ესპანეთის სუპერთასის გამოხმაურება: მადრიდის "რეალის" მეცხრე გაელვება

AutoSharing Option
კაცი-ტიტული
კაცი, რომელმაც ჯილდოების ისედაც მდიდარ კოლექციას ესპანეთის სუპერთასი შემატა, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე არ გამოჩენილა და როგორც სჩვევია ხოლმე, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ასისტენტი გააგზავნა.

ჟოზე მოურინიო სხვანაირად ვერც მოიქცეოდა - "ბარსელონასთან" ორრაუნდიანი ბრძოლის წინ იმდენად დააკნინა ამ ტურნირის მნიშვნელობა, რომ ახლა გამარჯვებით პოზიორობა უადგილო გამოდიოდა.

ასეა თუ ისე, ესპანეთის სუპერთასი ერთი წლით ბინას მადრიდში, "რეალის" მუზეუმში დაიდებს.

ჟოზე მარიო დოშ სანტუშ მოურინიო ფელიქსი, ანუ "განსაკუთრებული", 49 წლის ასაკში კიდევ ერთ ტიტულს დაეუფლა მას მერე, რაც მისმა "რეალმა" "ბარსას" გონსალო იგუაინისა და კრიშტიანო
რონალდოს გოლების წყალობით 2:1 მოუგო.

ორი მატჩის ჯამში ანგარიში 4:4 გახდა, მაგრამ სტუმრად მეტი გოლის წყალობით "რეალმა" ტიტული გამოსტაცა მეტოქეს.

ბედის ირონიით, სუპერთასის ბედი ვიქტორ ვალდესის საოცარმა შეცდომამ გადაწყვიტა ჯერ კიდევ პირველი მატჩის ბოლოს, როცა ანხელ დი მარიას ბურთი "აჩუქა".

ესპანეთის სუპერთასი მოურინიოსთვის მე-20 საკლუბო ტიტულია. აქვე ყველა ჯილდოს ჩამოვთვლით:

პორტუ (2002-04): პორტუგალიის ჩემპიონობა (2-ჯერ), პორტუგალიის თასი, პორტუგალიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი;

ჩელსი (2004-07): პრემიერლიგა (2-ჯერ), ასოციაციის თასი, ლიგის თასი (2-ჯერ), ქომუნითი შილდი;

ინტერნაციონალე (2008-10): სერია A (2-ჯერ), იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა;

რეალი (2010-დან): ლა ლიგა, ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერთასი.

მოურინიოს ინდივიდუალურ პრიზთა ჩამოთვლა კი შორს წაგვიყვანს.

ერთიც ბარსამდე
ესპანეთის სუპერთასის გათამაშება 1982 წლიდან იღებს სათავეს, თუმცა 40-50-იან წლებში სხვა ტურნირები ეწყობოდა, რომლის პრინციპიც ქვეყნის ჩემპიონისა და თასის მფლობელის დაპირისპირება იყო (მათ შორის, ევა დუარტეს პრიზს გამოვყოფთ).

თუ ამ წინამორბედ ტურნირებს არ ჩავთვლით, ოთხშაბათს რეალმა სუპერთასი ისტორიაში მე-9-ედ მოიპოვა და თითქმის დაეწია "ბარსელონას" (10 გამარჯვება).

ამ ორის გარდა, ერთზე მეტად სუპერთასი "დეპორტივოს" აქვს მოგებული (3-ჯერ). თითოჯერ იმარჯვეს: "ატლეტიკომ", "ვალენსიამ", "სარაგოსამ", "ბილბაომ", "მალიორკამ", "სევილიამ" და "რეალ სოსიედადმა".

მატჩის შემდგომ
აიტორ კარანკა
("რეალის" მწვრთნელის ასისტენტი):
"თავიდანვე შევუტიეთ და შედეგს მალევე მივაღწიეთ. როცა მეტოქეს ფეხბურთელი გაუგდეს, ჩვენი უპირატესობა დიდი გახდა.

ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით. ასე რომ, ჩვენი გამარჯვება სამართლიანია
, მით უფრო, პირველ ტაიმში ნაჩვენები ფეხბურთის მიხედვით.

პირველ ტაიმში საგოლე მომენტები რომ გამოგვეყენებინა, მატჩის ანგარიში კიდევ უფრო ლოგიკური იქნებოდა. რადგან ბრძოლა ტიტულისთვის იყო, მეორე ტაიმში შესაბამისად ვიმოქმედეთ.

ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ სუპერთასში "ბარსას" სასარგებლოდ დაწყებული მოვლენები საჩვენოდ შემოვატრიალეთ".


ტიტო ვილანოვა ("ბარსელონას" მწვრთნელი):
"პირველი ტაიმი არ იყო საჩვენო, მაგრამ ამ თამაშის მეორე ტაიმი, ჩემს ჯერჯერობით მოკლე სამწვრთნელო კარიერაში, ყველაზე საამაყოა.

10 კაცით ვაკონტროლებდით თამაშს მეტოქის მოედანზე და გვქონდა 5 აშკარა საგოლე მომენტი.

არ დავიხიეთ უკან, რადგან 10-ნი ვიყავით და კონტრშეტევაზე არ ავაგეთ თამაში. ჩვენ ამას არასოდეს ვაკეთებთ".

ვინ როგორ ითამაშა
რეალი
* იკერ კასილიასი:
მესიმ საჯარიმო ფანტასტიკურად დაარტყა. რა უნდა ექნა კასილიასს? აი, სხვა რამდენიმე ეპიზოდში კი დიდებულად გაისარჯა "რეალის" კაპიტანი.

* ალვარო არბელოა:
სოლიდურად ითამაშა, დაცვაში ფლანგი არავის დაანება და შეტევაშიც ეხმარებოდა დი მარიას და სხვებსაც.

* სერხიო რამოსი:
მეორე ტაიმში ერთი-ორჯერ სერიოზულად შეცდა.

* პეპე:
სულაც არ ეტყობოდა კონტუზიის ნიშნები, დაცვაში ყოჩაღობდა და მესის და კომპანიას შანსებს უცოტავებდა. მისი ჩართვით შეტევაში გავიდა მატჩის პირველი გოლი.

* მარსელო:
დაცვაში საქმე ცოტა ჰქონდა. ამიტომაც მეტოქის ნახევარზე "დასახლდა". ფლანგზე გარღვევებით პრობლემები გაუჩინა ოპონენტებს.
სამი ხედირა: "შავი სამუშაო" გაწია. ერთ ეპიზოდში ახლოს იყო გატანასთანაც, მაგრამ ვალდესმა ივარგა.

* ჩაბი ალონსო:
სიღრმიდან ძალიან კარგ პასებს არიგებდა, მაგრამ სწორედ ის დაჯარიმდა ჩავიზე (როცა მესიმ ერთი გაქვითა). ამის გამო მეორე ტაიმი დაძაბული გამოდგა და ტიტულის ბედი - საორჭოფო.

* ანხელ დი მარია:
ენერგეტიკული გარღვევები ფლანგიდან. დაცვასაც ეხმარებოდა.

* მესუთ იოზილი:
როგორც ჩანს, ლუკა მოდრიჩის გამოჩენამ მასზე იმოქმედა და "გამოფხიზლდა". რამდენიმე შანსიც შეექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა.

* კრიშტიანო რონალდო:
ესპანეთის ჩემპიონთა მთავარი დამრტყმელი ძალა. რონალდოს კონტრშეტევებმა "ბარსელონას" უამრავი პრობლემა შეუქმნა. გოლისას პიკეს მცირე საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი.

* გონსალო იგუაინი:
ჟოზე მოურინიომ მასზე შეაჩერა არჩევანი - გონსალო იწყებს და გააქვს. 4 საგოლე შანსიდან 1 გამოიყენა. იყო ძალიან აქტიური.

* ხოსე კალეხონი:
აქტიურად ჩაერთო თამაშში.

* ქარიმ ბენზემა:
შეცვლაზე ითამაშა და სახიფათოდაც უტევდა.

* ლუკა მოდრიჩი:
ხორვატის სადებიუტო მატჩი. ერთი საგოლე შანსიც ჰქონდა.

ბარსელონა
* ვიქტორ ვალდესი:
როგორ გინდა გაკიცხო გოლკიპერი, რომელმაც 2-3-ჯერ აშკარა გოლისგან იხსნა გუნდი? მაგრამ იგუაინის გოლისას ვალდესს უკეთესად შეეძლო გარჯა, ხოლო რონალდოს დარტყმისას ვალდებულიც იყო.

* ადრიანო კორეია:
მისი თამაში 30 წუთსაც ვერ გაგრძელდა, რაშიც თავად ბრაზილიელია დამნაშავე, რონალდოს წაქცევისთვის ის მოედნიდან გააძევეს. მატჩის უცუდესი ფეხბურთელი.

* ჟერარდ პიკე:

რომ არა ადრიანო, პიკე იქნებოდა მატჩის უცუდესი მონაწილე. ძალიან სუსტი თამაში დაცვის ცენტრში.

* ხავიერ მასკერანო:
იგუაინის გოლისას აშკარად შეცდა. პირველ ტაიმში ცუდად ითამაშა, მეორეში არგენტინელმა გამოასწორა.

* ხორდი ალბა:
დაცვის ერთადერთი წევრი, რომელსაც არა უშავდა, თუმცა ფლანგზე 1-2-ჯერ ისიც შეცდა.

* ჩავი:
პირველ ტაიმში ვერაფრით გადაიყვანა გუნდი თამაშის იმ სტილზე, რითაც არის ცნობილი ეს გუნდი. მეორე ტაიმში კი ჩავიმ კარგად ითამაშა და "ბარსამაც" სათამაშო უპირატესობა მოიპოვა.

* სერხიო ბუსკეტსი:
ხშირად უწევდა ართმევაზე თამაში, ხანდახან აგვიანებდა უკან ამოსვლას.

* ანდრეს ინიესტა:
პირველ ტაიმში ეპიზოდურად ფეთქდებოდა, მეორეში მანაც უკეთ ითამაშა.

* პედრო როდრიგესი:
მეორე ტაიმში "ბარსას" გარდასახვის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო. ორი საგოლე შანსიც ჰქონდა.

* ლიონელ მესი:
როგორც "ოსასუნასთან" მატჩში, მესის კარგად აკონტროლებდნენ, მაგრამ როგორც ნავარაში, მას მადრიდშიც ეყო ძალა, ექსტრაორდინარული მოეფიქრებინა. ოღონდ ამჯერად მესის გენია საბოლოო გამარჯვებას ვერ ეყო.

* ალექსის სანჩესი:
მალევე შეცვალეს. ადრიანოს გაძევების გამო გუნდს მცველი სჭირდებოდა, თუმცა მანამდე არ ჩანდა მოედანზე.

* მარტინ მონტოია:
თავიდან გაუჭირდა, მერე და მერე არაფერს აშავებდა.

* ალექს სონგი:
ეს მისი სადებიუტო მატჩი იყო. 15 წუთში ბევრი ვერ მოასწრო.

* კრისტიან ტელიო:
ცოტა ხანს იყო მოედანზე.

იცით თუ არა, რომ...
* ალექს სონგმა თავის სადებიუტო მატჩში "ბარსას" მაისურით 18 პასი გააკეთა და ყველა ზუსტი.

* თამაშის მერე მესი, ინიესტა და რონალდო მონაკოში გაემგზავრნენ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ცერემონიალზე მონაწილეობის მისაღებად.

* მესიმ კლასიკოების ისტორიაში 15 გოლი გაიტანა და "ბარსელონას" ისტორიაში შევიდა. აქამდე ყველაზე მეტი გოლი სესარმა გაიტანა "რეალის" კარში - 14.

* ორივე გუნდმა ორ მატჩში 4-4 გოლი გაიტანა, კარშიც ზუსტად 27-27 დარტყმა განახორციელა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მადრიდის "რეალმა" "ბარსელონა" 2:1 დაამარცხა და სუპერთასი მოიპოვა [VIDEO]
კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ერთმანეთს ხელს არ ართმევენ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული