ესპანეთი. ლა ლიგა. VI ტურის წინ: შანსი კაკას? რატომაც არა!

AutoSharing Option
ლა ლიგის VI ტურის მშვენება "სანჩეს პისხუანზე" უნდა გაიმართოს - "სევილია" "ბარსელონას" მასპინძლობს. ორივე გუნდს წაგებათა გრაფაში 0-იანი უწერია...

ტიტოს 9 ათიდან
"ბარსას" პრეზიდენტმა პირველი შეფასება გაუკეთა ტიტო ვილანოვას სამწვრთნელო დებიუტს - 9-იანი 10-ბალიანი სისტემით.

ვილანოვას გუნდს ქულა არ დაუკარგავს, მის გუნდს ბევრი გოლი გააქვს (მხოლოდ "ატლეტიკოს" ჩამორჩება), ცოტას უშვებს (ნაკლები მხოლოდ "მალაგას" და "სევილიას") და ისევ ისეთი საშიშია მეტოქეებისთვის, როგორც გვარდიოლას დროს.

მაგრამ 29 სექტემბერს კატალონიური გუნდი პირველად დგას ქულების დაკარგვის რეალურ საფრთხესთან - "ბარსა" ჩადის სევილიაში...

თუკი ამ
შეხვედრასაც "ბარსელონა" მოიგებს, ტიტო კლუბის რეკორდს გაიმეორებს - ზედიზედ 6 მოგებას სტარტზე, აი, მომდევნო გამარჯვება კი უკვე რეკორდული იქნება.

და რაც უფრო მთავარია, გამარჯვების შემთხვევაში "ბარსა" "რეალთან", სულ მცირე, 8-ქულიან ფორას შეინარჩუნებს.

"სევილიას" "რეალის" ლეგენდა მიჩელი წვრთნის, მან უკვე შეძლო ერთი გრანდის დამარცხება (იმავე "რეალის"), ახლა ჯერი მეორეზეა.

ანდალუსიური კლუბი ჯერაც დაუმარცხებელია და სულ რაღაც 2 გოლი აქვს გაშვებული 5 შეხვედრაში.

"სევილიას" შეიძლება ის ორი ტრავმირებულიც დაუბრუნდეს, რომლებიც მას ბოლო დროს აკლდა - ხოსე რეიესი და დიეგო პეროტი. სამშაბათს ამ დუეტმა საქველმოქმედო მატჩში ითამაშა, თუმცა მიჩელი ესპანელსა და არგენტინელს ალბათ ჯერ მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე დასვამს.

ანდრეს ინიესტა მიყვება გუნდს ანდალუსიაში, ნახევარმცველმა შეიძლება პირველად ითამაშოს თბილისური დაპირისპირების შემდეგ. დაცვის ცენტრი ისევ მორღვეულია - არც ჟერარდ პიკე (კოჭი) იქნება და არც მისი პარტნიორი კარლეს პუიოლი (მუხლი).

ტიტოს შეუძლია მათ ნაცვლად ახალგაზრდები, ბარტრა და ფონტასი ათამაშოს, მაგრამ ის უფრო ნახევარმცველების, ხავიერ მასკერანოსა და ალექს სონგის უკან დახევას მიემხრობა. მით უფრო, რომ ამ დუეტმა უკვე ითამაშა "გრანადასთან".

ბოლო ინფორმაციით, საეჭვოა ბუსკეტსის თამაშიც.

სავარაუდო შემადგენლობები
სევილია: პალოპი - სისინიო, ბოტია, სპაჰიჩი, ფ. ნავარო - მედელი, მადურო, ხესუს ნავასი, რაკიტიჩი, ტროხოვსკი - ნეგრედო.
ბარსელონა: ვალდესი - დანი ალვეში, სონგი, მასკერანო, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო, მესი, სანჩესი.

ცარიელი ლაზარეთი
კვირას "რეალი" ლა კორუნიის "დეპორტივოს" მიიღებს. დაპირისპირება, რომლის გარეშეც ჩაიარა ლა ლიგის შარშანდელმა სეზონმა.

მოგეხსენებათ, გალისიური გუნდი, რომელსაც თავის დროზე ეყო სითამამე და გრანდებს ხელთათმანი ესროლა, სეგუნდა დივიზიონში იყო გავარდნილი.

"რეალის" პირველ გუნდთან ერთად ორი ახალგაზრდაც ემზადება, ხესე როდრიგესი და კრისტიან ბენავენტე. აღსანიშნავია, რომ პირველი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბომბარდირი იყო, ახლა კი სეგუნდა დივიზიონის ბომბარდირთა სიას უდგას სათავეში.

ჟოზე მოურინიოს ამ ერთხელაც არ ეყოლება დისკვალიფიცირებული ფაბიო კოენტრაო. ტრავმების მხრივ კი "სამეფო კლუბს" იდეალურად აქვს საქმე - "რეალის" ლაზარეთი ცარიელია.

ზუსტად ორი წლის წინათ ამ გუნდების დაპირისპირება "სანტიაგო ბერნაბეუზე" "დეპორტივოსთვის" ტრაგიკულად დასრულდა - მასპინძლებმა 6:1 მოიგეს, თუმცა შემდეგ თებერვალში "დეპორმა" "რეალს" ქულები დააკარგვინა - 0:0.

"მილიონარიოსთან" ჰეთთრიკის შესრულების შემდეგ მოურინიომ კაკა შეაქო, თავად კაკამ კი თქვა 30 წელი ის ასაკია, ყველაფრის თავიდან დაწყებაც კი შეიძლებაო.

მოკლედ, ბრაზილიელი ოპტიმისტურადაა (ის ბრაზილიის ნაკრებშიც კი მიიწვიეს) და ვნახოთ, მისცემენ თუ არა მას შანსს. მოდრიჩისა და იოზილის დღევანდელი თამაშის დონის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კაკას არგამოყენება ძალზე გაუგებარია.

სეზონის მატჩი
29 სექტემბერს, სან სებასტიანში ბასკური დერბია - "რეალ სოსიედადი" ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ. ორივე გუნდის ფანებისთვის ეს შეხვედრა და არა "რეალთან" ან "ბარსელონასთან" დაპირისპირებაა მთავარი მატჩი.

შარშანდელ სეზონში ორივე შეხვედრა ბილბაოელებმა მოიგეს. მასპინძლების მთავარი თავისტკივილი  კლაუდიო ბრავოს შემცვლელია - ენო ზუბიკარაი კარგი მეკარეა, მაგრამ ლა ლიგაში ჯერ არ უთამაშია, ხოლო სამხრეთამერიკელის შეცვლა რთული საქმეა.

"ვალენსია", რომელსაც 6 ისეთი ფეხბურთელი აკლია, რომლებიც წესით სასტარტო შემადგენლობაში უპრობლემოდ ხვდებიან, "სარაგოსას" მასპინძლობს.

29 სექტემბერს ანდალუსიურ დერბის ვიხილავთ - "მალაგა", რომელსაც ძალიან კარგი სტარტი აქვს, "ბეტისს" მასპინძლობს.

სხვა თამაშებიდან გამოვყოფთ ბარსელონურ ჯახს "ესპანიოლსა" და "ატლეტიკოს" შორის. ნელნელა მადრიდულ კლუბს გრანდების მთავარ მოცილედ განიხილავენ ("ვალენსიას" ნაცვლად). არის ამაში ლოგიკა - "ატლეტიკო" მეორე ადგილზეა, შესანიშნავად უტევს, ტოპფორმაშია რადამელ ფალკაო (7 ქულა) და მიუხედავად იმისა, რომ დიეგო სიმეონეს გუნდს თითქმის არასოდეს აქვს უპირატესობა ბურთის ფლობაში, გაცილებით მწარედ "იჩხვლიტება".

თავის მხრივ, "ესპანიოლსა" და სიმეონეს თანამემამულესა და ვიზავის, მაურისიო პოჩეტინოს ძალიან უჭირს - გუნდს მხოლოდ 1 ქულა აქვს, კლუბის ხელმძღვანელობის ნდობა კი ალბათ ულიმიტო არ არის, არც უნდა იყოს.

ესპანეთი. ლა ლიგა. VI ტური
29 სექტემბერი
ვალენსია-სარაგოსა 18:00
ტრავმა: ალბელდა, მატიო, გაგო, კანალესი, პიატი, ბანეგა - პინტერი, ლოოვენსი, ობრადოვიჩი

მალაგა-ბეტისი 20:00
დისკვალიფიკაცია: ს. სანჩესი (მალ)
ტრავმა: ბუონანოტე, ბაპტიშტა - ჩიკა

სოსიედადი-ბილბაო 22:00
ტრავმა: კადამურო (?), ელუსტონდო, აგირეჩე (?), ბრავო - ანდერი, პერესი (?)

სევილია-ბარსელონა 00:00
ტრავმა: პეროტი (?), რეიესი (?) - პუიოლი, ინიესტა (?), პიკე, კვენკა, აბიდალი, მუნიესა, ბუსკეტსი (?)

30 სექტემბერი
გრანადა-სელტა 14:00
დისკვალიფიკაცია: ბენიტესი (გრა)
ტრავმა: რიკო, იებდა, იგჰალო, ლუსენა - ლუკასი

ვალიადოლიდი-ვალეკანო 18:00
ტრავმა: ებერტი (ვალიადოლიდი)

ოსასუნა-ლევანტე 20:00
დისკვალიფიკაცია: ხ. ლორენტე, პუნიალი (ოსა)
ტრავმა: ბერტრანი, დამია - პალიარდო

რეალი-დეპორტივო 21:50
დისკვალიფიკაცია: კოენტრაო (რეა)
ტრავმა: კამუნიასი (?) (დეპ)

ესპანიოლი-ატლეტიკო 23:30
დისკვალიფიკაცია: ლონგო (ესპ)
ტრავმა: ბაენა, კოლოტო, ფორლინი, გარსია, მატიონი - კელასტი

1 ოქტომბერი
ხეტაფე-მალიორკა 23:30
დისკვალიფიკაცია: ნუნიეში (მალ)
ტრავმა: ხიმენესი, სანტოსი (მალ)

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 5 5 0 0 14-3 15
2. ატლეტიკო 5 4 1 0 15-7 13
3. მალიორკა 5 3 2 0 7-3 11
4. მალაგა 5 3 2 0 6-2 11
5. სევილია 5 3 2 0 6-2 11
6. ბეტისი 5 3 0 2 10-9 9
7. რეალი 5 2 1 2 7-4 7
8. ვალეკანო 5 2 1 2 6-7 7
9. ლევანტე 5 2 1 2 7-9 7
10. დეპორტივო 5 1 3 1 7-7 6
11. სელტა 5 2 0 3 6-6 6
12. სარაგოსა 5 2 0 3 5-6 6
13. ვალიადოლიდი 5 2 0 3 4-5 6
14. სოსიედადი 5 2 0 3 6-9 6
15. ვალენსია 5 1 2 2 6-8 5
16. ბილბაო 5 1 2 2 8-12 5
17. ხეტაფე 5 1 1 3 6-10 4
18. გრანადა 5 0 2 3 2-8 2
19. ესპანიოლი 5 0 1 4 7-11 1
20. ოსასუნა 5 0 1 4 3-10 1

ბომბარდირები:
7 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 6 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 4 - ტომერ ჰემედი (მალიორკა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული