მადრიდული იუბილეები

AutoSharing Option
რონალდო 50
მადრიდის "რეალმა" "სან მამესზე" საკმაოდ იოლი გამარჯვება იზეიმა, რაც "ბილბაოს" დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებითაც, ძნელად მოსალოდნელი იყო. კრიშტიანო რონალდომ, რომელსაც სპეციალისტები სათადარიგოთა სკამს უწინასწარმეტყველებდნენ, უკვე პირველ წუთზე საჯარიმო დარტყმით დალაშქრა ბასკთა კარი. ეს რონალდოს პროფესიულ კარიერაში უსწრაფესი გოლია. სხვათა შორის, მთელი თამაშის განმავლობაში მასპინძელი ფეხბურთელები ხისტად ეთამაშებოდნენ პორტუგალიელ გოლეადორს. ეს განსაკუთრებით მიკელ სან ხოსეზე ითქმის, თუმცა მათ მიზანს ვერ მიაღწიეს.

პირველს მეორე მოჰყვა, ამჯერად თავური, თუმცა ისიც დასამახსოვრებელი, რადგან რონიმ სეზონში 50 გოლს უწია (ყველა ოფიციალურ შეჯიბრში), ლა ლიგაში
კი მისი მაჩვენებელი 31 გოლია.

"რეალის" კიდევ ერთი გოლი გონსალო იგუაინის ანგარიშზეა, რომელიც შეცვლაზე შევიდა. "პიპიტას" ანგარიშზე ჩემპიონატში უკვე 13 გოლია, რაც 5 გოლით მეტია თანაგუნდელსა და უშუალო კონკურენტ ქარიმ ბენზემას მიღწევაზე. მოკლედ, არგენტინელი აშკარად სჯობს ფრანგს.

მიუხედავად იმისა, რომ ჟოზემ 3-4 ძირითადი ფეხბურთელი დაასვენა, მან არ მისცა იკერ კასილიასს იმ სტადიონზე თამაშის საშუალება, სადაც 14 წლის წინათ მისი კარიერა დაიწყო. მაგრამ იკერის შემცვლელ დიეგო ლოპესს ვერაფერს დავუწუნებთ - კარი მშრალად შეინახა.

აი, რა თქვა აიტორ კარანკამ მატჩის შემდეგ კრიშტიანოს თამაშზე: "ფეხბურთი კაცების თამაშია და ეს განსაკუთრებით, ამ სტადიონზე იგრძნობა. "ბილბაოს" ფეხბურთელებმა გააკეთეს თავისი გასაკეთებელი. ბუნებრივია, რომ რონალდო წნეხში ჰყავდათ, მაგრამ კრიშტიანომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მებრძოლი ფეხბურთელია: გაიტანა ორი გოლი და გუნდისთვის თამაში მოიგო".

მხოლოდ ფეხბურთზე რომ ფიქრობდეს...
"ბილბაოსა" და "რეალის" ლალიგურ დაპირისპირებაში (3:0 "რეალის" სასარგებლოდ) მცირე ინციდენტი მოხდა კრიშტიანო რონალდოსა და მცველ მიკელ სან ხოსეს შორის.

23 წლის სან ხოსე, რომელიც ადრე "ლივერპულში" ირჯებოდა, ერთ-ერთი სათამაშო ეპიზოდის შემდეგ თმებში წასწვდა კრიშტიანოს და ხელი ჰკრა. ინციდენტი მეტად არ გაღრმავებულა, თუმცა სან ხოსემ თამაშის შემდეგ სიტყვითაც დაამატა:

"კრიშტიანო რონალდო თამაშისას მხოლოდ ფეხბურთზე რომ ფიქრობდეს, მაშინ კოლეგებისგან და ხალხისგან მეტი დაფასება ექნებოდა. ასე მარტო მე არ ვფიქრობ, უმრავლესობის აზრია. ამ შემთხვევაშიც ის ვერ იქნებოდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ ნამდვილად მეტი დამფასებელი ეყოლებოდა", - განაცხადა სან ხოსემ.

სერხიო რამოსი 500
"რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა ბილბაოში მე-500 მატჩი ითამაშა პროფესიულ კარიერაში. აქედან 349 "რეალზე" მოდის, 101 ესპანეთის ნაკრებზე და 50 "სევილიაზე". "სან მამესზე" მას კაპიტნის სამკლავური ეკეთა.

ახლა - რჩებაო...
მოგეხსენებათ, ჟოზე მოურინიო შაბათს გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც ჩემპიონთა ლიგაზე მისი გუნდის მომავალ მეტოქე "დორტმუნდს" აკვირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდს კარგად იცნობს. ბილბაოს დამარცხების შემდეგ მედიაში (ოღონდ, ინგლისურში) გავრცელდა ხმები, რომ მოურინიო "რეალში" რჩება.

"მირორის" მტკიცებით, ჟოზემ ინგლისში დაბრუნება შეიძლება შეაჩეროს კიდევაც. თავად ჟოზეს კი ნათქვამი აქვს, რომ ის ზაფხულში ფლორენტინო პერესთან საუბარში გადაწყვეტს თავის მომავალს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბილბაოს ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოზე: თამაშისას მხოლოდ ფეხბურთზე რომ ფიქრობდეს, მეტად დააფასებდნენ
მკითხველის კომენტარები / 1 /
მომწონს ნიუსი...ჩემი მადრიდელები,ისინი საუკეთესო ფორმაში არიან და იმედი მაქვს გაიბრწყინებენ და მეათეჯერაც მოვიგებთ ჩემპიონთა ლიგას....
qalda
18:06 16-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული