"რეალის" ევროპული ტურნე მორჩა, ამერიკული დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" ამერიკულ ტურნეზე გაემგზავრა, მანამდე კი ევროპული ტურნე დაუმარცხებლად განვლო: "ბორნმუთის" 6:0 განადგურების, "ლიონთან" 1:1-ის თამაშის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ და კომპანიამ გეტებორგში "პარი სენ-ჟერმენი" დაამარცხა.

დაუმარცხებლად
"რეალმა" პირველად ითამაშა ახალი საგარეო ფორმით, რომელიც ლურჯია. პსჟ-სთან მატჩში გადამწყვეტი ფრანგის გოლი აღმოჩნდა - 23-ე წუთზე მესუთ იოზილმა მარჯვენა ფლანგიდან შეუტია, საჯარიმოს მისადგომთან ქარიმ ბენზემა მოძებნა და ფორვარდმაც არ დააღალატა გუნდი - 1:0. მიუხედავად იმისა, რომ თვალსასეირო თამაში იყო, საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მეტი ამ შეხვედრაში აღარ გასულა.

მართალია, პარიზელები მადრიდელებს
15 დღით ადრე შეიკრიბნენ, თამაშის პირველი წუთების მიხედვით ამას ვერ იტყოდით, "რეალი" უფრო აქტიურობდა, ხოლო ბენზემამ მე-18 წუთზე სალვატორე სირიგუსაც "მოუსინჯა კბილი". გოლის შემდეგ პარიზელებს ჰქონდათ გათანაბრების შანსი (ლავეცი, 39-ე წუთი), მადრიდელებს კი - ანგარიშის გაზრდის (ბენზემა, 42-ე).

მეორე ტაიმშიც მომენტები ორივე კართან იქმნებოდა, თუ პარიზელთა მხრიდან მეკარე სირიგუ ყოჩაღობდა, პსჟ-ს ფორვარდები შანსებს უმოწყალოდ ანიავებდნენ (განსაკუთრებით, ლავეცის მომენტია აღსანიშნავი).

წინა მატჩებისგან განსხვავებით კარლო ანჩელოტიმ, რომელიც პარიზული კლუბიდან წასვლის შემდეგ პირველად დაუპირისპირდა პსჟ-ს, მხოლოდ 4 ცვლილება განახორციელა. რაც შეეხება, ლორან ბლანს, მას 63-ე წუთამდე საერთოდ არ მიუმართავს ცვლილებებისთვის, შემდეგ კი თამაშში ტიაგო სილვა და მარკო ვერატი ჩართო, რის წყალობითაც ფრანგულმა გუნდმა თამაშის ბოლო ნაწილი "რეალზე" უკეთ ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ "რეალი" მატჩზე შავი სამკლავურებით გამოვიდა, შეხვედრა კი სანტიაგო დე კომპოსტელაში მომხდარი ტრაგედიის გამო (მატარებლის ავარიას 50-მდე ადამიანი შეეწირა) წუთიერი დუმილით დაიწყო.

ისკო (რეალი): "ძალიან ბედნიერი ვარ და ნელნელა ვეწყობი ახალ თანაგუნდელებს, ჯერ კიდევ დრო მესაჭიროება, მაგრამ ყოველ ვარჯიშზე წინ მივიწევ. გუნდის სათამაშო ხარისხი უკვე მაღალია, ჩვენ ახალგაზრდული გუნდი ვართ, რომელსაც დიდი მომავალი აქვს".

დიეგო ლოპესი (რეალი): "ჩვენ კარგი ოპონენტი გვყავდა და ბედნიერები ვართ, რადგან დაცვაში და თავდასხმაში ბრწყინვალედ ვითამაშეთ.ეს იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი ევროპულ ტურნეზე".

კაკა (რეალი): "კარგი ამხანაგური მატჩი გამოვიდა, მაყურებელი აშკარად კმაყოფილი დარჩებოდა თამაშით. კარგი გამოცდილება მივიღეთ, პსჟ-სთან თამაშით".

პსჟ-რეალი 0:1
გოლი: 0:1 ბენზემა (23)
პსჟ: სირიგუ - ჟალე (74. კომანი), ალექსი, სახო (63. ტ. სილვა), მაქსველი - მოტა, მატუიდი (63. ვერატი) - ლუკას მოურა (73. ვან დერ ვილი), ლავეცი (63. ონგენდა), პასტორე - იბრაჰიმოვიჩი.
რეალი: დ. ლოპესი - კარვახალი, პეპე, ნაჩო, ფ. კოენტრაო - ხედირა (77. მორატა), მოდრიჩი (46. დი მარია), ისკო (46. კაზემირუ) - იოზილი, რონალდო - ბენზემა (67, კაკა).

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მართლა დამთავრდა
ყველაზე ბოლოს მადრიდის "რეალმა" დაადასტურა გონსალო იგუაინის ტრანსფერი "ნაპოლიში". "კლუბი მადლობას უხდის მას თავდადებისთვის და პროფესიონალიზმისთვის მადრიდულ კარიერაში და წარმატებას უსურვებს კარიერის ახალ ეტაპზე", - ვკითხულობთ ოფიციალურ საიტზე. ასე რომ, იგუაინის საგა მართლაც დასრულდა.

25 წლის არგენტინელმა ექვს-ნახევარი სეზონი გაატარა "სამეფო კლუბში", ის 2006 წლის დეკემბერში 12 მილიონ ევროდ იყიდეს "რივერ პლეიტისგან" და ახლა იტალიურ კლუბში 37 მილიონად გაყიდეს. ლა ლიგაში "პიპიტამ" 190 მატჩში 107 გოლი გაიტანა. მოკლედ, "სამეფო კლუბმა" მისით, როგორც სპორტული, ისე ფინანსური თვალსაზრისით ძალიან იხეირა.

მადრიდულ ბანაკში კარგი სიახლე ისაა, რომ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო ჩაბი ალონსომ. 31 წლის ნახევარმცველმა ტრავმა მოირჩინა. რა თქმა უნდა, ის ჯერ არ იყო მზად პსჟ-სთან სათამაშოდ. შეგახსენებთ, რომ ბასკმა 7 ივნისს გადაიტანა ოპერაცია. წინა მატჩში, "ლიონთან" ტრავმირებული ასიერ ილიარამენდი ინდივიდუალურად ვარჯიშობს, ასევე ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო ფრანგმა რაფაელ ვარანმა.

ზიდანი ქარიზმაა, ლოპესი VS კასილიასი გაგრძელდება, კაკა ნელია
შვედეთში კარლო ანჩელოტის ზინედინ ზიდანის შესახებ დაეკითხნენ.

"ფანტასტიკურია - ზინედინ ზიდანი უკვე მწვრთნელია, მას უკვე აქვს გარკვეული გამოცდილება და ქარიზმა. მას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ფეხბურთელებთან და მარტო მისი ყოფნაც კი სასარგებლოა გუნდისთვის"
, - განაცხადა ანჩელოტიმ. შეგახსენებთ, რომ ძალიან ბევრი (და მათ შორის კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი) მიიჩნევს, რომ მომავალში ანჩელოტის სწორედ ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა ჩაანაცვლებს.

სხვათა შორის, გოლკიპერის საკითხზე ანჩელოტი არ აცხადებს, რომ იკერ კასილიასი ნომერ პირველი იქნება. როცა მას გეტებორგში დაეკითხნენ, რომელი იქნება პირველი გოლკიპერი დიეგო ლოპესი თუ კაპიტანი, ანჩელოტიმ განაცხადა: "არ ვიცი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ორი უმაღლესი კლასის გოლკიპერი გვყავს. ორივე გამოცდილი, ეს კი სწორედ ისაა, რაც გვსურს".

დაბოლოს, იტალიელმა თავკაცმა კაკას შესახებაც ილაპარაკა, რომელსაც "მილანშიც" წვრთნიდა: "კაკა ძალზე მოტივირებულია. მაგრამ მან კიდევ უნდა მოუმატოს, განსაკუთრებით სისწრაფეში. მან უკვე დაიწყო შესაბამისი ვარჯიშების შესრულება და დარწმუნებული ვარ, ფიზიკურად მომაგრდება".

ამერიკა
ანჩელოტის კრებული ამერიკაშია და იქ 11 აგვისტომდე დარჩება. ამ ხნის განმავლობაში "რეალი" 4 ამხანაგურ მატჩს გამართავს, რომელთაგანაც სამი ახლად დაარსებული ტურნირის "ჩემპიონთა საერთაშორისო თასის" ეგიდით გაიმართება.

როგორც ყოველთვის, "რეალი" ლოს ანჯელესში UCLA-ს ბაზაზე დაბანაკდება. პირველი მატჩი 1 აგვისტოს "ლოს ანჯელეს გალაქსის" წინააღმდეგაა.ამერიკულ ტურნეზე ის ფეხბურთელებიც (კასილიასი, რამოსი, არბელოა და მარსელო) ითამაშებენ, რომელთაც კონფედერაციათა თასის გამო შვებულება გაუგრძელდათ.

მორენო "რეალში"?
მოგეხსენებათ, "რეალს" არ დაუსრულებია სატრანსფერო საქმიანობა. უამრავი ჭორ-მართალი იწერება გარეთ ბეილის შესახებ. ფაქტია, რომ უელსელი აღარ იღებს მონაწილეობას "ტოტენჰემის" წინასასეზონო მატჩებში, თუმცა ინგლისური კლუბი ამას მცირე ტრავმით ხსნის ("მარკა" აცხადებს, რომ ფეხბურთელმა ბოიკოტი გამოუცხადა კლუბს და გაყიდვას ითხოვს).

ბოლო ცნობით, "სანმა" დაწერა, რომ "რეალმა" 93 მილიონი ევრო შესთავაზა ლონდონურ კლუბს უელსელ უნივერსალში.

სანამ წლის ტრანსფერი კონკრეტულ კონტურებს მიიღებს, მადრიდში ისევ განახლდა საუბრები ჟოფრეი კონდოგბიას ტრანსფერზე, თუმცა ამოტივტივდა ახალი სახელიც - ალბერტო მორენო პერესი. "სევილიას" მარცხენა მცველი 21 წლისაა, ახლახან ის ევროპის ჩემპიონი გახდა ახალგაზრდებში.

ნახევარი წლის წინ, უნაი ემერიმ ეს ფეხბურთელი სარეზერვო გუნდიდან დააწინაურა და მას მერე მისი კარიერაც სულ წინ მიდის. მორენოს დამატება არა მხოლოდ "რეალს" სურს, მისით "მარსელშიც" დაინტერესდნენ, ისევე როგორც ინგლისურ და რუსულ კლუბებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიონი-რეალი: "კარლეტოს" ნაძვის ხე ძალიან მწვანეა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული