"ბარსელონა" ტიტულის მფლობელია, კატალონიურმა გრანდმა ტიტულის დაცვა ბრწყინვალედ დაიწყო და "ცალი ფეხით" მე-5 რაუნდშია. შეგახსენებთ, რომ თასის მფლობელს ევროპალიგის საგზური გარანტირებული აქვს.
ფორტუნას რა ვუთხარიო...
"ვალენსიას" არგენტინელ თავკაც მაურისიო პელეგრინოს ისე არ ულხინს, რომ თუნდაც თასის ამ ეტაპზე მეორე შემადგენლობა ათამაშოს. ამიტომაც სეგუნდა ბ დივიზიონში მოასპარეზე "ლიაგოსტერას" წინააღმდეგაც კი "ლოს ჩე" თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით წარსდგა.
პატარა კატალონიურ ქალაქში მთლად შეივსო ტრიბუნები, რომლებიც
პელეგრინოს შემადგენლობაში უჩვეულო მხოლოდ 17 წლის მარცხენა მცველის, ხოსე ლუის გაიას გამოჩენა იყო. აქამდე გაიას მიღწევა ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის თითო მატჩში სათადარიგოთა სკამზე ჯდომა იყო.
მასპინძელთა კარში ორივე გოლი დანიელ პარეხოსა და სტანდარტული მდგომარეობების დამსახურებაა. პირველი ტაიმის მიწურულს მან საჯარიმო ჩააწოდა და ჟონასმა დაუმუშავებლად დაარტყა კარში. "ლიაგოსტერას" მეკარე აშკარად შეცდა.
68-ე წუთზე კი დანიმ კუთხური მოაწოდა. თავით ყველას ყაზანის "რუბინიდან" ნათხოვარმა ნელსონ ვალდესმა დაასწრო. თამაშის ბოლოს კატალონიელებს ანგარიშის შემცირება შეეძლოთ, მაგრამ მათმა ფორვარდმა სალიარესმა პენალტი ვერ გამოიყენა.
სხვათა შორის, ჟონასის გოლამდე ტერსერა დივიზიონიდან ახლახან ამოსულმა კლუბმა საკმაოდ ანერვიულა სტუმრები, თუმცა ის, რაც მათმა მწვრთნელმა თქვა თამაშის შემდეგ, გადამლაშება იყო - "ლიაგოსტერამ" აჯობა "ვალენსიას", მაგრამ ჩვენს გუნდს ზურგი ფორტუნამ აქცია", - განაცხადა ალსინამ.
მაურისიო პელეგრინო (ვალენსია): "მთავარი გამოდგა ის, რომ რთულ პირობებს ბიჭები მალე მოერგნენ. სხვათა შორის, ვიცოდით, რომ იოლი გასეირნება არ გველოდა. თამაშის მიმდინარეობამ დაგვანახა, რომ არ ვცდებოდით. თამაშში იყო ბევრი ბრძოლა და ნაკლები სანახაობა".
მესის გარეშეც
პელეგრინოს მსგავსი პრობლემები არ აწუხებს ტიტო ვილანოვას, რომელმაც "ბარსას" ისტორიაში საუკეთესო სტარტით დააწყებინა სეზონი.
ამიტომაც მწვრთნელმა რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა, მათ შორის, ლეო მესი, რომელსაც სულ ორი გოლი აკლია პელეს მიღწევამდე (75 გოლი კალენდარულ წელიწადში) და სავსებით შეეძლო, ამ მატჩში მიეღწია მიზნისთვის. მეტოქე "ალავესი" იყო, რომელიც 6 წლის წინათ კი იყო ლა ლიგაში, მაგრამ შემდეგ ორი რანგით ჩაინაცვლა სეგუნდა ბ დივიზიონამდე.
ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს დავიდ ვილიამ ანდრეს ინიესტას ბრწყინვალე პასის მერე გახსნა, "ელ გუახემ" "ცხრიანში" დაარტყა. მეორე ტაიმის დასაწყისში "ალავესის" მცველები შეცდნენ და ანდრეს ინიესტამ შორიდან აიღო მასპინძელთა კარი.
ამის შემდეგ ერთი ინციდენტი მოხდა, ტრიბუნებიდან ნასროლი ნივთი მეკარე ხოსე პინტოს თავში მოხვდა, თუმცა თამაშის გაგრძელება მან შეძლო. შემდეგ მსაჯმა ალექსის სანჩესს ნაღდი გოლი არ ჩაუთვალა, თუმცა "ბარსამ" მესამე მაინც გაიტანა, დანი ალვეშის ჩაწოდებულს კართან ახლო მდგომი სესკ ფაბრეგასი თავით გამოეხმაურა. 0:3 და საპასუხო მატჩი ფორმალობაა.
ნაჩო გონსალესი (ალავესი): "გამოვყოფ ჩემი ბიჭების მონდომებას და იმას, რომ ისინი მოედანზე ბოლომდე დაიხარჯნენ, მაგრამ, როცა "ბარსა" თავის სტილში თამაშობს, ძნელია, რამე დაუპირისპირო".
ტიტო ვილანოვა (ბარსელონა): "გუნდი სერიოზულად მიუდგა საქმეს და შედეგიც შესაბამისი მოვიმკეთ. "ალავესი" კარგი გუნდია, მათ ჩამოყალიბებული საფეხბურთო კონცეფცია გამოარჩევთ, მაგრამ, ბუნებრივია, ორი დივიზიონის სხვაობა კლასშიც აისახება".
კოპა დელ რეი. 1/32-ფინალი. I მატჩები
ლიაგოსტერა-ვალენსია 0:2
ვალენსია: გუაიტა - ბარაგანი, რ. კოშტა, რუისი, გაია - პარეხო, ბანეგა - ფეგული (68. სისოკო), ჟონასი (73. ალბელდა), გუარდადო (85. ვიერა) - ვალდესი.
გოლები: 0:1 ჟონასი (44), 0:2 ვალდესი (68)
ალავესი-ბარსელონა 0:3
ბარსელონა: პინტო - დანი ალვეში, ბარტრა, მასკერანო, მონტოია - ს. რობერტო, ბუსკეტსი (54. სონგი), ინიესტა (74. ჯონათან დოს სანტოსი) - სანჩესი, ვილია (69. ტელიო), ფაბრეგასი.
გოლები: 0:1 ვილია (39), 0:2 ინიესტა (50), 0:3 ფაბრეგასი (87)
საპასუხო მატჩები 28 ნოემბერს
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"