ატლეტიკო VS ბარსელონა - ესპანეთის სუპერთასი. I მატჩის წინ

AutoSharing Option
21 აგვისტოს "ვისენტე კალდერონზე" ესპანეთის სუპერთასის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ესპანეთის სამეფო თასის მფლობელი მადრიდის "ატლეტიკო" ქვეყნის ჩემპიონ "ბარსელონას" უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ მადრიდელები სუპერთასზე მეხუთედ ითამაშებენ და მეხუთედაც მათი მეტოქე "ბარსა" იქნება.

"ბარსელონას" სუპერთასი 10-ჯერ აქვს მოგებული, რაც სარეკორდო შედეგია. კატალონიელებს მადრიდის "რეალი" მოჰყვება (9 გამარჯვება), 3-ჯერ კი თასი "დეპორტივოს" დარჩა.

რამდენიმე გუნდს ეს ტიტული თითოჯერ აქვს მოგებული და მათ შორის არის "ატლეტიკოც", ვისაც სუპერთასი 1985 წელს აქვს მოპოვებული. მაშინ "როხიბლანკომ" სწორედ "ბარსელონას" მოუგო, როდესაც თასის მფლობელის რანგში კატალონიურ გრანდს
ორივე მატჩში აჯობა (3:1, 1:0). 1991, 1992 და 1996 წლებში კი "ატლეტიკო" დამარცხდა და სამივეჯერ მისი მძლეველი ისევ და ისევ "ბარსა" იყო.

ამ მატჩში ყურადღების ცენტრში დავიდ ვილია იქნება - "ელ გუახე" ხომ მადრიდელთა ბანაკში სწორედ "ბარსადან" გადავიდა.

"იმედი მაქვს, რომ ორივე შეხვედრას მაღალ დონეზე ჩავატარებთ და თასსაც მოვიგებთ. აგვისტოში ტიტულის მოგება ყველა გუნდისთვის სასურველია", - განაცხადა ასტურიელმა ფორვარდმა.

მომავალი დაპირისპირების შესახებ მწვრთნელებმაც ისაუბრეს. ორივე არგენტინელი თანხმდება იმაზე, რომ წყვილის ფავორიტი "ბარსაა":

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო):
"მათ ლიონელ მესის სახით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავთ. გარდა ამისა, "ბარსამ" შეიძინა ნეიმარი, იქ თამაშობენ ჩავი, ინიესტა, ალექსისი, პედრო...

"ბარსელონა" წყვილის ფავორიტია და ეს ჩვენთვის კარგიც არის, რადგან ფავორიტი ვალდებულია მოიგოს, რაც ზეწოლას ნიშნავს, ჩვენ კი წნეხისგან თავისუფალნი ვართ".


ხერარდო მარტინო (ბარსელონა):
"ჩვენი გუნდი ყველა ტურნირის ფავორიტია და გამონაკლისი არც ეს დაპირისპირებაა. ლიგისგან განსხვავებით, მსგავსი ტიპის ტურნირზე თავიდანვე კონცენტრირებული უნდა იყო, თორემ შეცდომის გამოსწორების დრო არ გექნება".

პირველ მატჩს ორივე გუნდი სრული შემადგენლობით ხვდება, მხოლოდ სესკ ფაბრეგასის თამაშია საეჭვო. აქვე გეტყვით, რომ საპასუხო მატჩი ერთი კვირის შემდეგ, "კამპ ნოუზე" გაიმართება.

ესპანეთი. სუპერთასი. I მატჩი
21 აგვისტო
ატლეტიკო-ბარსელონა 01:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული