თქვენს წინაშეა ივნისის მეორე დეკადის ტრანსფერები: ხმაურიანი გადასვლები არ ყოფილა, ესპანური ფეხბურთი კვლავ კარგავს ვარსკვლავებს, სამაგიეროდ თითქმის არავინ მიდის, კლუბებს შორის დროის ამ მონაკვეთში ყველაზე მეტად "მალაგა" გააქტიურდა.
"მალაგას" გააქტიურება
"მალაგას" გააქტიურება გასაგებია - კლუბმა საბოლოოდ შეიტყო, რომ ამ სეზონში ევროთასებზე არ დაუშვებენ და შესაბამის პოლიტიკას ახორციელებს. ბუნებრივია, "მალაგა" დიდ ვარსკვლავს არ (ვერ) იყიდის, რამდენიმეს კი დაკარგავს. ამის ნიშნები უკვე თვალსაჩინოა: 31 წლის გარემარბმა ხოაკინ სანჩესმა,
მოულოდნელი იყო ჩილელი მანუელ იტურას წასვლა. 28 წლის იტურამ ანდალუსიელთა გუნდის ნახევარდაცვაში თავი დაიმკვიდრა და თავი არც ჩემპიონთა ლიგაზე შეურცხვენია. იტურა კი ადგა და უსახელო "გრანადაში" გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით.
თითქმის გამორიცხულია ესპანური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, 21 წლის ისკოს "მალაგაში" დარჩენა. ისკო ბევრ გრანდს აინტერესებს, თუმცა, ანდალუსიური კლუბის ხელმძღვანელობა "შესაფერის წინადადებას" ელის. ისკო ხომ ახლახან დასრულებული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია.
გუნდმა ორი ისეთი ფეხბურთელი დაიმატა, რომლებიც ისედაც "მალაგაში" თამაშობდნენ (იჯარით). პორტუგალიელი მცველი ვიტორინო ანტუნეში "პასუშ ფერეირასგან" 1,25 მილიონ ევროდ გამოისყიდა, ხოლო ჩილელ პედრო მორალესს ზაგრების "დინამოსთან" ხელშეკრულება დაუსრულდა და უსასყიდლოდ დაიტოვა. კიდევ ერთმა პორტუგალიელმა შეავსო "მალაგას" რიგები - "აკადემიკას" მცველი, ფლავიო ფერეირა, რომელსაც ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში, ნახევარ მილიონ ევროდ გადაბარგდა ანდალუსიაში. ფლავიო 21 წლის უნივერსალია და "მალაგას" უთუოდ გამოადგება.
კიდევ ერთი დანაკარგი
ყურადღებას იქცევს ფეხბურთელ ლუის ალბერტოს გასწვრივ მიწერილი სატრანსფერო თანხა (8,5 მილიონი ევრო) და კლუბი (ლივერპული). ეს ფეხბურთელი გულშემატკივრებისთვის ნაკლებად ცნობილია, თუმცა გასაკვირი ამაში არაფერია - "სევილიას" ფორვარდი მხოლოდ 20 წლისაა. გასული სეზონი მან იჯარით გაატარა "ბარსელონაში", ოღონდ მეორე გუნდში და შესანიშნავადაც გაისარჯა - სეგუნდა დივიზიონში 36 თამაშში 11 გოლი გაიტანა. 20 ივნისს "ლივერპულის" წინადადება ანდალუსიურმა კლუბმა მიიღო, ტრანსფერი გადაწყვეტილია და მას მხოლოდ ოფიციალური გახმაურება რჩება. კიდევ ერთი ნიჭიერი ესპანელი ფეხბურთელი ითამაშებს საზღვარგარეთ, თანაც ისე, რომ პრიმერადივიზიონში 7 მატჩზე მეტი არ აქვს ჩატარებული.
ლუნა "ვილაზე"
კიდევ ერთი ფეხბურთელი, ვინც ესპანეთის ჩემპიონატს დააკლდება და ინგლისურ პრემიერლიგას შეემატება, ანტონიო ლუნაა. 22 წლის მარცხენა მცველი "სევილიას" "მალიორკაში" ჰყავდა განათხოვრებული. ლუნას არ მოსწონდა, რომ "სევილიაში" შანსი არ ეძლეოდა. ახლა კი ის უკვე ბირმინგემის "ასტონ ვილას" წევრია, ინგლისელებმა მასში 2 მილიონი ევრო გადაიხადეს. "გრანადას" 30 წლის ცენტრალური მცველი ინიგო ლოპესი ბერძნულ პაოკ-ს გააძლიერებს.
"გრანადა" ძლიერდება: იტურას პიტი მიჰყვა
"გრანადა" ვახსენეთ და ვფიქრობთ, დროა, აღვნიშნოთ ამ გუნდის ჭკვიანური სატრანსფერო პოლიტიკა. ეს ჯერ კიდევ ზამთარში დაიწყო, როცა გუნდი ნოლიტომ გააძლიერა. ახლა ანდალუსიელთათვის დიდებული შენაძენია იტურა, რომელსაც "რაიო ვალეკანოს" ლიდერი პიტი დაემატა. 32 წლის შემტევ ნახევარმცველს დიდებული სეზონი ჰქონდა - 18 გოლი გაიტანა! ყველაზე საინტერესოა ისაა, რომ როგორც იტურას შემთხვევაში, პიტიც ანდალუსიელებს უფასოდ ერგოთ. პრიმერა დივიზიონისთვის ორივე მოწინავე ფეხბურთელად ითვლება. ასე რომ, "გრანადა" ძლიერდება.
ლუის ენრიკემ დაიწყო
დაბოლოს, ვიგოს "სელტას" ახალი თავკაცის პირველი სატრანსფერო შენაძენი - რა თქმა უნდა, ის "ბარსას" აღზრდილია: ანდრეუ ფონტასმა კარგა ხანს უტრიალა "ბარსელონას" ძირითად გუნდს და შარშან იჯარით "მალიორკაში" გადავიდა. 23 წლის მცველის სანაცვლოდ "სელტამ" სულ რაღაც მილიონი დოლარი გაიღო. ამ თანხად ფონტასი ფაქტობრივად ნაჩუქარია. მან გალისიურ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ესპანური ტრანსფერები
თარ. ფეხბურთელი საიდან სად თანხა
11 ივნ. ჟერემი პერბე ვილიარეალი მონსი იჯ. დაბრუნდა
11 ივნ. ჟერემი პერბე მონსი ვილიარეალი 1,4 მლნ.
12 ივნ რობერტო ლაგო სელტა ხეტაფე თავ. აგენტი
12 ივნ. ვიტორინო ანტუნეში მალაგა ფერეირა იჯ. დაბრუნდა
12 ივნ. ვიტორინო ანტუნეში ფერეირა მალაგა 1,25 მლნ.
12 ივნ. პედრო მორალესი მალაგა დინამო ზ. იჯ. დაბრუნდა
12 ივნ. პედრო მორალესი დინამო ზ. მალაგა თავ. აგენტი
12 ივნ. მანუელ იტურა მალაგა გრანადა თავ. აგენტი
12 ივნ. ხოაკინ სანჩესი მალაგა ფიორენტინა 2 მლნ.
13 ივნ. ფლავიო ფერეირა აკადემიკა მალაგა 0,5 მლნ.
13 ივნ. მარკოს სენა ვილიარეალი კოსმოსი თავ. აგენტი
13 ივნ. რაულ რუსესკუ სტიაუა სევილია 2,2 მლნ.
15 ივნ. დავიდ ლოპესი უესკა ესპანიოლი 0,25 მლნ.
17 ივნ. ანტონიო ლუნა მალიორკა სევილია იჯ. დაბრუნდა
17 ივნ. ანტონიო ლუნა სევილია ასტონ ვილა 2 მლნ.
18 ივნ. ისამ ელ ადუა ვიტორია ლევანტე თავ. აგენტი
18 ივნ. გუსტავო მუნუა ლევანტე ფიორენტინა თავ. აგენტი
18 ივნ. ჟორდან ლოტიე ნანსი ოსასუნა თავ. აგენტი
19 ივნ. ლუის ალბერტო ბარსელონა II სევილია იჯ. დაბრუნდა
19 ივნ. ლუის ალბერტო სევილია ლივერპული 8,5 მლნ.
19 ივნ. აბრაამ გონსალესი ალკორკონი ესპანიოლი თავ. აგენტი
19 ივნ. ხუან ფუენტესი კორდობა ესპანიოლი თავ. აგენტი
19 ივნ. ინიგო ლოპესი გრანადა პაოკ თავ. აგენტი
19 ივნ. ხავი ფუეგო ვალეკანო ვალენსია თავ. აგენტი
20 ივნ. პიტი ვალეკანო გრანადა თავ. აგენტი
20 ივნ. ანდრეუ ფონტასი მალიორკა ბარსელონა იჯ. დაბრუნდა
20 ივნ. ანტონიო ლუნა მალიორკა სელტა 0,75 მლნ.
შენიშვნა: თარ - თარიღი, როცა ტრანსფერი გადაწყდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ესპანური ტრანსფერები: ნეიმარი, ფალკაო და სხვა