ფლორენტინო პერესი: რონალდოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად ვაქცევ

AutoSharing Option
ერთი მატჩიც და ჟოზე მოურინიოს 3-წლიანი ერა მადრიდის "რეალში" დასრულდება, პორტუგალიელის კონტრაქტი დაირღვევა და ის სხვაგან (სავარაუდოდ, ლონდონის "ჩელსიში") წავა. ჯერ არ არის ცნობილი, თუ ვინ იქნება "სამეფო კლუბის" ახალი მთავარი მწვრთნელი, მაგრამ უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ის არ იქნება მთავარი პერსონა (როგორც ჟოზე იყო) - ახალი პროექტის ცენტრში კი ზინედინ ზიდანი იქნება.

სწორედ ეს სურვილი დააფიქსირა "კადენა სერთან" ინტერვიუში "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა, რომელსაც ივნისში კლუბის პრეზიდენტის არჩევნები ელის. თუმცა მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ პერესს კარგი შანსი აქვს, კიდევ
ერთი ვადით გახდეს "სამეფო კლუბის" ბოსი.

მაშ ასე, "რეალის" ახალი პროექტის ხელმძღვანელი და სულისჩამდგმელი მომავალი სპორტული დირექტორი, დიდი ფრანგი ზინედინ ზიდანი იქნება. მთავარი მწვრთნელის პოსტის ჩაბარება ფლორენტინოს აშკარად კარლო ანჩელოტისთვის სურს, თუმცა ამას ხელს "პარი სენ-ჟერმენთან" გაფორმებული კონტრაქტი უშლის.

ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, მიუნხენის "ბაიერნის" მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის ვარიანტი, თავად ასაკოვანი გერმანელის ინიციატივაა, "რეალში" კი ამ ვარიანტით დიდად აღფრთოვანებულნი არ არიან.

რონალდოზე
"კადენა სერთან" საუბარში პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი კრიშტიანო რონალდოს საკითხს შეეხო. ბოსმა განაცხადა, რომ მისი სურვილია, პორტუგალიელი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს (ასეთი ახლა ლეო მესია).

"მე მსურს, კრიშტიანო რონალდო მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად ვაქციო. ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ძალას გამოვიყენებთ, რომ მან თავი ბედნიერად იგრძნოს "რეალში", - განაცხადა პერესმა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასაწყისში რონალდომ განაცხადა, რომ არ არის ბედნიერი მადრიდულ კლუბში. მაშინ მას არ დაუკონკრეტებია, რის გამოც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. როგორც ჩანს, საქმე მაინც ფინანსურ საკითხშია. "რეალი" უახლოეს ხანებში რონალდოს გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს.

ახალ მწვრთნელზე
"ჩვენ ჯერ არ ვიცით, ვინ იქნება "რეალის" ახალი თავკაცი. ამის შესახებ მომდევნო კვირაში ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ, მაგრამ ჩვენი სურვილია, ახალი პროექტის ცენტრი, სული და გული ზინედინ ზიდანი გახდეს. ის უნდა იყოს ჩვენი პროექტის ლიდერი".

ჟოზე მოურინიოზე
"ჟოზე "რეალიდან" მიდის. როგორი მწვრთნელი იყო ის? ყველა ფეხბურთელი მეუბნება მხოლოდ კარგს მის შესახებ. ისინი ამბობენ, რომ მოურინიო საუკეთესოა".

იკერ კასილიასზე
"ჩემთვის იკერ კასილიასი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა, მაგრამ კლუბი არ ჩაერეოდა მწვრთნელის საქმეებში, ეს გამორიცხულია".

ანჩელოტის კანავარო მოყავს?
ამასობაში ირკვევა, რომ თუ კარლო ანჩელოტი მაინც მოახერხებს პსჟ-სთან ურთიერთობის გარკვევას და "რეალში" გადასვლას, მას სურს ასისტენტად 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ფაბიო კანავარო წაიყვანოს, "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი.

ვინ სურთ "რეალის" ფანებს
"მარკამ" "რეალის" 200 ათასამდე ფანი გამოჰკითხა, თუ რომელი ფეხბურთელის დამატება სურთ "სამეფო კლუბში". ფანებს 3-3 ვარიანტიდან ერთი უნდა ამოერჩიათ. გარეთ ბეილის, ედინსონ კავანის და სერხიო აგუეროს შორის "რეალის" ფანებმა (64%) ხმა უელსელ ფეხბურთელს მისცეს. ილქაი გიუნდოგანს, არტურო ვიდალს და ჟოფრეი კონდობიას შორის კი გაიმარჯვა "დორტმუნდის" ნახევარმცველმა (58%).

ასევე იხილეთ:
ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალის" სპორტული დირექტორი გახდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული