სამი ხედირა: ჟოზესთან ყველაფერი სამ წუთში გავარკვიე

AutoSharing Option

სამი ხედირა რომ კარგი, მეტიც, ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელი იყო, ეს ყველამ იცოდა, მაგრამ ხუთი-ექვსი თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "შტუტგარტის" ნიჭიერი საყრდენი ნახევარმცველი "რეალის" ფეხბურთელი და თანაც, ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდებოდა. ეს კი არა, იმაზეც არავინ ფიქრობდა, რომ ხედირა მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებდა. ბუნდესგუნდის მწვრთნელ იოახიმ ლიოვს სამი სამხრეთ აფრიკაში კი მიჰყავდა, მაგრამ მხოლოდ სათადარიგოთა სკამისთვის. მაგრამ მერე ზედიზედ რამდენიმე "სასწაული" მოხდა: გერმანიის ნაკრების კაპიტანი მიხაელ ბალაკი დაშავდა, ხედირა კი ბუნდესგუნდის ძირითად შემადგენლობაში ჩაჯდა; მუნდიალზე გერმანიამ ძალიან კარგად ითამაშა და ლიოვის

გუნდში ხედირა ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რის გამოც მოხვდა კიდეც "რეალში". როგორ და რანაირად მოხდა ეს ყველაფერი, ამას "ველტში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან შეიტყობთ.


- ჰერ ხედირა, გახსოვთ, რა ხდებოდა მაისში?
- მაისში? მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ვემზადებოდით...

- აი, ხომ ხედავთ, თქვენც აღარ გახსოვთ ის ალიაქოთი. მთელი გერმანია შოკში იყო, რადგან მიხაელ ბალაკი დაშავდა და გაირკვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდა. არავინ იცოდა, როგორ ითამაშებდა ბუნდესგუნდი თავისი კაპიტნის გარეშე...
- ჰო, მართალია. თავიდან ყველანი შოკში ვიყავით. თუმცა მერე, მუნდიალზე გამოჩნდა, რომ გერმანიის ნაკრებს ასეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის არყოფნით შექმნილი სიცარიელის კომპენსირება შეუძლია. აგერ, თურქეთთან მატჩისთვის ბასტიან შვაინშტაიგერიც გამოგვაკლდა, მაგრამ ტონი კროოსმა შვაინი ძალიან კარგად შეცვალა. საბოლოო ჯამში, შესანიშნავი რეალობაა ის, რომ გერმანიის ნაკრები კონკრეტულ ფეხბურთელებზე დამოკიდებული არ არის.

- სამაგიეროდ, როცა მიხაელ ბალაკი დაბრუნდება, უკვე თქვენ ჩავარდებით შოკში...
- რატომ? არანაირად! მიხაელ ბალაკი გენიალური, ექსტრა კლასის ფეხბურთელია. გერმანიის ნაკრები ერთ მუშტად შეკრული გუნდია და ჩვენთვის მთავარი შედეგია. როდესაც მიხაელ ბალაკი საუკეთესო ფორმაში იქნება და ბუნდესგუნდში დაბრუნდება, ეს ამბავი მხოლოდ გამახარებს.

- ჰო, მაგრამ ეს ხომ ფაქტობრივად იმის ნიშანი იქნება, რომ თქვენ სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლება მოგიწევთ?
- ჰო, მიხაელი იმ პოზიციაზე, იმ ადგილზე თამაშობს, რომელიც ახლა მე მაქვს დაკავებული, მაგრამ მეც არაერთხელ დავამტკიცე, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელი ვარ.

- მართალია: თქვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბუნდესგუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი იყავით და იმდენად კარგად იასპარეზეთ, რომ მუნდიალის შემდეგ მადრიდის "რეალთან" გააფორმეთ კონტრაქტი, სადაც ასევე მუდმივად თამაშობთ. ხუთი თვის წინ კი ამას ვერავინ წარმოიდგენდა...
- ფეხბურთი იმიტომაცაა სპორტის ნომერ პირველი სახეობა, რომ არასდროს არაფერია გამორიცხული. თუ გახსოვთ, მარტში ტრავმა მივიღე და მეშინოდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ვითამაშებდი. მერე გამიმართლა და მალე გამოვჯანმრთელდი, ამ დროს ბალაკი დაშავდა და მუნდიალზე მის ნაცვლად მე ვითამაშე, თანაც იმდენად კარგად, რომ ახლა უკვე მსოფლიოს საუკეთესო კლუბის, "რეალის" მოთამაშე ვარ. ეს ბედნიერებაა! "რეალში" ყოველთვის ვთამაშობ, თითქმის ყველა მატჩს ვიგებთ, ჩემპიონთა ლიგაში კარგად ვასპარეზობთ და გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი იდეალურად დაიწყო. ამაზე უკეთესად ვერც ვიქნებოდი! მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ბედნიერება შემთხვევითი არ არის. ყველაფერი ჩემი შრომის დამსახურებაა!

- ყველა ასე ამბობს ხოლმე...
- ჰო, მაგრამ ჩემს შემთხვევაშიო ბანალურ ისტორიასთან არ გვაქვს საქმე. 17 წლის ასაკში უმძიმესი ტრავმა მქონდა და ექიმები მეუბნებოდნენ, დიდი შანსია, კარიერის ნაადრევად დამთავრება მოგიხდესო. ცხადია, გამიმართლა კიდეც, მაგრამ მეც ბევრი ვიშრომე და მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, უკვე ბევრი რამ გამოვცადე. შესაბამისად, ახლა ყველა პოზიტიურ თუ ნეგატიურ ცვლილებას მშვიდად ვხვდები.

- როდის უფრო ნერვიულობდით: მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის წინ თუ ჟოზე მოურინიოსთან პირველი შეხვედრისას?
- როცა წინ მუნდიალის ნახევარფინალური მატჩი გელის, ცხადია, დაძაბული ხარ და ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, მაგრამ ნერვიულობა გადაჭარბებული ნათქვამია. მოურინიოსთან პირველი შეხვედრის დროს კი სხვანაირი სიტუაცია იყო: როცა მადრიდში მივფინავდი, არ ვიცოდი, რა და ვინ მელოდა. არც იმის დრო მქონდა, რომ მოვმზადებულიყავი, რა მეთქვა. არ ვიცოდი, მომიწევდა თუ არა თვითონ ჟოზესთან შეხვედრა და გასაუბრება. სწორედ ამ გაურკვევლობის გამო ვინერვიულე და ამას არც დავმალავ.

- ჟოზეზე ლეგენდები დადის. მაინც როგორ უნდა წარმოვიდგინოთ მასთან საუბარი?
- არაფერი განსაკუთრებული, ეს ჩვეულებრივი დიალოგი იყო. ვსაუბრობდით ჩვენს მიზნებზე, მენტალიტეტსა და ფეხბურთისადმი შეხედულებებზე. ყველაფერი რამდენიმე წუთში გავარკვიეთ და მაშინვე ვიცოდი, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა, რომ "რეალში" გადასვლა მინდოდა.

- რატომ?
- იმიტომ, რომ ჩვენი აზრები ერთმანეთს დაემთხვა. მოურინიოს მანამდეც ძალიან ვუნდოდი და ჩემთან შეხვედრისას უბრალოდ ასი პროცენტით დარწმუნა, რომ "რეალში" ჩემი ხილვა სურდა. მე კი ამან ძალიან დამამშვიდა.

- არ გიფიქრიათ, რომ ეს ნაბიჯი თქვენთვის ნაადრევი იქნებოდა? თუ ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ როცა ფეხბურთელს "რეალში" გადასვლის შანსი აქვს, არც უნდა დაფიქრდეს?
- მესმის, რასაც გულისხმობთ. როცა ჩემი ოჯახის წევრებს შევატყობინე, რომ "რეალში" მეპატიჟებოდნენ, მოსალოდნელ ტრანსფერს ყველამ სკეპტიკურად შეხედა. მეუბნებოდნენ, შესაძლოა, მართლაც გადახვიდე, მაგრამ სკამს გახეხინებენ, დაფიქრდი, შენთვის "რეალი" ჯერ ადრეაო. მე კი მინდოდა გამეგო, რატომ ვუნდოდი მოურინიოს, რა მელოდა "სამეფო გუნდში". და ჟოზემ ჩემთან საუბარი ისე წარმართა, რომ უკან დასახევი გზა არ დამიტოვა. არა მგონია, რომელიმე მწვრთნელმა რომელიმე ფეხბურთელს ამაზე გასაგებად და მკაფიოდ აუხსნას, რომ ის სჭირდება. გადაწყვეტილება ასე სწრაფად ამიტომაც მივიღე - ჟოზესთან საუბრის დაწყებიდან ზუსტად სამ წუთში უკვე ვიცოდი, რომ ამ გენიალურ მწვრთნელს ძალიან უნდოდა, "რეალის" ფეხბურთელი გავმხდარიყავი. და ეჭვი არასდროს შემპარვია, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი.

- ვინ უფრო ამაყობს იმით, რომ "რეალში" თამაშობთ - თქვენ თუ თქვენი უმცროსი ძმა?
- რა თქმა უნდა, ძალიან ვამაყობ, ჩემი ძმისთვის კი ეს ფაქტი დამატებითი მოტივაციაა - ის "შტუტგარტის" ბავშვთა გუნდში თამაშობს და გული მხოლოდ იმაზე წყდება, რომ მე ახლა მადრიდში, სახლიდან ძალიან შორს ვცხოვრობ. სამაგიეროდ, მას ახლა მეტი მოტივაცია აქვს - მე მას საუკეთესო მაგალითი მივეცი.

- რაკი "რეალის" ფეხბურთელი ხართ, საზოგადოებაში სხვანაირად იქცევით?
- ბოლო დროს "შტუტგარტშიც" ძალიან პოპულარული ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ ამას ჩემზე ნეგატიურად არ უმოქმედია. პირიქით, მოტივაცია მემატებოდა და უფრო მეტს ვშრომობდი. ყველაფრის საზღვრები ვიცი, პირველ რიგში კი გართობისა. ახლა საკუთარ თავს უფრო მკაცრად ვაკონტროლებ, რადგან მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობ და ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს.

- მსოფლიოში საუკეთესო ნახევარდაცვა, ანუ, ესპანეთის ნაკრების შუა ხაზი "ბარსელონაშია", მეორე ადგილზე კი ნამდვილად გერმანიის ნაკრების ნახევარდაცვაა და როგორ ფიქრობთ, მოურინიონ "რეალში" თქვენთან ერთად მესუთ იოზილი ამიტომ ხომ არ გადაიყვანა?
- არა, ეს გამორიცხულია! ჟოზე უბრალოდ ისეთ ფეხბურთელებს ეძებს და ყიდულობს, რომლებიც მის კონცეფციაში ჯდებიან. მესუთიც ამ კონცეფციის ნაწილია, თორემ მაღალი კლასის ნახევარმცველები მარტო გერმანიას და ესპანეთს კი არ ჰყავს...

- რას ითხოვს ჟოზე პირადად თქვენგან?
- ჟოზე ფეხბურთელებს პირველ რიგში ტვინით თამაშს, ანუ, სიჭკვიანეს სთხოვს. ჩემი დავალება კი ის არის, რომ ვიზრუნო წესრიგზე ნახევარდაცვის ცენტრში, ვიზრუნო იმაზე, რომ "რეალი" ცენტრში კომპაქტური იყოს. მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ საჯარიმოს მისადგომებიდან ქუსლებით საგოლე პასები ვაკეთო - "რეალს" საკმარისად ჰყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც ეს ეხერხებათ და შესაბამისად, ევალებათ კიდეც. მე პრაქტიკულად მუშა ვარ, რომელმაც მოედნის ცენტრში დისციპლინასა და წესრიგზე უნდა იზრუნოს, მაგრამ ეს არც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ შავი და "ბინძური" სამუშაოს შესრულება მევალება.

- მამათქვენი წარმოშობით ტუნისიდანაა. რაზე უფრო ხშირად საუბრობენ ტუნისში: იმაზე, რომ ტუნისელი ხედირა გერმანიის ნაკრებში თამაშობს თუ იმაზე, რომ თქვენ "რეალის" ფეხბურთელი ხართ?
- დავიწყოთ იმით, რომ ტუნისში ფეხბურთი სიგიჟემდე უყვართ. როგორც მე ვიცი, იქ ყველა ამაყობს იმით, რომ "რეალში" გადავედი და რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიასპარეზე. ხალხი ძალიან წუხდა იმის გამო, რომ ტუნისის ნაკრები მუნდიალზე ვერ გავიდა და შესაბამისად, უხაროდათ, ჩემი სახით ერთი ტუნისელი მაინც რომ იყო სამხრეთ აფრიკაში.

- ფრანგული ან არაბული იცით?
- არაბული არა, ფრანგული ცოტა ვიცი. ახლა კი ესპანურს ვსწავლობ, თანაც ინტენსიურად.

- გიჭირთ?
- ადვილი ნამდვილად არ არის, თანაც, ძალიან კარგი მასწავლებელი მყავს. დღეში რამდენიმე საათი ვმეცადინეობ, რადგან ვიცი, რომ ესპანურის ცოდნა ჩემთვის ახლა აუცილებელია.

- ჰო, მოურინიომ, ამას წინათ, თქვენ და იოზილი სწორედ იმის გამო გაგაკრიტიკათ, რომ ესპანური არ იცით...
- გადაჭარბებული ნათქვამია. მოურინიომ სინამდვილეში ის თქვა, რომ ჩვენ იმიტომაც ვერ ვავლენთ პოტენციალის ას პროცენტს, რომ ესპანური კარგად არ ვიცით.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული