"სამეფო კლუბის" ირგვლივ კიდევ არაერთი სიახლე თუ სპეკულაციაა...
გადაწყვეტილია
"მარკას" ცნობით, შაბათს მადრიდის "რეალმა" საბოლოოდ მიაღწია შეთანხმებას "მალაგასთან" 21 წლის ისკოს ტრანსფერის თაობაზე. "სამეფო კლუბი" ანდალუსიელებს 24 მილიონ ევროს გადაუხდის. ეს თანხა შეიძლება 3 მილიონით გაიზარდოს, თუკი ფეხბურთელი გარკვეული რაოდენობის მატჩებს გამართავს.
"მალაგას" ვიცე-პრეზიდენტ მოიად შატატს "რეალის" გენერალური დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესი შეხვდა. თავიდან "მალაგა" 35 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა შემდეგ ფასი დააკლო.
მოკლედ, "რეალმა" აჯობა "მანჩესტერ სიტის" და ესპანური ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავი დაიბევა. "მარკას" ცნობით, მომდევნო კვირაში ისკოს პრეზენტაცია "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოეწყობა.
ანჩელოტის ტრანსფერი 5-ჯერ ნაკლები ჯდება
მართალია, "რეალს" ჯერ არ ჰყავს მთავარი მწვრთნელი, მაგრამ მისი ვინაობა, დიდი ალბათობით, ცნობილია - კარლო ანჩელოტი. იტალიელი სპეციალისტი "პარი სენ-ჟერმენიდან" მიდის, სადაც მას ლორან ბლანი შეცვლის.
შაბათის "ეკიპის" ცნობით, "რეალს" მოუწევს პსჟ-სთვის 4,5 მილიონი ევროს გადახდა ანჩელოტის კონტრაქტის გამოსასყიდად. მოკლედ, მწვრთნელი ისკოზე ხუთჯერ იაფი უჯდება "სამეფო კლუბს".
"ეკიპი" წერს, რომ "რეალი" ანჩელოტის შესახებ ოფიციალურად 2-3 ივლისს გამოაცხადებს. იტალიელი სპეციალისტის ხელფასი 7-8 მილიონი ევრო იქნება სეზონში.
კონდობიაც, გიუნდოგანიც
"მარკას" ცნობით, მადრიდის "რეალი" "დორტმუნდის" ნახევარმცველ ილქაი გიუნდოგანით არის დაინტერესებული. მადრიდელებს ასევე მოსწონთ "სევილიას" ნახევარმცველი ჟოფრეი კონდობია, რომელიც ახლა მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზეა და გოლიც გაიტანა ფრანგთა შემადგენლობაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
AS: მადრიდის "რეალმა" ისკოს ტრანსფერი შეათანხმა