ესპანეთი. ლა ლიგა. I ტურის წინ: იქნება მესი-ნეიმარის დუეტი შეუჩერებელი?

AutoSharing Option
ლა ლიგის 83-ე სეზონიც კარს მოგვადგა. 17 აგვისტოს, ჩვენი დროით 21 საათზე, "რეალ სოსიედადის" და "ხეტაფეს" მატჩით, პრიმერა დივიზიონის 2013/14 წლების ჩემპიონატი დაიწყება.

ტურნირის უცვლელი და მთავარი ფავორიტები კი თავიანთ მატჩებს 18 აგვისტოს ჩაატარებენ - "ბარსელონა" "ლევანტეს" უმასპინძლებს, მადრიდში კი "რეალი" "ბეტისს" დახვდება...

ითამაშებს მესი?
კატალონიის დედაქალაქში სტუმრად "ლევანტე" ჩადის, რომელიც ამ შეხვედრას დანაკლისის გარეშე ხვდება. ყველაფერი რიგზეა "ბარსელონაშიც", თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საეჭვოა ლიონელ მესის თამაში. არგენტინელმა მცირე დაზიანება მალაიზიაში მიიღო და საკუთარ ნაკრებსაც (იტალიასთან) ვერ დაეხმარა.

მესი
საერთო ჯგუფისგან ცალკე ვარჯიშობს და მისი ბედი თამაშის დღეს უნდა გადაწყდეს.

მიუხედავად იმისა, ითამაშებს თუ არა მესი, წესით, "ბარსამ" სეზონი სამი ქულის მოპოვებით უნდა დაიწყოს.

"კამპ ნოუზე" განსაკუთრებული ყურადღება ორი ადამიანისკენ იქნება მიპყრობილი - ხერარდო მარტინოს და ნეიმარს ოფიციალურ შეხვედრაში დებიუტი ექნებათ.

არგენტინელმა მწვრთნელმა გუნდს უკვე რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაში უხელმძღვანელა და ფეხბურთელთა განცხადებებს თუ ვენდობით, გუნდს ძალიან კარგად მოერგო.

იგივე შეგვიძლია ვთქვათ ბრაზილიელ ვარსკვლავზეც, რომელმაც "ბარსაში" პირველი გოლის გატანა (მართალია, არაოფიციალურ შეხვედრაში) უკვე მოასწრო.

სავარაუდო შემადგენლობები
"ბარსელონა" (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ა. სანჩესი, მესი, ნეიმარი
"ლევანტე" (4-2-3-1): კ. ნავასი - პედრო ლოპესი, ვინტრა, დ. ნავარო, ხუანფრანი - იბორა, ელ ადუა - პედრო რიოსი, რუბენ გარსია, ჩუმეტრია - ბარალი

პეპე რჩება, დი მარია მიდის
რაფაელ ვარანის ტრავმამ, რომლის გამოც უნიჭიერესი ფრანგი ფეხბურთელი დაახლოებით სამ თვეს გამოტოვებს, "რეალიდან" პეპეს წასვლა გამორიცხა. მადრიდული კლუბის განცხადებით, პორტუგალიელი მცველი არ იყიდება და "მანჩესტერ სიტის" სხვა მოთამაშის მოძებნა მოუწევს.

სამაგიეროდ, მადრიდიდან მიდის ანხელ დი მარია - არგენტინელით პსჟ და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან დაინტერესებულნი.

მოგეხსენებათ, გარეთ ბეილი "რეალში" გადასვლასთან საკმაოდ ახლოსაა, რაც დი მარიას ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსებზე მკვეთრად უარყოფითად მოქმედებს.

სეზონის გახსნით შეხვედრას "რეალიც" შინ ჩაატარებს. "სამეფო კლუბის" მეტოქე "ბეტისმა" სეზონის დაწყების წინ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ბენიატ ეჩებარია დაკარგა, რომელიც ბილბაოს "ატლეტიკში" გადავიდა, სამაგიეროდ სევილიელებმა "ესპანიოლიდან" ჟოან ვერდუ გადაიყვანეს და დანაკლისი ასე შეავსეს.

"ბეტისმა" მადრიდში ბოლოს 1998 წელს მოიგო და მას მერე ჩატარებულ 11 შეხვედრაში მხოლოდ სამჯერ არ წააგო.

"სამეფო კლუბში" კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო დებიუტი უნდა შედგეს და, რა თქმა უნდა, იტალიელს მადრიდული კარიერის დაწყება გამარჯვებით სურს.

"რეალს" მხოლოდ რაფაელ ვარანი არ ეყოლება, სხვა ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს ისკო, რომელიც შეტევაში ქარიმ ბენზემას და კრიშტიანო რონალდოსთან ერთად გაირჯება.

სავარაუდო შემადგენლობები
"რეალი" (4-3-3): კასილიასი - დანი კარვახალი, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, იოზილი - ისკო, ბენზემა, კრიშტიანო რონალდო
"ბეტისი" (4-2-3-1): ანდერსენი - ჩიკა, პერკისი, პაულაო, ნაჩო - მატილია, ნოსა იგიებორი - ვადილიო, ვერდუ, სედრიკ მაბვატი - ხორხე მოლინა

კოკეების დერბი
პირველი ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი "რამონ სანჩეს პისხუანზე" გაიმართება - გადახალისებული "სევილია", ფალკაოს გარეშე დარჩენილ "ატლეტიკოს" უმასპინძლებს.

ანდალუსიელებმა ორი ლიდერი, ხესუს ნავასი და ალვარო ნეგრედო "მანჩესტერ სიტიში" გაყიდეს, თუმცა უნაი ემერიმ საკმაოდ გონივრული სატრანსფერო კამპანია აწარმოა და მიღებული დიდძალი თანხა ჭკვიანურად დახარჯა. "სევილიამ" რამდენიმე ახალგაზრდა და საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელი შეიძინა, რომლებმაც საერთაშორისო არენაზე თავის გამოჩენა უკვე მოასწრეს.

კრისტოფორო, გამეირო, ბაკა, კარიკო, პარეხა, ხაირო სამპეირო, ვიტოლი, რუსესკუ და იჯარით აყვანილი მარინი - "სევილიას" შემადგენლობას არაფერი დაეწუნება და ნამდვილად არ იქნება გასაკვირი, თუ სეზონის ბოლოს ანდალუსიელები მესამე ან მეოთხე ადგილს დაიკავებენ.

იგივე მიზნები აქვს "ატლეტიკოსაც". მართალია, გუნდიდან ფალკაო წავიდა, სამაგიეროდ "როხიბლანკომ" დავიდ ვილია შეიძინა, თანაც ასტურიელში მხოლოდ 5 მილიონი გადაიხადა. გარდა ამისა, მადრიდულ კლუბში ჩაირიცხა ლეო ბაპტიშტაო, ვინც შარშან "რაიო ვალეკანოს" ერთ-ერთი ლიდერი იყო.

ზემოთ გამოთქმული მოსაზრების გამო, ეს მატჩი ე.წ. 6-ქულიან შეხვედრად უნდა მივიჩნიოთ, რადგან ერთმანეთს კონკურენტები ხვდებიან.

ბოლო სამი წელია "სევილია" მეტოქეს ვერაფრით ამარცხებს ყველა ტურნირზე 7-მატჩიანი (4 ფრე და 3 წაგება) მოუგებელი სერიის დასრულებას 18 აგვისტოს ეცდება.

სავარაუდო შემადგენლობები
"სევილია" (4-2-3-1): ბეტუ - კოკე, კარიკო, პარეხა, ა. მორენო - რაკიტიჩი, კონდოგბია - მარინი, ვიტოლო, პეროტი - ბაკა
"ატლეტიკო" (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, ჟოაო მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, მარიო სუარესი, გაბი, არდა თურანი - დიეგო კოშტა, ვილია

ღამურები მალაგათი იწყებენ
"ვალენსია" ჩემპიონატს "მალაგასთან" საშინაო მატჩით იწყებს. შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტი საკმაოდ დასუსტდა და ამ სეზონში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გაუჭირდება. მანუელ პელეგრინის გარდა, გუნდიდან ხოაკინი (ფიორენტინა), ისკო (რეალი), ტულალანი (მონაკო), იტურა (გრანადა), ჟულიო ბაპტიშტა (კრუზეირო), სავიოლა (ოლიმპიაკოსი) და დემიკელისი (ატლეტიკო) წავიდნენ.

სერიოზული დანაკლისი აქვს "ვალენსიასაც" - გუნდმა ხომ რობერტო სოლდადო (ტოტენჰემი) გაყიდა. მართალია, "ღამურებმა" ელდერ პოშტიგა შეიძინეს, მაგრამ ერთი კარგი ფორვარდი მიროსლავ ჯუკიჩს ნამდვილად სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი შანსია "ვალენსია" კვლავ ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩეს.

მარკას ტრადიციული გამოკითხვა
სეზონის დაწყების წინ, "მარკამ" ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარა. გულშემატკივრებს სამი კითხვა დაუსვეს: "ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი", "ვინ მოიგებს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულს" და "რომელია ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერი".

ქომაგების აზრით, ტურნირის ფავორიტები მადრიდის "რეალი" და კრიშტიანო რონალდო არიან. "სამეფო კლუბმა" ხმათა (სულ 46 000) ნახევარზე ოდნავ მეტი, 51% მიიღო.

გასაკვირი არაა, რომ მეორეზე "ბარსელონაა" - 40%. მესამე და მეოთხე ადგილებს კი "ატლეტიკო" და "ვალენსია" ინაწილებენ - მადრიდელებმა 5 პროცენტი მიიღეს, "ღამურებმა" - 4.

რაც შეეხება ბომბარდირებს, აქ რონალდომ 47,5 პროცენტი მოაგროვა და სულ ოდნავ აჯობა მესის, რომელმაც ხმათა 45,7% მიიღო. მესამე ადგილზე კი "როხიბლანკოში" გადასული დავიდ ვილია გავიდა - 4,6%.

ამ გამოკითხვაში მონაწილეობა 44 000-მა ადამიანმა მიიღო.

საუკეთესო ტრანსფერებშიც "რეალმა" იმარჯვა: ისკოს ხმა გამოკითხვაში მონაწილეთა (სლ 41 000) 47-მა პროცენტმა მისცა. "სამეფო კლუბის" ახალწვეულმა გვარიანად აჯობა ნეიმარს, რომელმაც 27% მოაგროვა. მესამეზე აქაც დავიდ ვილია იყო.

ამ სამეულის გარდა, კიდევ კევინ გამეირო (4%), ბენიატი (3%) და სეფეროვიჩი (3%) დაასახელეს.

ესპანეთი. ლა ლიგა. I ტური
17 აგვისტო
სოსიედადი-ხეტაფე 21:00
დისკვალიფიკაცია: ბერგარა (სოსიედადი)
ტრავმა: ხოსე ანხელი, აგირეჩე, მიკელ გონსალესი, იფრანი (ყველა "სოსიედადი")
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +2 =5 -5, (12-11)

ვალიადოლიდი-ატლეტიკი 23:00
დისკვალიფიკაცია: ადურისი (ატლეტიკი)
ტრავმა: დ. ლარსონი, ვიქტორ პერესი - სან ხოსე
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +8 =11 -14, (35-41)

ვალენსია-მალაგა 01:00
დისკვალიფიკაცია: პარეხო, ჟონასი (ვალენსია)
ტრავმა: იგნასიო კამაჩო, ველიგტონი (მალაგა)
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +15 =6 -3, (45-24)

18 აგვისტო
ბარსელონა-ლევანტე 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: არავინ
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +9 =3 -0, (29-8)

რეალი-ბეტისი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვარანი (რეალი)
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +17 =12 -7, (57-35)

ოსასუნა-გრანადა 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მიგელ ფლანიო (ოსასუნა)
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +1 =1 -2, (4-7)

სევილია-ატლეტიკო 01:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: არავინ
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +14 =12 -11, (51-48)

19 აგვისტო
ვალეკანო-ელჩე 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: არავინ
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +0 =2 -8, (9-18)

სელტა-ესპანიოლი 00:00
დისკვალიფიკაცია: ვასაკო (ესპანიოლი)
ტრავმა: ბერმეხო - ვიქტორ ალვარესი
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +11 =8 -11, (34-40)

ალმერია-ვილიარეალი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტორსილიერი (ალმერია)
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +4 =5 -4, (13-12)

P.S. ურთიერთშეხვედრები 1994 წლიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული