ესპანეთი. ლა ლიგა. II ტურის წინ: ნაკლასიკოევს

AutoSharing Option
პრიმერადივიზიონის მეორე ტურის "მენიუ" ასეთია - ორშაბათს, გვიან ღამით ტურს ორი "ათლეტთა" დუელი დააგვირგვინებს - "ვისენტე კალდერონზე" მადრიდის "ატლეტიკო" ბილბაოს "ატლეტიკს" მასპინძლობს.

ამ შეხვედრას ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად მივიჩნევთ, თუმცა არც სხვა წყვილებია უინტერესო. მაგალითად, 26 აგვისტოს "მესტალიაზე" მადრიდში გმირულად მოთამაშე "ვალენსია" ელიტაში დაბრუნებულ "დეპორტივოს" მიიღებს, რომელმაც სულაც გამარჯვებით დაიწყო სეზონი.

"მენიუში" ორი დერბიც გვაქვს - მცირე მადრიდული, "რეალი" "ხეტაფეს" ესტუმრება და მცირე ანდალუსიური, "სევილია" "გრანადას" ეწვევა.

რაც შეეხება "ბარსელონას", დაძაბული სუპერთასის მერე მას მძიმე გასვლა ელის ნავარაში, სადაც არცთუ სტუმართმოყვარე
"ოსასუნა" ელის.

მოკლედ, ყველაზე საინტერესო დაპირისპირებები 26 და 27 აგვისტოსაა.

კლასიკოს გამოძახილი
სუპერთასის პირველი მატჩი ახალი დასრულებულია. ამიტომაც, "ბარსელონას" და "რეალის" დაპირისპირებას კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ.

"ბარსელონამ" კი მოიგო, მაგრამ მატჩის მიწურულს ვიქტორ ვალდესის შეცდომამ ყველაფერი გააფუჭა - 3:2. ახლა ყველაფერს საპასუხო მატჩი გადაწყვეტს, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" 29 აგვისტოს გაიმართება.

ქვემოთ კი ხუთშაბათის სუპერთასის მატჩის რამდნიმე საინტერესო დეტალს იხილავთ.

* კრიშტიანო რონალდო "რეალის" ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 4 კლასიკოზე გაიტანა "კამპ ნოუზე".
* ტიტო ვილანოვასთვის კლასიკოებზე გოლების გატანა პედრო როდრიგესმა დაიწყო. ხოსეპ გვარდიოლასთვის კი - სამუელ ეტო'ომ.
* ლეო მესიმ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა და კლასიკოებზე სესარის რეკორდი გაიმეორა - 14 გოლი "რეალის" კარში.
* სესკ ფაბრეგასი მეორე ტაიმში შევიდა მოედანზე, ეს სესკის 50-ე მატჩი იყო "ბარსელონას" შემადგენლობაში.
* რაც ჟოზე მოურინიოა "რეალის" თავკაცი, გუნდმა მე-100 გოლი გაუშვა 119 მატჩში. აღსანიშნავია, რომ 100-დან 25 ანუ მეოთხედი (!) "ბარსელონას" ანგარიშზეა.
* სუპერთასის I მატჩს "კამპ ნოუზე" ზუსტად 91 728 ადამიანი დაესწრო.
* ჩავიმ პასების 98% ზუსტი გააკეთა!
* თამაშმა უდიდესი დაინტერესება გამოიწვია ესპანეთში, ტვე-მ რეკორდი დაამყარა - მატჩს პირდაპირ ეთერში 7,2 მილიონმა ადამიანმა უყურა, რაც მაყურებელთა 48%-ია.

დღესაც არ მოვიწყენთ
25 აგვისტოს კატალონიაში პირველ ტურში ხელმოცარულთა დუელია - "ესპანიოლი" "სარაგოსას" მასპინძლობს, გუნდებს ჯერ ქულა არ მოუპოვებიათ.

თუკი არაგონელებმა თავი ძლივს დაიძვრინეს გავარდნიდან, მაირისიო პოჩეტინიოს გუნდს უფრო დიდი მიზნები აქვს და "კორნელია ელ პრატზე" 3 ქულისთვის გავა. ბოლო დროს "ესპანიოლი" "სარაგოსას" სჯობნის - 10 შეხვედრიდან 6 მოუგო.

მანოლო ხიმენესის გუნდს არ ეყოლება მარცხენა მცველი ივან ობრადოვიჩი, სერბმა პირველ ტურში, "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ მუხლი დაიზიანა და ერთი თვით გამოაკლდა "სარაგოსას". ეს დანაკლისი ბარსელონურ კლუბში ბუნებრივად ჩანაცვლდება, მარცხენა ფლანგზე მსოფლიოს ჩემპიონი ხოან კაპდევილა ითამაშებს, რომელიც "ესპანიოლში" პორტუგალიიდან გადავიდა.

სან სებასტიანში "რეალ სოსიედადი" "სელტას" მასპინძლობს. 2007 წელს ეს ორი გუნდი ერთად გავარდა ესპანური ფეხბურთის ელიტიდან. ლა ლიგაში ჯერ ბასკები დაბრუნდნენ, ახლა კი - გალისიელებიც. ახალი სეზონი ორივემ ცუდად დაიწყო, განსაკუთრებით ბასკებმა, რომელთაც "კამპ ნოუზე" 1:5 წააგეს "ბარსელონასთან". "სელტამ" კი შინ "მალაგასთან" 16 წლის ბავშვის, ფაბრის ოლინგას გოლის გამო დათმო - 0:1.

"სოსიედადის" უპირატესობა ვიგოელებთან მატჩში ძლიერი შუახაზი იქნება (ჩორი კასტრო, ანტუან გრიზმანი, ჩაბი პრიეტო), "სელტა" კი დიდად იქნება მეკარე ხავი ვარასის თამაშზე დამოკიდებული. "სელტამ" ახლახან დანიელი მიქაელ კრონ-დელი შეიმატა, თუმცა ის ალბათ სათადარიგოთა სკამზე იქნება, თამაშს კი ისევ იაგო ასპასისა და ენრიკე დე ლუკასის დუეტი დაიწყებს, რომლებიც ხშირად ცვლიან პოზიციებს (ცენტრფორვარდი და მარჯვენა გარემარბი).

პირველი ტურის სენსაცია "ბეტისი", რომელმაც "სან მამესზე" ხუთი გოლი გაუტანა "ბილბაოს", 25 აგვისტოს "რაიო ვალეკანოს" მასპინძლობს.

"ბეტისის" უმთავრესი მიზანი აგვისტოს ბოლომდე ლიდერის, ბენიატ ეჩებარიას შენარჩუნებაა. ესპანეთის ნაკრებში მოხვედრის კანდიდატი უბრალოდ ბრწყინვალედ თამაშობს, არადა, მისი შეძენა "ვოლფსბურგმა" მოინდომა. ბენიატმა, რომელიც ბასკია და "ბილბაოს" აღზრდილია, შავი დღე გაუთენა ყოფილ გუნდს. "ვოლსფურგმა" უკვე მეორე წინადადებით მიმართა "ბეტისს", ახლა სატრანსფერო შეთავაზება 15,5 მილიონ ევროს უდრის.

"ლა როსალედაზე" ჩემპიონთა ლიგის კარიბჭესთან მყოფი "მალაგა" "მალიორკას" მასპინძლობს. ორივე გუნდმა გამარჯვებით დაიწყო სეზონი და ორივეს ფინანსური პრობლემები აერთიანებს, თუმცა ერთი რამით კუნძულელები უკეთეს პირობებში არიან - მათ მომზადებისთვის თითქმის კვირა ჰქონდათ, მანუელ პელეგრინის გუნდმა კი "პანათინაიკოსთან" იომა.

ვნახოთ, ვიხილავთ თუ არა 16 წლის ფაბრისს სასტარტო შემადგენლობაში. ყოველ შემთხვევაში პირველ ტურში გმირობით და ბერძნებთან გააზრებული თამაშით, კამერუნელმა ეს აშკარად დაიმსახურა.

ესპანეთი. ლა ლიგა. II ტური
25 აგვისტო
სოსიედადი-სელტა 21:00
ბეტისი-ვალეკანო 23:00
ესპანიოლი-სარაგოსა 23:00
მალაგა-მალიორკა 01:00

26 აგვისტო
ოსასუნა-ბარსელონა 21:00
გრანადა-სევილია 23:00
ხეტაფე-რეალი 23:00
ვალენსია-დეპორტივო 01:00

27 აგვისტო
ვალიადოლიდი-ლევანტე 22:00
ატლეტიკო-ბილბაო 00:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული