უფერული პირველი ტაიმის შემდეგ მძიმე შთაბეჭდილება 5-გოლიანმა თრილერმა გამოგვისწორა. ყველაფერი მადრიდში საპასუხო მატჩში გადაწყდება.
პირველ ტაიმში "ბარსელონას" სათამაშო უპირატესობა აშკარა იყო. შესვენებამდე ბურთის ფლობის მაჩვენებელმა 72%-მდე მიაღწია, რაც "ბარსასთვისაც" მაღალი მაჩვენებელია. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მასპინძლებს 100%-იანი საგოლე მომენტები ჰქონდათ.
აქტიურობდნენ
მეორე ტაიმის მე-10 წუთზე "ელ კლასიკოსთვის" უჩვეულო, დუნე მიმდინარეობა დაირღვა - ეს კრიშტიანო რონალდომ გააკეთა. მესუთ იოზილმა კუთხური ჩააწოდა და პორტუგალიელმა გოლეადორმა თავით ყველას დაასწრო - 0:1.
ტიტო ვილანოვას გუნდი არ დაბნეულა და ზუსტად წუთნახევარში "ბარსამ" გაათანაბრა. ხავიერ მასკერანოს შორეული პასით პედრო კასილიასის პირისპირ გავიდა და გაიტანა - 1:1.
მატჩის ჩარხი "ბარსამ" მას მერე შემოატრიალა, როცა სერხიო რამოსმა საჯარიმოში ინიესტა მოცელა - ლეო მესიმ კლასიკოებში მე-14 გოლი პენალტით გაიტანა.
"ბარსას" უპირატესობა 2-ბურთიანი მას მერე გახდა, რაც ინიესტა ბრწყინვალედ შეიჭრა საჯარიმოში და დიდებული პასი მიაწოდა ჩავის - 3:1.
ამის შემდეგ ჟოზე მოურინიომ უკანასკნელი ცვლილება განახორციელა - მარსელო ინერტული იოზილის მაგივრად გამოვიდა.
მატჩის მიწურულს ანგარიში გამანადგურებელი უნდა გამხდარიყო. სესკ ფაბრეგასის პასით მესი ურტყამდა, მაგრამ კასილიასმა იყოჩაღა. 4:1-ის ნაცვლად "ბარსამ" 3:2 მიიღო. ეს კი კასილიასის ვიზავის "დამსახურებაა" - ვიქტორ ვალდესმა სულელურად დაკარგა ბურთი და ანხელ დი მარიამ ცარიელ კარში გაიტანა.
ესპანეთის სუპერთასი. I მატჩი
ბარსელონა-რეალი 3:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 რონალდო (55), 1:1 პედრო (57), 2:1 მესი (70-პენ), 3:1 ჩავი (78), 3:2 დი მარია (85)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ადრიანო - ჩავი (83. ფაბრეგასი), ბუსკეტსი, ინიესტა - სანჩესი (71. ტელიო), მესი, პედრო (87. ალბა).
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, ალბიოლი, სერხიო რამოსი, ფ. კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - კალეხონი (65. დი მარია), იოზილი (82. მარსელო), რონალდო - ბენზემა (61. იგუაინი).
გაფრთხილება: მასკერანო - ჩაბი ალონსო, არბელოა, ალბიოლი
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 16-7 (6-2); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 95 000
საპასუხო მატჩი 29 აგვისტოს
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ტიტო ვილანოვა: არ გამკვირვებია, თამაშის შემდეგ ჟოზე მოურინიომ მსაჯზე რომ ილაპარაკა
ჟოზე მოურინიო: "ბარსელონამ" პირველი გოლი თამაშგარედან გაიტანა