ეს არ მოხდა - "რეალმა" "მალაგას" ბრდღვინი ადინა, 6:2 მოუგო. ასე რომ, "ბარსას" თავგადაკლულ გულშემატკივრებს კიდევ რამდენიმე დღე მოუწევთ მოცდა ზეიმამდე. მეორე თამაშში "კოპა დელ რეის" მეორე ფინალისტმა (რის გამოც გადმოიდო ეს მატჩები) "ატლეტიკომ" სტუმრად 3:1 მოუგო "სელტას" და სეგუნდა დივიზიონისკენ გაახედა...
ბარსელონა ცოტას კიდევ მოიცდის
18-კაციან განაცხადში ჟოზე მოურინიომ "ვერ გამოძებნა" პეპეს ადგილი, რომელმაც თავს ბოსის გაკრიტიკების უფლება მისცა. ცხადია, რომ თუ მოურინიო დარჩა,
მოურინიოს ისევ სტვენით შეხვდა მადრიდული ინჩადა, ხოლო მოურინიომ ისევ სათადარიგოთა სკამზე დატოვა იკერ კასილიასი და კარში დიეგო ლოპესი ჩააყენა. ანგარიში 2 წუთში გაიხსნა - ლუკა მოდრიჩის კუთხურს რაულ ალბიოლის ბრწყინვალე თავური მოჰყვა. მცველმა "რეალის" მაისურით პირველი გოლი ჩემპიონატში ფეხმძიმე მეუღლეს მიუძღვნა. მალე როკე სანტა კრუსმა საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან გაუტანა დიეგო ლოპესს.
მალე კრიშტიანო რონალდო სერხიო სანჩესმა საჯარიმოში წესების გარეშე შეაჩერა და "რეალის" ექს-მცველი მსაჯმა გააძევა. რონალდომ პენალტი შეასრულა. მისი უძლიერესი დარტყმული ვილი კაბალიერომ ფეხით მოიგერია, მაგრამ არგენტინელმა ამ ეპიზოდში ტრავმაც მიიღო და პირველი ტაიმის ჩამთავრებაც კი ვერ შეძლო.
გასვლამდე კაბალიერომ ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა: უკან დაგორებული პასი ხელში აიღო, თავისუფალი დარტყმა კი რონალდომ გოლად აქცია. 10-კაციანმა "მალაგამ" შეუტია და "რეალმა" კონტრშეტევაზე დაიჭირა მეტოქე. რონალდოს პასით გოლი მესუთ იოზილმა გაიტანა. ამის შემდეგ პორტუგალიელმა მცველმა ვიტორინო ანტუნეშმა საჯარიმოს მისადგომიდან ძალიან ლამაზი გოლი გაუტანა დიეგო ლოპესს.
პირველი ტაიმი უხვგოლიანი გამოდგა - ტაიმის ბოლოს რონალდომ ერთი გოლი ქარიმ ბენზემას აჩუქა - 4:2.
მეორე ტაიმში პუბლიკამ შედარებით მოიწყინა: ლუკა მოდრიჩისა და ანხელ დი მარიას გოლები და მარტინ დემიკელისის გაძევება ვიხილეთ.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ რონალდო იყო, რომლის ანგარიშზეც გოლი და ორი საგოლე პასია. თამაშში კოჭი იტკინა მესუთ იოზილმა, თუმცა ექიმთა თქმით, ესპანეთის თასის ფინალში გერმანელი პლეიმეიქერი ითამაშებს.
აიტორ კარანკა:"მწვრთნელის მისამართით სტვენა ჩვეულებრივი მოვლენაა. გულშემატკივრები აკეთებენ იმას, რასაც საჭიროდ ჩათვლიან, ხოლო გუნდის თავკაცები თავიანთ შტაბთან ერთად ყველაფერს აკეთებენ კარგი თამაშისა და ბრწყინვალე შედეგის მისაღწევად. თუ გუნდში მოურინიო დარჩება, დავრჩები მეც. თუ არა, მაშინ ჩემი კარიერა შეიძლება სხვანაირად განვითარდეს. თუმცა ამ წუთში ამ საკითხზე არ ვფიქრობ".
რონალდო 200
28 წლის პორტუგალიელს საგოლე ალღო მართლაც საოცარი აქვს - თავისუფალი დარტყმიდან ვილის კარში გატანილი ბურთი რონისთვის საიუბილეოა: "რეალის" მაისურით მან 200 ოფიციალური გოლი გაიტანა, მაშინ, როცა 200 ოფიციალურ მატჩში მას ჯერ მონაწილეობა არ მიუღია. 197 მატჩში რონალდომ 200 გოლი გაიტანა.
ამის მისაღწევად 4 არასრული სეზონი ეყო პორტუგალიელს. კრიშტიანოს ახლა უკვე 54 გოლი აქვს გატანილი სეზონში (34 ჩემპიონატში). რონალდო "რეალის" ისტორიაში მე-6 მეგოლეა, თუმცა მან ყველაზე ადრე მიაღწია 200-გოლიან ნიშნულს.
რონალდოს გოლები რეალში
სეზონი ლა ლიგა ლიგა კოპა სუპ. სულ
12/13 34 12 6 2 54
11/12 46 10 3 1 60
10/11 40 6 7 - 53
09/10 26 7 - - 33
რეალის მეგოლეები
ფეხბურთელი გოლი მატჩი
1. რაული 323 741
2. დი სტეფანო 308 396
3. სანტილიანა 290 645
4. პუშკაში 242 262
5. უგო სანჩესი 208 282
6. რონალდო 200 197
შესრულებული მისია
ვიგოს "ბალაიდოსზე" მასპინძელი გუნდის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა. დიეგო სიმეონეს გუნდს კი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს და გარანტირებულ მესამე ადგილს მოუტანდა. საბოლოოდ ასეც მოხდა, სტუმრებმა 3:1 მოიგეს და "სელტა" უმძიმეს სიტუაციაში ჩააგდეს: 31 ქულით ბოლოსწინაა და ორ ისეთ გუნდს უნდა გადაასწროს, რომლებზეც მეტი თამაში აქვს ჩატარებული.
ოთხივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა, მანამდე კი გუნდები ერთმანეთს შორი მანძილებიდან ბომბავდნენ. ანგარიში კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ გაიხსნა, დიეგო კოშტამ თავურით გაიტანა. შემდეგ შორი მანძილიდან ხუანფრანმა (რიკოშეტის დახმარებით) ორამდე გაზარდა. ამას მოჰყვა ტიბო კურტუას შეცდომა და აუგუსტო ფერნანდესის გოლი, თუმცა ბოლო სიტყვა ისევ "ატლეტიკომ" თქვა, "ელ ტიგრე" ფალკაომ სეზონში 27-ე გოლი გაიტანა.
წაგების გარდა, "სელტამ" დიდი ხნით დაკარგა ვეტერანი ფორვარდი მარიო ბერმეხო, ვინც მარცხენა მუხლის მყესები დაიზიანა.
აბელ რესინო (სელტა): "სანამ შანსი გვაქვს, ბოლომდე ვიბრძოლებთ და იმედს არ დავკარგავთ".
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "დღეს დიდი დღეა "ატლეტიკოსთვის", ჩვენ ნამდვილად დავიმსახურეთ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კრიშტიანო რონალდომ "რეალში" მე-200 გოლი გაიტანა [VIDEO]