- ყველა ჭეშმარიტი ბომბარდირი ბავშვობიდან მოდის...
- მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი, 3-4 წლის, მაგრამ უკვე მათამაშებდნენ მეზობლების გუნდში. მაშინაც დაახლოებით ასეთი სათამაშო სტილი მქონდა, მაგრამ მაშინ ბევრ რამეზე არ ვფიქრობდი. ბუნებრივია, არც ის ვიცოდი, რომ აქამდე მივაღწევდი.
- თქვენ, როგორც ფეხბურთელი, "ბარსელონაში" ჩამოყალიბდით. როგორი მოგონებები გაკავშირებთ იმ დროსთან, როცა იწყებდით კლუბში?
- რომელი ფეხბურთელი იყო მაშინ თქვენი კერპი, მისაბაძი მაგალითი?
- ყოველთვის ვაფასებდი აიმარს. ის "რივერიდან" მოვიდა. ძალიან მომწონდა მისი თამაშის სტილი. ყოველთვის მისი ფანი ვიყავი.
- თან თქვენსავით ტანდაბალია...
- სხვათა შორის, არასოდეს მქონია სიმაღლის პრობლემა, სკოლაშიც და ფეხბურთშიც ყოველთვის ყველაზე დაბალი ვიყავი, მერე რა.
- თავიდან აკადემიის გუნდებში ძირითადში ვერ ხვდებოდით ხოლმე, სანამ ტიტო ვილანოვას ხელმძღვანელობით არ დაიწყეთ ვარჯიში. ხომ არ გიფიქრიათ დანებება?
- არა, არასოდეს! ყოველთვის მხოლოდ ვარჯიშზე ვფიქრობდი, რომ ჩემი ოცნება ამესრულებინა. ბედნიერი ვარ, რომ როცა ტიტო მოვიდა, ავთამაშდი.
- მას მერე თუ შეიცვალა ვილანოვა და როგორ?
- ის ისეთივე ადამიანია, როგორიც იყო ჩვენი, ბავშვების გუნდის მწვრთნელობისას. პატარა ვიყავი და ბევრი რამე ხეირიანად არც მახსოვს, მაგრამ რაც ტიტოს ვიხსენებ, ახლანდელთან სხვაობას ვერ ვხედავ.
- მაშინ ცრუ ცენტრფორვარდის პოზიციაზე თუ თამაშობდით?
- არა, მაშინ სხვა სისტემა იყო. გვყავდა წინ წაწეული ფორვარდი, რომელსაც პასებით ვამარაგებდი. ორი ფეხბურთელი კი ფლანგებზე მოქმედებდა. მოკლედ, შემტევი ნახევარმცველი ვიყავი. ცრუ ცენტრფორვარდით ჩვენ არ ვთამაშობდით.
- ახლა საგოლე პასებშიც ერთ-ერთი გამორჩეული ხართ. ადრე ხომ არ იყავით უფრო ძუნწი პასების მიცემისას?
- არა, რას ამბობთ! ცხოვრებაში არასოდეს პასის "ღორი" არ ვყოფილვარ. თუმცა იყო ხალხი, ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებდა.
- რაც გვარდიოლა წავიდა, თქვენ გამოკვეთილი ლიდერი გახდით. ეთანხმებით?
- მგონი, ისევე ვთამაშობ, როგორც წინა სეზონებში. ყველამ იცის, რა ფეხბურთელები თამაშობენ "ბარსელონაში". სჭირდებათ კი მათ ერთი ლიდერი? მეეჭვება.
- თქვენი თამაშის შემყურე ხალხი ფიქრობს, რომ სიამოვნებისთვის თამაშობთ და პელეს და მარადონას კონკურენციას უწევთ...
- ყოველდღიურად ვცდილობ წინ წავიწიო, მოვუმატო. თუკი ხალხი ამ ორ დიდ ფეხბურთელს მადრის, ძალიან კარგია, მოხარული ვარ.
- თქვენი პატარა ტიაგო რომ "რივერ პლეიტის" ფანი გახდეს?
- არა მგონია, ეს მოხდეს.
- თუ ურჩევთ ტიაგოს მომავალში ფეხბურთელობას?
- ის უნდა გახდეს იმ პროფესიის მიმდევარი, რომელსაც მოინდომებს და რომელშიც ნიჭი აღმოაჩნდება. რასაც აირჩევს, მე უცილობლად დავეთანხმები, ისევე, როგორც დედამისი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"