"დიდი მადლობა, "ბარსა", დიდი მადლობა ყველას.
აქ გატარებული ხუთი საოცარი წლის შემდეგ, რომლის დროსაც მე ვიყავი იმ გუნდის ნაწილი, სადაც ყოფნას ყველა მწვრთნელი ინატრებდა, ჩემს პროფესიულ კარიერაში ცვლილებების დრო მოვიდა.
ახლა მთელი ჩემი ძალა და ენერგია იმ დაავადების წინააღმდეგ უნდა მივმართო, რომლის დიაგნოზიც წელიწადნახევრის წინ დაისვა.
ექიმების აზრით, მკურნალობის პროცესში არ მომეცემა იმის საშუალება, რომ მთავარი მწვრთნელის მოვალეობებზე კონცენტრირება ასი
ასეთი საოცარი და განსაკუთრებული ადამიანების დატოვება იოლი არაა. ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბის წევრები და მეგობრები, რომლებთან ერთადაც დაუვიწყარი მოგონებები მაკავშირებს - მადლიერი ვარ იმის გამო, რაც მათ ამ წლებში ჩემთვის გააკეთეს. ამ გუნდის ადამიანური და საფეხბურთო რესურსი იმდენად დიდია, რომ ის ყველა წინააღმდეგობას გადალახავს და მიაღწევს წარმატებას იმ სეზონში, რომლისგანაც ყველა ბევრს ელის.
მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, დირექტორთა საბჭოს და სპორტულ დირექტორ ანდონი სუბისარეტას - ეს ადამიანები ბოლომდე მენდობოდნენ და მუდამ მხარს მიჭერდნენ. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ადამიანური და სამედიცინო მხარდაჭერა, რომელსაც ექიმ რამონ კანალისგან ვგრძნობდი.
მე ვიცი, რომ ამ მატჩში მარტო არ ვთამაშობ, არამედ ვარ იმ კლუბის წევრი, რომელიც ამ ხანგრძლივი პროცესის დაძლევაში ისევე დამეხმარება, როგორც აქამდე მეხმარებოდა.
"ბარსას" სოსიოებს და გულშემატკივრებს მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენგან არა მარტო ახლა, არამედ ბოლო თვეების განმავლობაში ვიღებდი. მინდა გითხრათ, რომ თავს მშვიდად ვგრძნობ, მკურნალობის პროცესის ახალ ეტაპს თავდაჯერებული ვხვდები და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს, კოლეგებს, კლუბებს, სპორტსმენებს, იმ ხალხს, ვისაც ვიცნობ და ვისაც არ ვიცნობ. მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
ჩემი მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის საკმაოდ რთული პერიოდი დგას და ამიტომ მედიის წარმომადგენლებს ვთხოვ, რომ პირადულ საკითხებს და პირად ცხოვრებას პატივი სცენ.
ახლა, როდესაც "ბარსელონას" მწვრთნელი აღარ ვარ, იმედი მაქვს, რომ მშვიდად ცხოვრების საშუალება მექნება. ამ სიტუაციაში მეც და ჩემს ოჯახსაც სიმშვიდე ყველაზე მეტად გვჭირდება.
წერილს ისე ვერ დავასრულებდი, რომ მსოფლიოში საუკეთესო კლუბის ახალი მწვრთნელისთვის იღბალი და წარმატებები არ მესურვა.
დიდი მადლობა".
ტიტო ვილანოვა
გვარდიოლა: მე მიყვარს ტიტო
მიუნხენის "ბაიერნმა" ამხანაგურ შეხვედრაში "ჰამბურგს" 4:0 მოუგო და მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ხოსეპ გვარდიოლას ტიტო ვილანოვას შესახებაც ჰკითხეს:
"ამ საკითხზე გერმანულად საუბარი ჩემთვის ძალიან რთულია. ტიტო ჩემი მეგობარია და მე ის ძალიან მიყვარს," - განაცხადა პეპმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გვარდიოლას და ვილანოვას 27-წლიან მეგობრობაში მცირე ბზარი გაჩნდა, მას შემდეგ, რაც ჯერ პეპმა გააკრიტიკა "ბარსელონას" ხელმძღვანელობა, რასაც ტიტოს პასუხი და გვარდიოლას კრიტიკა მოჰყვა. ამის ფონზე, 24 ივლისს გასამართი ამხანაგური მატჩი, რომელშიც "ბაიერნი" "ბარსას" უნდა შეხვდეს, ორმაგად საინტერესო იყო, მაგრამ პეპის და ტიტოს დაპირისპირება აღარ შედგება.
ისევ გვარდიოლა: "ტიტოს და მის ოჯახს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. მინდა, რომ ისინი ძლიერები აღმოჩნდნენ ამ რთულ სიტუაციაში".
"ბაიერნის" წინააღმდეგ "ბარსელონას" ჟოან ფრანსესკ ფერერ სისილია, იგივე "რუბი" მოამზადებს, რომელიც შარშან კატალონიური "ჟირონას" დამრიგებელი იყო და ეს გუნდი სეგუნდა დივიზიონში მე-4 პოზიციაზე გაიყვანა, პრიმერამდე კი ერთი ნაბიჯი დააკლდა და პლეი ოფის ფინალში "ალმერიასთან" წააგო. რუბი "ბარსაში" ვილანოვას მოთხოვნით მიიწვიეს და ჟორდი როურას შემდეგ, მეორე ასისტენტის როლი ჩააბარეს.
ვილანოვას შესაძლო შემცვლელები
ვილანოვას წასვლის შემდეგ ესპანურ და ევროპულ პრესაში "ბარსელონას" მომავალ მწვრთნელზე დაიწყეს მსჯელობა.
იუპ ჰაინკესი, რობერტო მანჩინი, ანდრე ვილაშ-ბოაში, მარსელო ბიელსა, ლუის ენრიკე, ერნესტო ვალვერდე, მიკაელ ლაუდრუპი და ხერარდო მარტინო - მედიის წარმომადგენელთა თქმით, ყველა ეს სპეციალისტი "ბარსას" მწვრთნელობის კანდიდატი იყო, თუმცა ჰაინკესის, მანჩინის და ვილაშ-ბოაშის კანდიდატურები მალე გამოირიცხა.
ამ მომენტისთვის ორი ფავორიტია გამოკვეთილი: ვიგოს "სელტას" დამრიგებელი ლუის ენრიკე და "ნიუელსის" მწვრთნელი ხერარდო "ტატა" მარტინო.
ლუის ენრიკეს "ბარსელონას" შემადგენლობაში 109 გოლი (300 თამაშში) აქვს გატანილი. კატალონიური კლუბის გულშემატკივარს ენრიკე განსაკუთრებით უყვარს - ასტურიელმა მადრიდის "რეალში" გატარებული 5 წლის შემდეგ (1996-ში) "ბარსელონას" მიაშურა და "სამეფო კლუბის" დასამცირებლად თუ გასაკრიტიკებლად შანსს არ უშვებდა ხელიდან.
43 წლის მწვრთნელი 2008-11 წლებში "ბარსელონა BII"-ის დამრიგებელი იყო, რომელიც 2010/11 წლების სეზონში სეგუნდაში მესამე ადგილზეც გაიყვანა. მომდევნო წელი ესპანელმა "რომაში" გაატარა, მაგრამ წარუმატებელი სეზონის შემდეგ იტალია დატოვა, რამდენიმე კვირის წინ კი "სელტას" მთავარი მწევრთნელის პოსტზე დაინიშნა.
TV3-ის ცნობით, კატალონიელები მზად არიან, "სელტას" კომპენსაციის სახით 3 მილიონი ევრო გადაუხადონ და გალისიურ კლუბს, ლუის ენრიკეს შემცვლელად, რუბიც შესთავაზონ.
მეორე მთავარი კანდიდატი კი არგენტინელი ხერარდო მარტინოა. პარაგვაის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა "ნიუელს ოლდ ბოისს" არგენტინის ჩემპიონატი მოაგებინა, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მისი გუნდი შემტევ და ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა.
გარდა ამისა, "ნიუელსი" ლიბერტადორესის თასის 1/2-ფინალში გავიდა, სადაც "ატლეტიკო მინეიროსთან" პენალტების სერიაში წააგო.
როსარიოში დაბადებული 50 წლის სპეციალისტი ლიონელ მესის ფავორიტია. "პულგას" თანამემამულის შესახებ აღმატებულ ტონში არაერთხელ უსაუბრია. "ოლეს" ცნობით, მარტინოსთან შესახვედრად არგენტინაში ანდონი სუბისარეტა უნდა გაემგზავროს.
"აღფრთოვანებული ვარ იმ სამუშაოთი, რომელიც "ბარსელონაში" გვარდიოლამ გასწია. თამაშის ასეთი სტილი ყველაზე მეტად მომწონს. პასი ფეხბურთის მთავარი კომპონენტია," - განაცხადა მარტინომ "მარკასთან" საუბრის დროს.
ამავე გამოცემით თქმით, "სელტას" "ბარსელონადან" არავინ დაკავშირებია და მთავარი ფავორიტი სწორედ მარტინოა.
"ბარსელონას" ახალი მწვრთნელის ვინაობა ამ კვირაში უნდა შევიტყოთ. არ არის გამორიცხული, ყველაფერი უკვე დღეს ან ხვალ გაირკვეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ბარსელონას" ფანებს მწვრთნელად მარსელო ბიელსა სურთ