"ბილბაომ" ბენიატ ეჩებარია "ბეტისისგან" 8 მილიონად იყიდა

AutoSharing Option
ესპანეთში პირველი ხმაურიანი შიდატრანსფერი განხორციელდა - ბილბაოს "ატლეტიკმა" სევილიური "ბეტისიდან" 8 მილიონ ევროდ გამთამაშებელი ბენიატ ეჩებარია შეიძინა.

ეს მარსელო ბიელსას ნაცვლად ბასკურ კლუბში მისული ერნესტო ვალვერდეს ("ვალენსიას" ყოფილი თავკაცი) პირველი შენაძენია. ბენიატმა ახალ კლუბთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მან წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება. ახალი ფეხბურთელის პრეზენტაცია ბილბაოში პარასკევისთვის დანიშნეს.

ჯერჯერობით ეს ყველაზე ძვირი ტრანსფერია შიდა ესპანურ ბაზარზე.

ბენიატი სულაც არ არის უცხო "ბილბაოში" - 26 წლის ფეხბურთელი "ატლეტიკის" ახალგაზრდული სისტემის აღზრდილია და პირველ გუნდში დებიუტი მას ჯერ კიდევ 2006 წელს ჰქონდა,
ხოლო ანდალუსიაში 2009 წლის ზაფხულში გადაბარგდა და სწორედ იქიდან მოხვდა ეროვნულ ნაკრებში.


ბენიატის მისვლით "ბილბაოს" შუა ხაზი მნიშვნელოვნად გაძლიერდება. გუნდი ამჟამად შვებულებაშია, 9 ივლისს შეიკრიბება და პირველად ივარჯიშებს ვალვერდეს ხელმძღვანელობით. კლუბმა ვალვერდეს მისვლამდე მცველი ჩაბი ეჩეიტა "ელჩედან" გადაიყვანა. დანაკარგის შესახებ კი უკვე დიდი ხანია, ცნობილია - ფერნანდო ლორენტე "იუვენტუსისთვის" გაიტანს, ხოლო ფერნანდო ამორებიეტა კარიერას ლონდონურ "ფულჰემში" გააგრძელებს.

ბენიატმა გასულ სეზონში 34 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. ნახევარმცველმა ევროპალიგაზე ასპარეზობას მშობლიურ კლუბში დაბრუნება არჩია, სადაც ხუთი წლის წინ მასში პოტენციალი ვეღარ დაინახეს. "ბეტისში" ბენიატს 30 წლის ჟოან ვერდუ შეცვლის, რომელიც "ესპანიოლიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

დოსიე
ბენიატ ეჩებარია ურკიაგა

დაიბადა: 1987 წ. 19 თებერვალი
დაბ. ადგილი: იგორე (ბასკთა ქვეყანა)
კარიერა
1998-2006 - ბილბაო II
2006-2008 - ბილბაო
2008-2009 - კონკენსე (იჯარა)
2009-2013 - ბეტისი
2013-დან - ბილბაო
ესპანეთის ნაკრები: 4 თამაში

ასევე იხილეთ:
LFP-მა საუკეთესო ფეხბურთელების პრემიაზე კანდიდატები წარადგინა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული