სკანდალი: კრიშტიანო რონალდოს უმაღლესი დონის შანტაჟი

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდოს ქცევამ "გრანადასთან" მატჩში, როცა მან არ აღნიშნა "რეალის" მაისურით გატანილი საიუბილეო, 150-ე გოლი და განცხადებამ მატჩის შემდეგ, რომ ის "სამეფო კლუბში" თავს ბედნიერად ვერ გრძნობს, დიდ საგონებელში ჩააგდო მედია.

თითქმის ყველა თანხმდება, რომ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავსა და კლუბს შორის განხეთქილების ვაშლი საკონტრაქტო დავა და ხელფასის ოდენობაა.

ამბობენ, 27 წლის კრიშტიანო ახალ კონტრაქტში პირობების გაუმჯობესებას ითხოვსო და მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ყოველი ნომინაციის სამეულში მაინც ხვდება პორტუგალიელი, მისი ანაზღაურება ბევრად ჩამორჩება სამუელ ეტო'ოს ჯამაგირს დაღესტნურ "ანჟიში", სადაც კამერუნელი წელიწადში
20 მილიონ ევროს იღებს.

რონალდო მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა ათეულში ძლივს მოხვდა და თუ პირობებს არ გადახედავენ, მალე იქიდანაც გავარდება.

ვინ უფრო მდიდარია
მართალია, სამუელ ეტო'ოს და დიდიე დროგბას ამხელა ხელფასებს უფრო საფეხბურთო თვალსაზრისით ეგზოტიკურ ლიგებში უხდიან, მაგრამ სხვებს? მეორე ადგილზე ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომელსაც "პარი სენ ჟერმენი" სეზონში 14,5 მილიონ ევროს უხდის; მესამეზე კი უეინ რუნია (მანჩესტერ იუნაიტედი) - 13,8 მილიონი.

რონალდოს უსწრებენ ტურე, ტორესი, აგუერო და სხვები. მათ შორის - ლეო მესიც, ოღონდ არგენტინელ ვარსკვლავს მხოლოდ ნახევარი მილიონით მეტი ანაზღაურება აქვს - რონალდო სეზონში 10 მილიონ ევროს იღებს, მესი კი - 10,5-ს. თუმცა პორტუგალიელისგან განსხვავებით, არგენტინელი თავისი ხელფასით კმაყოფილია.

სიტის წინადადება: 120 და 20!
და აი, რონალდოს ბუნტს მოჰყვა კიდევაც გამოხმაურება - "დეილი მეილი" ირწმუნება, რომ ინგლისის ჩემპიონი "მანჩესტერ სიტი" მზადაა, "რეალს" 120 მილიონი ევრო გადაუხადოს, ხოლო პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს წელიწადში 20 მილიონი ევრო დაუნიშნოს გასამრჯელოდო.

შეგახსენებთ, რომ დღემდე მსოფლიოს ყველაზე ძვირი ტრანსფერი იმავე რონალდოს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "რეალში" გადასვლა ითვლება - 96 მილიონი ევრო.

"ქალაქელები" მზად არიან ამ რეკორდის დასამხობად. მოკლედ, "რეალი" და მისი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი რონალდოს ბუნტმა სერიოზული არჩევანის წინაშე დააყენა.

ვფიქრობთ, პორტუგალიელს შეფარული შანტაჟი შესანიშნავად გამოუვიდა. ყველა ადრესატმა "მესიჯი" ნათლად მიიღო, თანაც ისე, რომ რონის არაფერი დაურღვევია და ერთი შეხედვით, არც ცუდი უთქვამს რამე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული