ლა ლიგა. XXXI ტურის შეჯამება და სიმბოლური: გამოთხოვება "კათედრალთან"

AutoSharing Option
ბილბაოს " ესტადიო სან მამესი" ესპანეთში იმდენად უყვართ, რომ ამ სტადიონს "საფეხბურთო კათედრალსაც" კი უწოდებენ. სტადიონი ზუსტად 100 წლის წინათ გაიხსნა!

მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და "ლა კათედრალის" ისტორიაც მთავრდება - აგვისტოდან გუნდი ახალ სტადიონზე, "სან მამეს ბარიაზე" (ბარია ბასკურად ახალს ნიშნავს) გადავა, 55-ათასიან ყველაფრით კეთილმოწყობილ არენაზე.

ასე რომ, ნებისმიერი გუნდი, რომელიც ძველ "სან მამესზე" სათამაშოდ ჩადის, მას ემშვიდობება.

ამ ტურში "სამეფო კლუბის" ჯერი იყო. უპირველესად, სწორედ ამ მეტოქესთან ქარცეცხლიანი დაპირისპირებები "ახსოვს" ბებერ სტადიონს.

ისევ კათედრალზე
"სამეფო კლუბის" 102-ე და
ბოლო ვიზიტი "ლა კათედრალზე" ჟოზე მოურინიოს ბიჭებისთვის სუპერწარმატებული გამოდგა.

მიუხედავად ამ მარცხისა, "ატლეტიკმა" სტადიონზე სამუდამოდ შეინარჩუნა დადებითი ბალანსი "რეალთან" - 47 გამარჯვება, 37 მარცხის წინააღმდეგ.

"ბილბაოს" ახალი სტადიონი კლუბს 218 მილიონი ევრო უჯდება, მაშინ, როცა ძველი "სან მამესი" სულ 89 ათასი პესეტა დაჯდა!

წარმოიდგინეთ, მარსელო ბიელსას გუნდს ჯერ ლა ლიგაში დარჩენა არ გაუნაღდებია, რა ზარალი ელით ბასკებს პრიმერადან გავარდნის შემთხვევაში!

კასილიასი და კათედრალი
...და, რა თქმა უნდა, ჟოზე!.. და გაზეთი "მარკა". ესპანეთის ყველაზე პოპულარული გაზეთი ჯერ კიდევ თამაშამდე წერდა, რომ გუნდის კაპიტანმა ჟოზე მოურინიოს სთხოვა, "ბილბაოსთან" მათამაშეო.

საქმე იმაშია, რომ იკერის დებიუტი 14 წლის წინათ ზუსტად "სან მამესზე" შედგა და კასილიასს სურდა ამ სტადიონთან გამოთხოვება. პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა თქვა, რომ ის ვერ მისცემდა ვინმეს თამაშის გარანტიას... იკერის ჩათვლით.

და მაინც, ბევრი ელოდა, რომ ჟოზე კარში მას დააყენებდა. მწარედ შეცდნენ - ისევ დიეგო ლოპესი ვიხილეთ, რომელმაც "სამეფო კლუბის" კარი მშრალად შეინახა.

ჩვენი აზრით, "მარკას" ნაამბობი სანახევროდ მაინც თუ არის მართალი, მომავალ სეზონში ამ ორის თანამშრომლობა, უბრალოდ, გამორიცხულია.

ღვთაებრივი 300
უკვე ხუთი წელიწადი ხდება, რაც ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოუგო "ბარსას" ბურთის ფლობაში. ეს კი ზედიზედ 300 თამაშია, 50-ზე მეტი ბურთის ფლობის პროცენტით!

ბოლო გუნდი, რომელმაც შეძლო ამ კომპონენტში კატალონიელთა ძლევა, "რეალი" იყო (2008 წლის 7 მაისს, 50,5%).

ამ 300-დან ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი "ბარსელონას" "სელტიკ პარკზე" ჰქონდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. "სელტიკთან" 89%-იანი ბურთის ფლობის მიუხედავად, "ბარსელონამ" ეს თამაში 1:2 წააგო!

განაცხადები მოიპარეს
კურიოზული შემთხვევა მოხდა მადრიდში, სადაც "რაიო ვალეკანოს" წარმომადგენელმა ფეხბურთელთა ოფიციალური განაცხადი ვერ მიიტანა.

საჭირო საბუთები მას მანქანაში ჰქონდა, რომელიც თამაშის დაწყებამდე 1 საათით ადრე სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან მოპარეს.

"ელვები" მოედანზე მხოლოდ ესპანეთის პროფესიული ლიგის ჩარევის შემდეგ დაუშვეს.

ვის გინდათ პიტბული იაფად
ტურის ანტიგმირები, უდავოდ, "ხეტაფეს" კაპიტანი ალექსისი და "სევილიას" ჩილელი ნახევარმცველი გარი მედელი არიან.

პირველმა გაძევების შემდეგ "ვალიადოლიდის" ფანებს შეაფურთხა. გარი მედელმა კი სევილიის დერბიში მეტოქე კანიასს ხელი დაარტყა. ეს "პიტბულის" მე-4 გაძევება იყო სეზონში!

როგორც ჩანს, "სევილიას" ხელმძღვანელობის მოთმინების ფიალაც აივსო - მედელს ზაფხულში ტრანსფერზე დააყენებენ. ანდალუსიელებს იმედი აქვთ, რომ ჩილელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს მიიღებენ.

იცით თუ არა, რომ...
* "ბარსელონას" დაცვის ცენტრში მარკ ბარტრამ და ადრიანომ ითამაშეს. ეს სეზონში მე-11 წყვილია გუნდისათვის.
* კრიშტიანო რონალდომ კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა (69-ე წამზე).
* რადამელ ფალკაომ პროფესიულ კარიერაში მე-200 გოლი გაიტანა.

ტურის ფრაზები
მანუელ პელეგრინი: "სიტყვით ვერც აღვწერ, რასაც ახლა ვგრძნობ. მადლობა ფანებს ასეთი გულმხურვალე მხარდაჭერისთვის", - "მალაგას" თავკაცი ფანების საოცარი დახვედრით აღფრთოვანებული დარჩა.

ერნესტო ვალვერდე: "ჩვენთვის ეს ფრე წაგების ტოლფასია", - "ვალენსიას" თავკაცი "ესპანიოლთან" 3:3-ის თამაშის შემდეგ.

ხუან იგნასიო მარტინესი: "ეს "ლევანტეს" ყველაზე ცუდი თამაშია, რაც მე ვარ მწვრთნელი და ამაში დამნაშავე მხოლოდ მე ვარ ", - შინ "დეპორტივოსთან" 0:4 განადგურების შემდეგ.

პეპე მელი: "0:3-ის შემდეგ მიღწეული ფრე სამი ქულის აღების ტოლფას გმირობად მიმაჩნია", - სევილიური დერბის შემდეგ.

მარსელო ბიელა: "ერთადერთი, რასაც მივაღწიეთ: "რეალი" კარგად ვერ თამაშობდა, ჩვენ კიდევ ცუდად არ ვთამაშობდით", - "ბილბაოს" თავკაცი "რეალთან" 0:3 მარცხზე.

მანოლო ხიმენესი: "ვისაც "სარაგოსას" იმედი აღარ აქვს, ურჩევნია, გვერდზე გადგეს და ჩვენ ხელი არ შეგვიშალოს", - "სარაგოსას" თავკაცი "ბარსასთან" წაგების მერე.

მიკელ სან ხოსე: "კრიშტიანო რონალდო მარტო ფეხბურთზე რომ ფიქრობდეს, მეტად დააფასებდნენ, თუმცა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მაინც ვერ გახდებოდა", - "ბილბაოს" მცველი მატჩის შემდეგ.

დიეგო სიმეონე: "ჩვენ ლა ლიგაში დავისახეთ მეორე ადგილის დაკავება", - "ატლეტიკოს" არგენტინელი თავკაცი.


ტურის საუკეთესო გოლი
კრისტიან ტელიო (ბარსელონა) "სარაგოსას" კარში

ტურის საუკეთესო პასი
კრიშტიანო რონალდო (რეალი) - საგოლე პასი გონსალო იგუაინს.

ტურის სტატისტიკა
34 გოლი ტურში (3,4 მატჩში). 4 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 2 ფრედ დასრულდა და 4 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 50 ყვითელი, 3 წითელი ბარათი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: არავინ
დუბლი: კრიშტიანო რონალდო (რეალი), იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), ივან რაკიტიჩი (სევილია), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), კრისტიან ტელიო (ბარსელონა)
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ალვარო ვადილიო (ბეტისი, 18 წლის).

ყველაზე მეტი მაყურებელი: 52 000 - "ვილიამარინი"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 11 000 - "ტერესა რივერო"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 26 - ბეტისი
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 10 - ვალიადოლიდი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 19 - ოსასუნა
ყველაზე მეტი კუთხური: 10 - მალაგა
ყველაზე მეტი თამაშგარე: 5 - სევილია
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 65% - ბარსელონა, ვალენსია

Sportall.Ge

მე-12 ფეხბურთელი: იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი)

მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, კრისტიან ტელიო უკვე მესამედ მოხვდა ჩვენს სიმბოლურში; აი, მისი თანაგუნდელი ტიაგო ალკანტარა კი პირველად ავირჩიეთ ტურის რჩეულებში. პირველად მოხვდა ვეტერანი ვალერონიც, რომელიც მალე 38 წლის გახდება და ფეხბურთიდან წავა, თუმცა კლასი ძველებურად მოსდევს.

ტურის გმირი
სერხიო გარსია
(ესპანიოლი)
როცა გუნდში "ჯიო" გყავს, ჯერ კიდევ არაფერია დაკარგული. სწორედ ჯოვანი დოს სანტოსის მიერ 93-ე წუთზე გატანილის წყალობით ინარჩუნებს "მალიორკა" გადარჩენის შანსს. მიუხედავად ამისა, გვინდა სულ სხვა ფეხბურთელი გამოვყოთ - "ესპანიოლის" ვეტერანი ფორვარდი სერხიო გარსია. "ვალენსიასთან" მატჩში მან გუნდი მარცხისგან 94-ე წუთზე იხსნა. 29 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ერთი საგოლე პასიცაა. ამასთან, ის საუკეთესო იყო მოედანზე.

ბომბარდირები
43 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
31- კრიშტიანო რონალდო (რეალი)
24 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

ასისტენტები
14 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)
11 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
10 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

გოლი+პასი
54 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
38 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
25 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

მომდევნო ტური
19 აპრილი:
მალიორკა-რაიო ვალეკანო.

20 აპრილი:
გრანადა-ვალიადოლიდი, რეალი-ბეტისი, ბარსელონა-ლევანტე, ვალენსია-მალაგა.

21 აპრილი:
დეპორტივო-ბილბაო, ხეტაფე-ესპანიოლი, ოსასუნა-რეალ სოსიედადი, სევილია-ატლეტიკო.

22 აპრილი:
სელტა-სარაგოსა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXXI ტური: "ბარსელონა" ლეო მესის გარეშეც სეირნობს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული