ჟოზე მოურინიო: ტყუილად გიხარიათ - მადრიდის "რეალში" ვრჩები!

AutoSharing Option
რა ხდება "სამეფო კლუბის" ბანაკში? მას მერე, რაც გუნდმა ნახევარფინალში დაასრულა ბრძოლა მთავარი ტიტულისთვის, კიდევ უფრო მეტი პრობლემა ამოტივტივდა ფსკერზე.

ჟოზე მოურინიოს კიდევ უფრო დაეძაბა ურთიერთობა პრესასთან, ფეხბურთელებთან...

რეალში ვრჩები, კასილიასს კი ლოპესი მირჩევნია
სამშაბათს მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ესპანური მედია გააოცა, როცა "სამეფო კლუბში" დარჩენის შესახებ გამოაცხადა.

მან თქვა, რომ თავად მომავალ სეზონში "რეალში" დარჩენას გეგმავს. ასევე, ისაუბრა იკერ კასილიასთან დაკავშირებულ გაუგებრობაზეც:

"ყველაფერი ძალიან მარტივადაა - დიეგო ლოპესი ჩემთვის უკეთესი გოლკიპერია, ვიდრე იკერ კასილიასი. არაფერი პირადული. მე
მიყვარს ისეთი მეკარე, რომელიც კარგად თამაშობს ფეხით, მეორე სართულზე თამაშში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში და ბრწყინვალეა კარის ხაზზე. მოკლედ, ასეთ მეკარედ დიეგო ლოპესი მიმაჩნია".


პეპეს პრობლემას ვარანი ქვია
მოურინიომ არც პეპეს კომენტარი დატოვა უყურადღებოდ, რომელმაც იკერ კასილიასის მეტად დაფასება მოითხოვა.

"პეპეს პრობლემას არ ჰქვია კასილიასი, პეპეს პრობლემას ვარანი ჰქვია. ეს არის მთელი ისტორია. ვარანი ათამაშდა და პეპე შემადგენლობაში ადგილისთვის იბრძვის.

მინდა აღვნიშნო, რომ პეპეს შესახებ მხოლოდ იმიტომ დავაფიქსირე აზრი, რომ შემეკითხეთ. ჩემი ინიციატივა არ იყო ამის წამოძახება".


"მარკა": ჟოზეს მხოლოდ სამი ფეხბურთელი უჭერს მხარს
მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიომ განაცხადა, "რეალში" ვრჩებიო, გაზეთი "მარკა" ამტკიცებს, რომ პორტუგალიელის საქმე "სამეფო კლუბში" ცუდადაა.

"მარკამ" ორშაბათის დახურული ვარჯიშიდან გამოიტანა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვარჯიში უჩვეულო იყო. ჟოზე მოურინიოს ერთი სიტყვაც არ უთქვამს ფეხბურთელებისთვის, არც "ვალიადოლიდთან" მატჩი გაურჩევია და არც პეპეს გამონათქვამზე შეუკრიბავს ხალხი.

"მარკა" ამტკიცებს, რომ მას მერე, რაც პეპეც განუდგა მოურინიოს, ახლა პორტუგალიელი მწვრთნელის ერთგული გუნდში მხოლოდ სამია: დიეგო ლოპესი, მიკაელ ესიენი და ლუკა მოდრიჩი. დანარჩენები კი გაყოფილები არიან მის მოწინააღმდეგეებად და ნეიტრალურებად.

ზიდანი - ანჩელოტის თანაშემწე "რეალში"?
ესპანური მედიის ცნობით, ფლორენტინო პერესს სურს, რომ "რეალის" სამწვრთნელო შტაბში კარლო ანჩელოტი და ზინედინ ზიდანი შეკრიბოს. პერესს იტალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიოს შემცვლელად სურს, რომელიც სავარაუდოდ, "ჩელსიში" წავა, მიუხედავად ამ განაცხადისა.

თავად ანჩელოტიმ თქვა, რომ "რეალისგან" ჯერ არანაირი წინადადება არ მიუღია.

პერესს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ანჩელოტის თანხმობის შემთხვევაში, ზინედინ ზიდანი მის თანაშემწედ დანიშნოს. შეგახსენებთ, რომ ზინედინი ადრე "რეალის" სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

რაფა ბენიტესი: ყველამ იცის, ვინ იქნება "ჩელსის" მწვრთნელი
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა რაფაელ ბენიტესმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მომავალ სეზონში კლუბში არ დარჩება. მან თავისი განაცხადით ყველას მიანიშნა, რომ პოსტზე ჟოზე მოურინიო შეცვლის.

"ახალ სეზონში "ჩელსის" ახალი მწვრთნელი ეყოლება. ვფიქრობ, უკვე ყველამ იცის, თუ ვინ იქნება "ჩელსის" ახალი მწვრთნელი".

იგუაინი "იუვესა" და "გალას" სურთ
ამასობაში, ესპანური პრესის ცნობით, ტურინის "იუვენტუსის" სამწვრთნელო საბჭო დაინტერესებულია "რეალის" არგენტინელი ფორვარდის, გონსალო იგუაინის შეძენით. თავის მხრივ, "რეალის" ხელმძღვანელობა ალბათ შეელევა იგუაინს და შეინარჩუნებს ქარიმ ბენზემას.

იგუაინის საბაზრო ფასი 25 მილიონი ევროა. გასულ კვირაში უკვე გაიმართა ერთი შეხვედრა "იუვეს" გენერალურ დირექტორ ბეპე მაროტასა და აგენტ ერნესტო ბრონცეტის შორის, რომელიც ევროპაში ფლორენტინო პერესის ნდობით აღჭურვილი პირია.

ამასობაში იგუაინის შეძენით "გალათასარაი" და მისი თავკაცი ფათიჰ თერიმიც დაინტერესდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: "რეალში" ვრჩები, იკერ კასილიასს კი დიეგო ლოპესი მირჩევნია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული