ლა ლიგა. III ტურის შეჯამება: 150 გოლი, არც ერთი სიხარული და უამრავი ჭორი

AutoSharing Option
"რატომ არ აღვნიშნე გოლები? იმიტომ, რომ აქ ბედნიერი არ ვარ. კლუბში კარგად იციან ამის შესახებ", - თქვა პორტუგალიელმა კრიშტიანო რონალდომ და სადარდებელი დაუტოვა სრულიად ესპანეთს, თავად კი პორტუგალიის ნაკრებში წავიდა.

კაკამ თქვა, რონალდოს სრული მხარდაჭერა აქვს ჩვენიო, მაგრამ კაკას ახლა "რეალში" თავად უჭირს და ძნელი სათქმელია, "ჩვენში" ვინ იგულისხმა.

ისე, ამბობენ, რონალდოს ხელშეკრულების გაგრძელება სურს, უფრო უკეთესი პირობებით, რაზეც კლუბი უარზეაო; ისიც თქვეს, როგორც კი "რეალმა" ესიენი გადმოიყვანა, რონალდო ფლორენტინო პერესთან შევიდა და უთხრა, გუნდიდან წასვლა მინდაო. რუსებმა ისიც დაწერეს,
რონალდო "ანჟიში" გადადისო, მაგრამ თქვენი ნებართვით, ამ "ვერსიას" არ განვიხილავთ...

არადა, რონალდოს აღსანიშნად ჰქონდა საქმე, თუ ჰქონდა - კრიშტიანომ "რეალის" მაისურით 149-ე მატჩში 150 გოლი გაიტანა (!) - ფენომენალური მიღწევაა.

ბუნებრივია, რონალდომ ყველა სენსაციური გამონათქვამი გადაფარა, მათ შორის, "ვალენსიას" პრეზიდენტის, მანუელ ლორენტეს ფრაზა, "რეალთან" და "ბარსელონასთან" ყოველთვის გვჩაგრავენ, შესაბამისად, იღებენ ლა ლიგაში მოსაწყენ, ორთავა ურჩხულსო.

ლორენტე ვიქტორ რუისის გოლს მისტიროდა, რომელიც პერეს ლასას ასისტენტმა თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა და "ლოს ჩეს" ქულა დააკარგვინა. სხვათა შორის, ისეთმა მიკერძოებულმა გამოცემამაც კი, როგორიც "მარკაა" ("ბარსელონასთან" მიმართებაში), აღიარა, რომ ვალენსიელი მცველი თამაშგარე მდგომარეობაში იყო.

ბარსა-რეალობა
ჩემპიონმა, როგორც იქნა, მოიგო და დამაჯერებლადაც - "გრანადას" შანსი არ დაუტოვა. იმარჯვა პრეტენდენტმაც, მართალია, კითხვის ნიშნებით და ძნელად, მაგრამ მეტოქეც გაცილებით რთული ჰყავდა - "ბარსელონამ" 1:0 მოუგო "ვალენსიას".

ბარსელონელთა ძირითადში ითამაშა კამერუნელმა ალექს სონგმა და დიდებულადაც. მან, ადრიანოსა და ჩვეულ ტრიოსთან (ჩავი, ინიესტა, მესი) ერთად გადაწყვიტა კიდევაც თამაშის ბედი.

ჟოზე მოურინიომ მოასწრო წინა დღის ჩემპიონთა ლიგაზე მომავალი მეტოქის, "მანჩესტერ სიტის" საქმეში ნახვა, დაბრუნება და გუნდის ანდალუსიურ მეტოქეზე მომართვა. კმაყოფილიც იყო ბოლოს შედეგით, თუმცა კიდევ უფრო მეტს ითხოვს ფეხბურთელებისაგან. გონსალო იგუაინი ერთადერთ ფეხბურთელია ლა ლიგაში, რომელმაც ყოველ ტურში გაიტანა (სამივეში თითო).

3 სექტემბერს კი გუნდები სანაკრებო პაუზაზე გავიდნენ და უკვე დაიცალნენ ეროვნულ ნაკრებებში გამოძახებული ვარსკვლავებისგან.

მესი VS რონი
კრიშტიანო რონალდომ 65 წუთი ითამაშა "გრანადასთან" 3:0 მოგებულ მატჩში. კარისკენ 8-ჯერ დაარტყა, 4-ჯერ ზუსტად, გაიტანა 2 გოლი, მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

ლიონელ მესიმ 90 წუთი ითამაშა "ვალენსიასთან" 1:0 მოგებულ მატჩში. კარისკენ 5-ჯერ დაარტყა, აქედან 1-ხელ ზუსტად, 1 საგოლე პასი გააკეთა, მის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

როგორც იქნა, ჩვენს "ტურნირში" რონალდომ მოუგო რაუნდი მესის - 1:2.

ტურის სიმბოლური ნაკრები
ლელოს ვერსიით. 3-4-3

დიეგო ალვეში (ვალენსია, 2) - ანდერსონ კონსეისაო (მალიორკა, 1), კარლოს მარჩენა (დეპორტივო, 1), ადრიანო კორეა (ბარსელონა, 1) - მარკელ სუსაეტა (ბილბაო, 1), ალექს სონგი (ბარსელონა, 1), ხუანლუ (ლევანტე, 1), ჟოან ვერდიუ (ესპანიოლი, 1) - რიკი (დეპორტივო, 1), იაგო ასპასი (სელტა, 1), კრიშტიანო რონალდო (რეალი, 1).

მე-12 ფეხბურთელი: არიც ადურისი (ბილბაო).

ტურის გმირი
ლევანტე

მთლიანად გუნდს ვასახელებთ, რომელმაც შეძლო "ესპანიოლთან" ტაიმის 0:2 წაგების შემდეგ 3:2 მოგება, თანაც 10 კაცით.

ტურის ფრაზები
კრიშტიანო რონალდო: "რატომ არ აღვნიშნე გოლები? იმიტომ, რომ აქ ბედნიერი არ ვარ. კლუბში კარგად იციან ამის შესახებ", - პორტუგალიელის სენსაციური ფრაზა.

მანუელ ლორენტე: "როცა არ უნდა ვხვდებოდეთ "რეალს" ან "ბარსას", ყოველთვის რაღაც ხდება ჩვენს საწინააღმდეგოდ", - "ვალენსიას" პრეზიდენტი.

ტიტო ვილანოვა: "ჩვენ ახლა ისე კარგად არ ვთამაშობთ, როგორც მარტში ვითამაშებთ", - "ბარსას" თავკაცი გუნდის პოტენციალზე.

მაურისიო პელეგრინო: "ვერავინ მეტყვის, ზუსტად იყო თუ არა რუისი თამაშგარეში, რადგან ლაპარაკია მილიმეტრებზე", - "ვალენსიას" თავკაცი "ბარსელონასთან" 0:1 მარცხის მერე.

ჟოზე მოურინიო: "გუნდი მომეწონა, თუმცა ამბიცია მოსამატებელი გვაქვს", - "გრანადასთან" 3:0 მოგების მერე.

ხოსე ანტონიო ანკელია: "ყველაზე კარგი ისაა, რომ ამ სეზონში "ბერნაბეუზე" სათამაშო აღარ გვაქვს", - "გრანადას" თავკაცი.

ხოსე იგნასიო მარტინესი: "გაგვიმართლა, რომ ვერდიუმ ტრავმა მიიღო. ის მათი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია", - "ლევანტეს" თავკაცი 3:2 მოგების შემდეგ.

ესპანური ფეხბურთის სისუსტე - მსაჯები
ვიტიენეს ტეშეირა (ლევანტე-ესპანიოლი) - 5 "მარკა" (10-ბალიანი შეფასებით)
რა დააშავა: ვისენტე იბორა კი გააძევა სამართლიანად, მაგრამ "ლევანტეს" კარში აშკარა პენალტი არ დანიშნა, როცა ლონგოს ეუხეშნენ (როდასი).

ტურის მხვერპლ(ნ)ი
დანი ალვეში (ბარსელონა)
ემირ სპაჰიჩი (სევილია)
სერხიო ტეხერა (ესპანიოლი)

ამ ბოლო დროს დანი ალვეში ხშირად ტრავმიანობს. ახლაც, "ვალენსიასთან" მატჩის შესვენებაზე შეცვალეს, რადგან მარცხენა ფეხზე კუნთი დაიჭიმა.

"სევილიას" მცველი ემირ სპაჰიჩი დაეჯახა თანაგუნდელ ალბერტო ბოტიას და გონება დაკარგა. სერხიო ტეხერას კი თავი გაუტეხეს.

ტურის 5 საუკეთესო გოლი
1. ადრიანო კორეა (ბარსელონა) "ვალენსიას" კარში - ლიონელ მესის პასით, შორიდან "ცხრიანში".
2. კრიშტიანო რონალდო (რეალი) მე-2 გოლი "გრანადას" კარში - ანხელ დი მარიას პასით, განმეორებითი დარტყმით.
3. ხუანლუ (ლევანტე) "ესპანიოლის" კარში - ტეოფანის გეკასის პასით, შორიდან, "ცხრიანში".
4. რიკი (დეპორტივო) "ხეტაფეს" კარში - პიცის პასით.
5. იაგო ასპასი (სელტა) "ოსასუნას" კარში - აუგუსტო ფერნანდესის ჩაწოდებით, თავურით

ტურის საუკეთესო პასი
აუგუსტო ფერნანდესი (სელტა) საგოლე პასი ასპასს: მარჯვენა ფლანგზე იაქტიურა, შემდეგ ცოტა უკან დაიხია და ზუსტად თავზე "დაასვა" ბურთი ასპასს.

ტურის სტატისტიკა
17 გოლი ტურში (1,89 მატჩში). 6 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 2 ფრედ დასრულდა და 1 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 47 ყვითელი ბარათი და 4 წითელი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: არავინ
დუბლი: კრიშტიანო რონალდო (რეალი).
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ფაბრის ოლინგა (მალაგა, 16 წლის).
პენალტი ვერ გაიტანა: ალვარო ნეგრედო (სევილია) და ივან რაკიტიჩი (სევილია) "რაიო ვალეკანოს" კარში.

ყველაზე მეტი მაყურებელი: 76 352 - "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 8 000 - "ტერესა რივერო"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 22 - რეალი
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 8 - რეალი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 30 - ლევანტე
ყველაზე მეტი კუთხური: 10 - სარაგოსა, მალაგა
ყველაზე მეტი თამაშგარე: 7 - რეალი
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 68% - რეალი

ლა ლიგა. III ტური
სელტა-ოსასუნა 2:0
საუკეთესო: იაგო ასპასი (სელტა)

სარაგოსა-მალაგა 0:1
საუკეთესო: ისკო (მალაგა)

დეპორტივო-ხეტაფე 1:1
საუკეთესო: რიკი (დეპორტივო)

მალიორკა-სოსიედადი 1:0
საუკეთესო: მიშელ პერეირა (მალიორკა)

ვალეკანო-სევილია 0:0
საუკეთესო: ხესუს ნავასი (სევილია)

ბილბაო-ვალიადოლიდი 2:0
საუკეთესო: მარკელ სუსაეტა (ბილბაო)

ლევანტე-ესპანიოლი 3:2
საუკეთესო: ხუანლუ (ლევანტე)

რეალი-გრანადა 3:0
საუკეთესო: კრიშტიანო რონალდო (რეალი)

ბარსელონა-ვალენსია 1:0
საუკეთესო: ადრიანო კორეა (ბარსელონა)

ბეტისი-ატლეტიკო გადაიდო

გუნდი წ  
1. ბარსელონა 3 3 0 0 8-2 9
2. მალიორკა 3 2 1 0 4-2 7
3. მალაგა 3 2 1 0 3-1 7
4. ვალეკანო 3 2 1 0 3-1 7
5. ვალიადოლიდი 3 2 0 1 3-2 6
6. დეპორტივო 3 1 2 0 6-4 5
7. სევილია 3 1 2 0 3-2 5
8. ატლეტიკო 2 1 1 1 5-1 4
9. რეალი 3 1 1 1 5-3 4
10. ხეტაფე 3 1 1 1 4-4 4
11. ლევანტე 3 1 1 1 4-5 4
12. ბეტისი 2 1 0 2 6-5 3
13. სელტა 3 1 0 2 3-3 3
14. სარაგოსა 3 1 0 2 2-3 3
15. ბილბაო 3 1 0 2 5-9 3
16. სოსიედადი 3 1 0 2 3-7 3
17. ვალენსია 3 0 2 1 4-5 2
18. გრანადა 3 0 1 2 1-5 1
19. ესპანიოლი 3 0 0 3 4-7 0
20. ოსასუნა 3 0 0 3 1-6 0

ბომბარდირები
4 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 3 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), ტომერ ჰემედი (მალიორკა), ხორხე მოლინა (ბეტისი), გონსალო იგუაინი (რეალი); 2 - ალვარო ნეგრედო (სევილია), აბელ აგილარი (დეპორტივო), კრიშტიანო რონალდო (რეალი), რიკი (დეპორტივო), აბდელაზიზ ბარადა (ხეტაფე), რობერტო სოლდადო (ვალენსია), იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), ვიქტორ პერესი (ვალიადოლიდი), მიკელ სან ხოსე (ბილბაო).

ასისტენტები
2 - კრისტიან ტელიო (ბარსელონა), ადრიან კოლუნგა (ხეტაფე), ემილიო ნსუე (მალიორკა), ჟონასი (ვალენსია), იბაი გომესი (ბილბაო), ბენიატ ეჩებარია (ბეტისი).

გოლი+პასი
5 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 4 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 3 - ხორხე მოლინა (ბეტისი), ტომერ ჰემედი (მალიორკა), გონსალო იგუაინი (რეალი), ჟონასი (ვალენსია), ბენიატ ეჩებარია (ბეტისი).

მომდევნო ტური
16 სექტემბერი: ესპანიოლი-ბილბაო, ატლეტიკო-რაიო ვალეკანო, გრანადა-დეპორტივო, მალაგა-ლევანტე, ოსასუნა-მალიორკა, რეალ სოსიედადი-სარაგოსა, სევილია-რეალი, ვალენსია-სელტა, ვალიადოლიდი-ბეტისი, ხეტაფე-ბარსელონა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული