულ "კიოლნში" გაატარა.

კიდევ ერთი ფეხბურთელის სახელი უკავშირდება "კიოლნს" - "მალიორკამ" იქიდან იჯარით ბრაზილიელი პედრო ჟერომელი დაიმატა. 26 წლის ცენტრალური მცველისთვის ბრძოლა "მალიორკამ" "სარაგოსას" მოუგო. ჟერომელი ამ სეზონს ლა ლიგაში, ბალეარულ კლუბში გაატარებს. სხვათა შორის, ბრაზილიელმა, 2008 წლიდან მოყოლებული, ასზე მეტ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა "კიოლნში".

"მალიორკამ" მეორე ბრაზილიელიც დაიმატა იჯარით - 22 წლის ანდერსონ კონსეისაოც ცენტრალური მცველია და აქამდე "ფიგეირენსეში" თამაშობდა.

ზემოთ ჩამოთვლილი ტრანსფერები "წვრილმანებია". ახლა კი ესპანური სატრანსფერო სეზონის აქცენტებზე ვისაუბროთ.

მეტი თვალსაჩინოებისთვის ქვემოთ სამ დამატებით ცხრილს შემოგთავაზებთ, ტოპ-ხუთეულებს ფეხბურთელთა შიდა მოძრაობის, გადინებისა და შემოდინების მიხედვით. ფაქტია, რომ ლა ლიგიდან მაღალი დონის ფეხბურთელების გადინების ტენდენციაა.

თანაც, არა მხოლოდ ლეგიონერების, არამედ ესპანელი ფეხბურთელებისა, მათ შორის, ადგილობრივ ჩემპიონატში ჯერაც თავგამოუჩენელი ახალგაზრდებისა.

შემაშფოთებელი სტატისტიკა
ჯერ მხოლოდ რამდენი საინტერესო ესპანელი ფეხბურთელი გადაბარგდა სხვაგან. მათ შორის, უპირველესად, ევროპის ჩემპიონ სანტი კასორლას აღვნიშნავთ, რომელმაც ლონდონის "არსენალის" ფორმა მოირგო (19 მილიონი ევრო).

"ატლეტიკოს" მცველი ალვარო დომინგესიც "ფურია როხას" წევრია და ის ევრო 2012-ზე წასვლის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. ახლა დომინგესი მიონხენგლადბახის "ბორუსიას" (8 მილიონი ევრო) შეეწევა ბუნდესლიგაში.

ბორხა ვალეროც ისინჯებოდა ეროვნულ ნაკრებში. "ვილიარეალის" ჭკვიანი ნახევარმცველი ახლა უკვე "ფიორენტინას" (7 მლნ) საკუთრებაა. 6 მილიონ ევროდ გადავიდა პრემიერლიგაში (უიგან ატლეტიკი) "მალიორკას" კარგი ცენტრალური მცველი ივან რამისი.

ექტორ კუპერმა "ორდუსპორში" წაიყვანა თავდამსხმელი დავიდ ბარალი (3 მლნ), პრიმერა დივიზიონის ერთ-ერთი აღმოჩენა მიჩუ კი სულ რაღაც 2 მილიონ ევროდ გაყიდა "რაიო ვალეკანომ" "სუონსი სიტიში" და მან პირველივე ტურში დუბლი შეასრულა.

ივან მარკანო "რუბინში" (5 მლნ) აღმოჩნდა და ასე შემდეგ... აღარაფერს ვამბობთ შემაშფოთებელ ტენდენციაზე, რომ უკვე ძალიან ახალგაზრდებიც გარბიან - "რეალმა" გერმანიაში ორი ტალანტი გაასხვისა: ხოსელუ ("ჰოფენჰაიმში", 6 მლნ) და დანიელ კარვახალი ("ლევერკუზენი", 5 მლნ).

ჩაძირული ნავიდან გაქცეული ვირთხები
მიდიან ლეგიონერებიც - ლა ლიგიდან გავარდნილმა "ვილიარეალმა" ყველა და ყველაფერი დაკარგა, თუმცა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვალენსიური კლუბიდან ვარსკვლავები საზღვარგარეთ წავიდნენ.

"ვილიარეალიდან" 16 ფეხბურთელი (!) წავიდა და აქედან მხოლოდ 3 გადავიდა ლა ლიგის კლუბებში: კარლოს მარჩენა (დეპორტივო), დიეგო ლოპესი (სევილია) და ვაკასო მუბარაკი (ესპანიოლი). ყველაზე დიდი დანაკარგი შეტევის ბრაზილიურ-არგენტინული დუეტია: ნილმარი (8 მლნ) ამიერიდან ყატარული "ალ რაიანისთვის" გაიტანს, ხოლო მარკო რუბენი (10 მლნ) კიევის "დინამოსთვის".

"ლევანტეს" ყოჩაღი კოტდივუარელი ფორვარდი არუნა კონე (15 გოლი ლა ლიგაში) 5 მილიონ ევროდ "უიგან ატლეტიკში" წავიდა.

"ბენფიკამ" არგენტინელი ედუარდო სალვიო 10 მილიონად დაიბრუნა მადრიდის "ატლეტიკოდან". ლა ლიგამ დაკარგა მეჰმეთ თოპალი, იბრაჰიმა ბალდე, ჯეფერსონ მონტერო, იოან მოლო, ჯავად ნეკუნამი, კალუ უჩე, ჟულიენ ესკუდე, კრისტიან საპატა, ლაუტარო აკოსტა, კრისტიან სტუანი და კიდევ ბევრი საინტერესო ფეხბურთელი.

არცერთი ვარსკვლავი!
შევსება კი არ არის ადეკვატური. თუ არ ჩავთვლით ალექს სონგს "არსენალიდან", თამამად შეგვიძლია თქმა, რომ ესპანეთის ჩემპიონატში ერთი კაშკაშა ვარსკვლავიც არ გადასულა. თანაც, სონგს გაჭირვებით თუ ვუწოდებთ კაშკაშა ვარსკვლავს.

იუსეფ ელ-არაბი, ჟოფრეი კონდობია, მიქაელ კრონ-დელი, სისინიო, ფლორო ფლორესი და სხვები ნამდვილად არ არიან იმ დონის ფეხბურთელები, მათი შემატებით მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესომ (რეიტინგით საუკეთესომ) ლიგამ რომ იამაყოს.

სატრანსფერო სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ რჩება ერთი კვირა. ბოლო დღეებში ბევრი ტრანსფერი განხორციელდება, მაგრამ ერთი მოდრიჩი გაზაფხულს მოიყვანს?

ბოლო დღეებში ლა ლიგაში განხორციელებული ტრანსფერები
20 აგვ როდრი რიოსი ბარსელონა II შეფილდი იჯარა
20 აგვ რუპერი ოსასუნა ნუმანსია იჯარა
21 აგვ ანდერსონ კონსეისაო (ბრა) ფიგეირენსე მალიორკა იჯარა
21 აგვ სერხიო აიალა ბარსელონა II ალავესი იჯარა
21 აგვ მიქაელ კრონ-დელი (დან) ბრონდბიუ სელტა 1 მლნ. ევრო
22 აგვ ნოსა იგიებორი (ნიგ) ჰაპოელი თ.ა. ბეტისი თავ. აგენტი
22 აგვ კაბირუ აკინსოლა (ნიგ) გრანადა რასინგი იჯარა
22 აგვ ოსკარ პერესი გრანადა რასინგი იჯარა
22 აგვ პაპე დიამანკა (სენ) ვალეკანო ვალერანგა იჯარა
22 აგვ რუიმან ერნანდესი ლას პალმასი რასინგი თავ. აგენტი
22 აგვ ჰიროში იბუსუკი (იაპ) სევილია ვეპენი იჯარა
22 აგვ პედრო ჟერომელი (ბრა) კიოლნი მალიორკა იჯარა
22 აგვ ენრიკე სერენო (პორ) პორტუ ვალიადოლიდი იჯარა

ტოპ-5 შიდა ტრანსფერი
14 მლნ ხორდი ალბა ვალენსია ბარსელონა
5 მლნ ფერნანდო გაგო (არგ) რეალი ვალენსია
5 მლნ სერხიო კანალესი რეალი ვალენსია
3 მლნ დიეგო ლოპესი ვილიარეალი სევილია
2,5 მლნ ალბერტო ბოტია სპორტინგი სევილია

ტოპ-5 (ლა ლიგიდან)
19 მლნ სანტი კასორლა მალაგა არსენალი
10 მლნ მარკო რუბენი (არგ) ვილიარეალი დინამო კ.
10 მლნ ედუარდო სალვიო (არგ) ატლეტიკო ბენფიკა
8 მლნ ალვარო დომინგესი ატლეტიკო მიონხენგლადბახი
8 მლნ ნილმარი (ბრა) ვილიარეალი ალ რაიანი

ტოპ-5 (ლა ლიგაში)
19 მლნ ალექს სონგი (კამ) არსენალი ბარსელონა
5 მლნ იუსეფ ელ-არაბი (მარ) ალ-ჰილალი გრანადა
4 მლნ ჟოფრეი კონდობია (საფ) ლანსი სევილია
3,7 მლნ ჟოაო პერეირა (პორ) სპორტინგი ლ. ვალენსია
2 მლნ სისინიო (ბრა) პალმეირასი სევილია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული