ლიონელ მესი: აუცილებელი არაა, ჩემი შვილი ფეხბურთელი გახდეს

AutoSharing Option
ლიონელ მესიმ გასული სეზონის ევრობომბარდირობისთვის (50 გოლი ლა ლიგაში) დამსახურებული "ოქროს ბუცი" მიიღო (კარიერაში მეორედ). "მარკაც" ამის შემდეგ შეხვდა "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების 25 წლის ლიდერს და ინტერვიუ ჩამოართვა.

- ყველა ჭეშმარიტი ბომბარდირი ბავშვობიდან მოდის...
- მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი, 3-4 წლის, მაგრამ უკვე მათამაშებდნენ მეზობლების გუნდში. მაშინაც დაახლოებით ასეთი სათამაშო სტილი მქონდა, მაგრამ მაშინ ბევრ რამეზე არ ვფიქრობდი. ბუნებრივია, არც ის ვიცოდი, რომ აქამდე მივაღწევდი.

- თქვენ, როგორც ფეხბურთელი, "ბარსელონაში" ჩამოყალიბდით. როგორი მოგონებები გაკავშირებთ იმ დროსთან, როცა იწყებდით კლუბში?
- კარგიც ბევრი მახსოვს და არც ისე კარგიც. ბარსელონაში ცხოვრება და ირგვლივ ყველაფერი ახალი იყო ჩემთვის, მაგრამ ძალიან შორს ვიყავი სახლიდან და ოჯახიდან. თავიდან ვერც კი ვთამაშობდი - ჯერ ერთი, ტრავმა მქონდა; მეორეც, საბუთები არ იყო ბოლომდე წესრიგში. თავიდან მართლაც ძნელი იყო.

- რომელი ფეხბურთელი იყო მაშინ თქვენი კერპი, მისაბაძი მაგალითი?
- ყოველთვის ვაფასებდი აიმარს. ის "რივერიდან" მოვიდა. ძალიან მომწონდა მისი თამაშის სტილი. ყოველთვის მისი ფანი ვიყავი.

- თან თქვენსავით ტანდაბალია...
- სხვათა შორის, არასოდეს მქონია სიმაღლის პრობლემა, სკოლაშიც და ფეხბურთშიც ყოველთვის ყველაზე დაბალი ვიყავი, მერე რა.

- თავიდან აკადემიის გუნდებში ძირითადში ვერ ხვდებოდით ხოლმე, სანამ ტიტო ვილანოვას ხელმძღვანელობით არ დაიწყეთ ვარჯიში. ხომ არ გიფიქრიათ დანებება?
- არა, არასოდეს! ყოველთვის მხოლოდ ვარჯიშზე ვფიქრობდი, რომ ჩემი ოცნება ამესრულებინა. ბედნიერი ვარ, რომ როცა ტიტო მოვიდა, ავთამაშდი.

- მას მერე თუ შეიცვალა ვილანოვა და როგორ?
- ის ისეთივე ადამიანია, როგორიც იყო ჩვენი, ბავშვების გუნდის მწვრთნელობისას. პატარა ვიყავი და ბევრი რამე ხეირიანად არც მახსოვს, მაგრამ რაც ტიტოს ვიხსენებ, ახლანდელთან სხვაობას ვერ ვხედავ.

- მაშინ ცრუ ცენტრფორვარდის პოზიციაზე თუ თამაშობდით?
- არა, მაშინ სხვა სისტემა იყო. გვყავდა წინ წაწეული ფორვარდი, რომელსაც პასებით ვამარაგებდი. ორი ფეხბურთელი კი ფლანგებზე მოქმედებდა. მოკლედ, შემტევი ნახევარმცველი ვიყავი. ცრუ ცენტრფორვარდით ჩვენ არ ვთამაშობდით.

- ახლა საგოლე პასებშიც ერთ-ერთი გამორჩეული ხართ. ადრე ხომ არ იყავით უფრო ძუნწი პასების მიცემისას?
- არა, რას ამბობთ! ცხოვრებაში არასოდეს პასის "ღორი" არ ვყოფილვარ. თუმცა იყო ხალხი, ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებდა.

- რაც გვარდიოლა წავიდა, თქვენ გამოკვეთილი ლიდერი გახდით. ეთანხმებით?
- მგონი, ისევე ვთამაშობ, როგორც წინა სეზონებში. ყველამ იცის, რა ფეხბურთელები თამაშობენ "ბარსელონაში". სჭირდებათ კი მათ ერთი ლიდერი? მეეჭვება.

- თქვენი თამაშის შემყურე ხალხი ფიქრობს, რომ სიამოვნებისთვის თამაშობთ და პელეს და მარადონას კონკურენციას უწევთ...
- ყოველდღიურად ვცდილობ წინ წავიწიო, მოვუმატო. თუკი ხალხი ამ ორ დიდ ფეხბურთელს მადრის, ძალიან კარგია, მოხარული ვარ.

- თქვენი პატარა ტიაგო რომ "რივერ პლეიტის" ფანი გახდეს?
- არა მგონია, ეს მოხდეს.

- თუ ურჩევთ ტიაგოს მომავალში ფეხბურთელობას?
- ის უნდა გახდეს იმ პროფესიის მიმდევარი, რომელსაც მოინდომებს და რომელშიც ნიჭი აღმოაჩნდება. რასაც აირჩევს, მე უცილობლად დავეთანხმები, ისევე, როგორც დედამისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული