ესპანელები ლა ლიგიდან სხვა ჩემპიონატებში გაქცეულ ვარსკვლავებს მისტირიან

AutoSharing Option
პრობლემა, რომელიც ესპანელებს აქამდე არასოდეს ჰქონიათ, ახლა კი აქტუალური გახდა - ისინი ლა ლიგიდან სხვა ჩემპიონატებში გაქცეულ ვარსკვლავებს მისტირიან.

ახლახან "მარკამ" სტატიაც გამოაქვეყნა ამ თემაზე - "მოიგებდა თუ არა ეს გუნდი ლა ლიგას", რომელსაც აქვე შემოკლებით გთავაზობთ. შემდეგ კი ესპანური ლეგიონის გეოგრაფიასაც შევეხებით.

* ევროპის 6 ჩემპიონი თამაშობს ინგლისურ პრემიერლიგაში.
* ხავი მარტინესი, ალვარო დომინგესი, კარვახალი... ბუნდესლიგაში წავიდნენ.
* ბორხა ვალერო იტალიურს სწავლობს, რადგან "ფიორენტინაშია".

"სულ რამდენიმე წლის წინათ ესპანელი ლეგიონერი იყო ეგზოტიკა, განსაკუთრებით, ევროპის ტოპდივიზიონებში.

ჩვენებურებს ძალიან უჭირდათ ბუდესთან
მოცილება, პირველ რიგში, იმიტომ, რომ სამშობლოშიც საკმაოდ კარგ ანაზღაურებას იღებდნენ; მეორე მიზეზი კი ენობრივი ბარიერია. ისიც სათქმელია, რომ მაშინ არ იყო ამდენი ტალანტი ესპანურ ფეხბურთში. ახლა სრული ბუმია.

60-იან წლებში ლუის სუარესმა "ინტერსა" და კალჩოში მთელი ეპოქა შექმნა. გავიხსენებთ ხუან სანისტებანს, დელ სოლს, პეირას... მერე და მერე უფრო გაიშვიათდა ესპანელ ფეხბურთელთა გადინება.

ბოლოსკენ მარტინ ვასკესს და ივან დე ლა პენიას გავიხსენებთ, რომელთაც მხოლოდ ნაწილობრივ გაამართლეს იმედები. სხვა შემთხვევაში, ესპანელი მხოლოდ "პენსიაზე" მიდიოდა სხვა ქვეყნის ჩემპიონატებში სათამაშოდ (ვიქტორ მუნიოსი, ფერერი, რიკარდო გალიეგო, ლობო კარასო), ან ისინი ეგზოტიკურ ქვეყნებში მიდიოდნენ სათამაშოდ (პირი, ასენსი, ბუტრაგენიო, მიჩელი, ბაკერო, გვარდიოლა - მექსიკაში, ხულიო სალინასი - იაპონიაში).

შემდეგ ჩამოყალიბდა "ესპანური ლივერპული" (2004 წ.) და ჩვენც გავიხედეთ საზღვარგარეთ რაფა ბენიტესის ბიჭების მხარდასაჭერად. ჩაბი ალონსოს, ლუის გარსიას, ხოსემის და ანტონიო ნუნიესს მიჰყვნენ მორიენტესი, პეპე რეინა, ტორესი, არბელოა და რიერა.

ამ ამბიდან ზუსტად 8 წლის მერე ესპანელებს ყველა ტოპ-დივიზიონში გვყავს წარმომადგენელი. ესპანური ლეგიონი ძლიერია ინგლისში, იბრძვის სკუდეტოსთვის იტალიაში და ბუნდესლიგაშიც თამაშობს. სად აღარ ნახავთ ესპანელ ფეხბურთელს, თუმცა საქმე იმაშია, რომ უკვე ძალიან ძლიერი ფეხბურთელები მიდიან სამშობლოდან.

ამათგან თავისუფლად შეიძლება ისეთი გუნდის აწყობა, რომელიც ლა ლიგაში "ბარსელონას" და "რეალს" გაუწევს თანასწორ კონკურენციას. ჩვენ შევარჩიეთ ესპანური ლეგიონის საოცნებო ნაკრები თავისი შემცვლელებით".

ესპანელ ლეგიონერთა ნაკრები (მარკას მიხედვით)
დე ხეა (რეინა) - ასპილიკუეტა (კარვახალი), რამისი (დომინგესი), ხავი მარტინესი (კუელიარი), ხ. ენრიკე (რანგელი) - მატა (არტეტა), ბ. ვალერო (ხ. გარსია ან რომეუ), კასორლა (გრანერო ან ხურადო) - მიჩუ (პ. ერნანდესი), ტორესი (კრკიჩი ან ხოსელუ), სილვა (როდრიგო). მწვრთნელი: ემერი (რ. მარტინესი).

ესპანელ ლეგიონერთა რაოდენობა
პრემიერლიგა - 27 ფეხბურთელი
ბუნდესლიგა - 8
შოტლანდიური პრემიერლიგა - 2
სერია ა - 6
პორტუგალია - 5
ბერძნული სუპერლიგა - 22
ლიგა 1 - 2
პოლონეთი - 3
თურქეთი - 4
ავსტრია - 7
ჯეილიგა - 1
რუსეთი - 6
უნგრეთი - 7
კვიპროსი - 20
ბელგია - 7
უკრაინა - 5
ჩეხეთი - 2
ლიტვა - 2
ჰონკონგი - 7
ჩინეთი - 3
მექსიკა - 5
საქართველო - 4
(ჩისკო მუნიოსი, კარლეს კოტო, ალბერტ იაგუე, მიკელ ალვარო)
ახალი ზელანდია - 3
ტაილანდი - 2
აზერბაიჯანი - 1
უზბეკეთი - 1
მოლდოვა - 1
ყაზახეთი - 1
ყატარი - 1

მწვრთნელები: უნაი ემერი (სპარტაკი), ხოსეპ გომბაუ (ჰონკონგი), კიკე სანჩეს ფლორესი (ალ აჰლი), რობერტო მარტინესი (უიგანი), ხოსე მარია ბაკერო (ლეხი), მიგელ ანხელ პორტუგალი (ბოლივარი), ხუანდე რამოსი (დნიპრო), ხოსე ანტონიო კამაჩო (ჩინეთი), ბენიტო ფლორო (კასაბლანკა), ენრიკე ლიენა (ნიკარაგუა), რამონ ტრიბლეტექსი (ოკლენდ სიტი), ხუანხო მაკედა (ალ იტიჰადი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული