რადამელ ფალკაო - მესისთან და რონალდოსთან გაჯიბრებული

AutoSharing Option
არგენტინული "რივერ პლეიტის" მიერ კოლუმბიელი თინეიჯერის შეძენაში არაფერი ყოფილა განსაკუთრებული და სულისშემძვრელი, როგორც ეს "ბარსელონასა" და ლეო მესის შემთხვევაში იყო.

თუმცა რადამელის ისტორიაც დრამატულია. ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანი ფიგურა მოთამაშის მამა იყო, მაგრამ ამით მსგავსება სრულდება.

უფროსი მესი თავისი ვაჟისთვის განკურნებისა და დაუჯერებელი ნიჭის გამოყენების შანსს ეძებდა. უფროსი გარსია კი, რომელიც თავად იყო კარგი ფეხბურთელი, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებდა. ის მხოლოდ უმნიშვნელო ორიენტირი იყო რადამელის ბედ-იღბალში...

"მე ვუყურებდი მამის თამაშს დაცვაში. ის ოცნებობდა წინ წასვლაზე, გოლების გატანასა და საგოლე პასების შესრულებაზე. ოდნავ
უხერხულობასაც კი ვგრძნობდი მის გამო. და მე ვოცნებობდი, რომ გავიზრდებოდი და აუცილებლად თავდამსხმელი გამოვიდოდი", - აღიარებდა 15 წლის ფალკაო ახალგაზრდული ტურნირის დროს, სადაც ის 17-წლიანებს შორის თამაშობდა.

"მამა ყოველთვის მიყვებოდა ფეხბურთში მცველების შესახებ, მასწავლიდა მათ მოქმედებებს და იგონებდა ორიგინალურ სვლებს", - ამხელდა თავის ბომბარდირულ საიდუმლოებებს რადამელი მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელიც 2005 წელს ჰოლანდიაში გაიმართა.

მაშინ კოლუმბიელებმა ტრიუმფალურად გაიარეს ჯგუფი, ფალკაო კი შეცვლაზე შედიოდა მოედანზე, გოლებს იტანდა და ტურნირის ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა. შესაძლოა, 19 წლის ფორვარდს მეტი აპლოდისმენტი რგებოდა, მაგრამ პლეი ოფის პირველ რაუნდში კოლუმბია არგენტინამ შეაჩერა.

რადამელი კიდევ ერთხელ შევიდა შეცვლაზე მეორე ტაიმში, როცა ანგარიში 1:1 იყო, მაგრამ მატჩის გმირი ვერ გახდა - ვერც ის და ვერც ლეო მესი.

ბრწყინვალე არგენტინელის გარღვევა ჯერ ისევ წინ იყო. მას ტურნირის გმირობისკენ გზა გაუხსნა მესამე დამატებულ წუთზე არაფრით გამორჩეული მცველის, ბაროსოს მიერ გატანილმა გოლმა.

ამის შემდეგ მესიმ გაიტანა მეოთხედფინალში ესპანეთთან, ნახევარფინალში ბრაზილიასთან და დუბლი გააკეთა ფინალში ნიგერიასთან. ამის შემდეგ ის ბარსელონაში ჩამოყალიბებულ და გამზადებულ ვარსკვლავად დაბრუნდა. ფალკაო კი გაემგზავრა მისთვის სასურველ და შორეულ ბუენოს აირესში.

სწავლა თუ ფეხბურთი?

როგორც ამბობენ, ნებისმიერი კოლუმბიელი ოცნებობს კარგი განათლების მიღებაზე, რათა შემდეგ დატოვოს ქვეყანა, გაითქვას სახელი და ამით ასახელოს კოლუმბია. რადამელის დედა ოცნებობდა იმაზე, რომ ბიჭს ბაკალავრის ხარისხი მიეღო, მამა კი ბიჭის საფეხბურთო ნიჭს ანვითარებდა და იმედი ჰქონდა, რომ ვაჟი, მისგან განსხვავებით, დიდ წარმატებებს მიაღწევდა.

მაგრამ ყმაწვილი მთავარ გადაწყვეტილებებს ცხოვრებაში თავისი მწვრთნელისა და მწყემსის - არგენტინელი სილვანო ესპინოლას წყალობით იღებდა.

უფრო სწორად, ესპინოლამ ასწავლა, რომ მას თავად უნდა მიეღო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ეს მაშინ მოხდა, როცა რადამელი კლუბ "ლანსეროს ბოიაკას" იუნიორთა გუნდში თამაშობდა.

უკვე 13 წლის ასაკში რადამელ ფალკაო გარსიამ პროფესიულ მატჩში მიიღო მონაწილეობა, როცა "ლანსეროსი" "დეპორტივო პერეირას" წინააღმდეგ თამაშობდა.

ესპინოლა თავის შეგირდებში მიზნის მიღწევისთვის საჭირო საბრძოლო სულსა და ჟინს ამკვიდრებდა, ბიჭებს ქრისტიანობასა და ფეხბურთს აზიარებდა, მაგრამ მნიშვნელოვან მომენტებში მათ უტოვებდა არჩევანის უფლებას.

თავისი ადრეული დებიუტის შემდეგ რადამელი ესპინოლას კონტაქტების დახმარებით პირველად გაემგზავრა ბუენოს აირესში - "ველეს სარსფილდში" სტაჟირებაზე. ნახევარი წლის შემდეგ დაბრუნდა - და ეს მთლიანად მისი გადაწყვეტილება იყო.

მშობლები ცალ-ცალკე ოცნებას აგრძელებდნენ, მაგრამ დაჟინებით არაფერს ითხოვდნენ. 2005 წელს, სწორედ იმ ახალგაზრდული ჩემპიონატის შემდეგ (მაშინ რადამელს უკვე მიანიჭეს მეტსახელი ლეგენდარული ბრაზილიელის, პაულო რობერტო ფალკაოს პატივსაცემად), ბიჭი ისევ არგენტინაში გაემგზავრა.

გამოთხოვებისას, მამამ ისევ შეახსენა თავისი საფეხბურთო რჩევები, დედამ - ის, რომ განათლება არასოდეს არის ზედმეტი.

რადამელს თავიდანვე არ გაუზიარებია ეს რჩევები, მაგრამ არც დავიწყებია ისინი. მან ორი უმნიშვნელო წელი გაატარა "რივერ პლეიტის" სკოლაში - ლეგენდარული "მონუმენტალის" გვერდით ბაზაზე სხვა ჩამოსულ ფეხბურთელებთან ერთად ცხოვრობდა და სპარტანულ ცხოვრებას უღებდა ალღოს. ბოლოს მან ჯერ კოლეჯში, შემდეგ კი ბუენოს აირესის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩააბარა.

კარიერა რივერ პლეიტში

"რივერ პლეიტის" რიგებში თავის პირველივე სრულფასოვან მატჩში ფალკაომ დუბლი შეასრულა, რითაც პირველად გამოამჟღავნა თავისი ბომბარდირული თვისებები.

მაგრამ 2005 წელს ჯერ კიდევ შორს იყო მისი სნაიპერული სასწაულები. არგენტინელ თანატოლებთან წაგებამ მრავალი წლით დააშორა ფალკაოსა და მესის საფეხბურთო გზები. დაიწყო პერიოდი, რომელმაც საბოლოოდ ჩამოაყალიბა თავდამსხმელის ხასიათი.

"რივერ პლეიტის" მწვრთნელმა რეინალდო მერლომ, საყოველთაო გაოცების მიუხედავად, აქცენტი ფალკაოზე გააკეთა. ბიჭს მართლაც შეეძლო თავი გამოეჩინა კარგი თამაშით, მაგრამ ასეთი გმირობები ყოველდღე არ ხდებოდა.

რადამელმა ჯერ ვერ მოარგო გასაღები მკაცრი არგენტინული ლიგის ყველა მცველს, პარტნიორებს კი ჯერ არ ჰქონდათ გაცნობიერებული ახალბედას ყველა ღირსება. ამიტომაც საშუალო სიმაღლის ფორვარდს თითქმის არ ეძლეოდა თავის გამოჩენის შანსი.

კიდევ უფრო გართულდა საქმე მერლოს წასვლისა და დანიელ პასარელას მოსვლის შემდეგ. მასთან ბრძოლაში ახალგაზრდა კოლუმბიელს არანაირი რჩევები არ შველოდა.

რადამელი, შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის მიუხედავად, საკუთარი თავის რწმენას არ კარგავდა, მაგრამ მძიმე ტრავმამ (2006 წლის დასაწყისში მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა) კიდევ უფრო დააშორა მიზანს. და ამან ის უფრო ძლიერად აქცია.

"ტრავმის შემდეგ პირველი წამი აუტანელი იყო. მოძრაობა არ შემეძლო. მეგონა, რომ თავად ცხოვრება გაჩერდა, - ყვებოდა შემდეგ ფალკაო. - მაგრამ სწორედ ეს ტრავმა გახდა ჩემი აღმაფრენის ათვლის წერტილი".

რადამელის ლამაზი სიტყვები სულაც არ გახლავთ ინტერვიუერის ფანტაზიის ნაყოფი. უნივერსიტეტში კოლუმბიელი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და ამით ლამაზად და საქმიანად ლაპარაკი ისწავლა.

ის თავის აზრებს ორიგინალურად და მკაფიოდ აყალიბებს. არადა, 2006 წელს სწავლის მიტოვება მოუწია.

ტრავმის შემდეგ ფალკაო უნივერსიტეტში აღარ დაბრუნებულა. სამაგიეროდ, დაბრუნდა ფეხბურთში და მისი შემჩერებელი აღარავინ იყო. 2007-08 წლების სეზონი კოლუმბიელისთვის ძალიან წარმატებულად განვითარდა.

პასარელას განთავისუფლებამ გზა გაუხსნა მინდორზე დაბრუნებულ კოლუმბიელს. ფალკაო იმკვიდრებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში, აკეთებს პირველ "ილეთს შლაპით" კოპა სუდამერიკანაზე ბრაზილიის "ბოტაფოგოს" წინააღმდეგ, თავის პირველ გოლს იტანს არგენტინულ სუპერკლასიკოში - ანგარიშს ხსნის "ბოკა ხუნიორსთან" მოგებულ მატჩში. ის დაფრინავს მოედანზე და იოლად იცილებს მცველებს, რომელთა თამაშს უკვე აუღო ალღო.

მას უკვე აღარ ჰყოფნის ოთხი გოლი და რვა მატჩი ძირითადში. "ტორნეო კლაუსურა" "რივერ პლეიტმა" მოიგო დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით, მაგრამ ფალკაო ჯერ არ არის სუპერბომბირდირი, ის გუნდის შიგნით აგებს სნაიპერულ დუელს ტექნიკურ დიეგო ბუონანოტესთან.

მისი ღირსება მოგვიანებით ვლინდება. რადამელმა თავიდან უარყო რამდენიმე შემოთავაზება ევროპიდან, მაგრამ ბოლოს მაინც გაემგზავრა ოკეანის გაღმა და დაიწყო ევროპის დაპყრობა. 2008 წლის კლაუსურა კი დღემდე რჩება "რივერის" ბოლო ტიტულად.

რეკორდები პორტუში

2009 წლის "პორტუ" ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იყო. ფალკაოსთვის ნამდვილი სიამოვნება გახდა ძლიერი შემსრულებლების მხარდამხარ თამაში. მათ შორის იყო მისი ყოფილი პარტნიორი კოლუმბიის ახალგაზრულ ნაკრებში ფრედი გუარინი და პერსპექტიული ჰალკი.

მან რეგულარულად დაიწყო გოლების გატანა, თანაც არა მარტო შიდა არენაზე. მისმა ქუსლით გატანილმა გოლმა ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "ატლეტიკოს" კარში, პორტუგალიელ ჟურნალისტებს მაჯერის გოლი გაახსენა 1986-87 წლების ჩემპიონთა თასის ფინალში.

საინტერესოა, რომ სადებიუტო სეზონის 28 მატჩში ფალკაოს 25-მა გოლმა "პორტუს" ტიტული ვერ მოუტანა. პირველად და უკანასკნელად ბოლო ხუთ წელიწადში "პორტუმ" წააგო პირველობა "ბენფიკასთან".

ჩემპიონთა ლიგაზე კი გუნდი მერვედფინალიდან გამოეთიშა ბრძოლას, როცა "არსენალთან" შინ მოიგო 2:1 ფალკაოს გამარჯვების გოლით, მაგრამ ლონდონში განადგურდა - 0:5.

შემდეგ სეზონში მას სულ ცოტა დააკლდა მაშინ დაუჯერებელ შედეგამდე - ერთი გოლი მატჩში. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ასწიეს მესიმ და რონალდომ თამასა და გამოწვევა ესროლეს ფალკაოს.

მანამდე კი რადამელმა და კომპანიამ "პორტუს" ჩემპიონობა დაუბრუნეს. ევროპის ლიგაზე კოლუმბიელმა გააუმჯობესა იურგენ კლინსმანის რეკორდი, როცა უეფას თასის ერთ კონკრეტულ გათამაშებაში 17 გოლი გაიტანა. წერტილი რადამელმა დუბლინში ფინალურ მატჩში დასვა.

შემდეგი გაჩერება: ატლეტიკო

მადრიდის "ატლეტიკოში" 40 მილიონ ევროდ გადასვლა - თამამი ნაბიჯი იყო. სატრანსფერო თანხა მხოლოდ ხაზს უსვამს ბომბირდირის პასუხისმგებლობის დონეს, მაგრამ რიცხვების გარეშეც ცხადია: რადამელი მზად არის ამ გამოწვევისთვის, მზადაა ითამაშოს გუნდში, რომელმაც, ფაქტობრივად, არარეალური ამოცანა დაისახა მიზნად - ჩაერიოს "ბარსელონასა" და "რეალის" დავაში, თავად კოლუმბიელი კი პირად ჩათვლაში გაეჯიბროს მესისა და რონალდოს.

"ჩემთვის სასიამოვნოა, რომ ხანდახან ვახერხებ ლეოსა და კრისტიანოზე მეტის გატანას, თუმცა ეს ტურნირის ცალკეულ ეტაპებზე ხდება, - მოკრძალებულად ამბობდა მიმდინარე სეზონის სტარტზე ერთ-ერთი მატჩის შემდეგ რადამელი. - მაგრამ ჩემი ამოცანა არ არის მესისთან ან რონალდოსთან დავა.

"ატლეტიკო" უნდა ავიყვანო ახალ დონეზე და თავად მივაღწიო უფრო მეტს, ვიდრე შარშანდელ სეზონში". უკვე დღეს ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ფალკაო ისევ მიაღწევს თავისას.

შარშანდელი 24 გოლი - მხოლოდ მორიგი საშუალედო შედეგია. ჯერ პირველი წრე არ დასრულებულა და ფალკაოს უკვე 17 გოლი აქვს. სხვათა შორის, სამი ბურთით უსწრებს რონალდოს და მხოლოდ მესის ჩამორჩება.

რადამელი ისევ თამაშობს დიეგო სიმეონეს მეთაურობით, რომელიც ისევე დავდაჯერებული და თავშეკავებულია, როგორც თავად ფალკაო. ისევ სწავლობს მისთვის უცნობი მცველების თავისებურებებს და იხსენებს უფროსი გარსიას რჩევებს.

ის ცხოვრებისგან სწავლობს და ამით დედის რჩევების ერთგულია. მან შეინარჩუნა ქრისტიანული იდეების ერთგულება და რამდენიმე ახალგაზრდული რელიგიური ჯგუფის ლიდერი გახდა. დაქორწინებულია არგენტინელზე, რომელიც ბუენოს აირესში ევანგელისტური მსახურებისას გაიცნო.

ყველაზე ლაკონურად და კარგად ფალკაო დიეგო სიმეონემ დაახასიათა: "ფალკაო - საუკეთესო მეცხრე ნომერია მსოფლიოში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული