კვირას ხერარდო მარტინომ ლა ლიგაში თავისი პირველი საგარეო გამარჯვება იზეიმა. ამით შეხვედრის შემდეგ იამაყა კიდევაც, თუმცა ფაქტია, ბერნდ შუსტერის "მალაგასთან", რომელიც ძალზე შესუსტებულია და შარშანდელის აჩრდილია, "ბარსამ" იწვალა და ადრიანოს გოლის წყალობით მხოლოდ მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.
ის კი არა, ბოლო წუთზე ვიქტორ ვალდესის თავდადებული თამაშის წყალობით "ბარსამ" სასწაულებრივ შეინარჩუნა 3 ქულა, როცა ვეტერანმა გოლკიპერმა ზედიზედ ორი უძნელესი დარტყმა მოიგერია. მეორე ტაიმში "მალაგას" სულ სამი საგოლე შანსი ჰქონდა,
28 წლის ადრიანო კორეიამ ნელ-ნელა მოიპოვა "ბარსელონაში" მნიშვნელოვანი როლი. ამ გამარჯვებაშიც ბრაზილიელს დიდი წვლილი მიუძღვის. როგორც ლა ლიგის პირველ ტურში, ადრიანო კვლავ სასტარტოში იყო, ამჯერად დანი ალვეშის ნაცვლად მარჯვენა მცველის პოზიციაზე და უნივერსალმაც ბრწყინვალე გოლით დაგვამახსოვრა თავი. ადრიანოს არ უთამაშია სუპერთასზე, რადგან დისკვალიფიცირებული იყო.
ბრაზილიელისთვის სამწუხაროდ, მან ბარძაყის ტრავმა მიიღო და შესვენებაზე ადგილი ისევ დანი ალვეშს დაუთმო.
ტატას შესანიშნავი შვიდეული
"ტატა" მარტინოს პირველმა სამმა თამაშმა (2 ლა ლიგაში, ერთიც სუპერთასზე) ნათლად დაგვანახვა იმ ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელთა მხრებზეც გადაივლის სეზონი. როგორც ჩანს, არგენტინელი მათ უზომოდ ენდობა. ესენია: ვალდესი, პიკე, მასკერანო, ჩავი, ალექსის სანჩესი და პედრო. ამ ექვსეულმა სამივე მატჩში სასტარტოში ითამაშა. როგორც ჩანს, მარტინოს ერის ჩამოყალიბებაში მთავარი როლიც მათ უნდა იკისრონ (პლუს მესი).
ნეიმარმა კვლავ სათადარიგოს როლი შეასრულა, მან ბოლო 30 წუთი ითამაშა და ბევრის აზრით, საუკეთესოც კი იყო "ბარსას" შემადგენლობაში. მის გარდა, სესკ ფაბრეგასსაც გამოვყოფთ, რომელმაც აშკარად კარგად დაიწყო სეზონი.
იცით თუ არა, რომ...
* ვიქტორ ვალდესს ლა ლიგის 2 ტურში ჯერ გოლი არ გაუშვია. ზედიზედ ორ ტურში ასეთი რამ გასულ სეზონში ვალდესმა მხოლოდ ერთხელ მოახერხა, 31-ე და 32-ე ტურებში.
* სეზონში უკვე 7-მა ბარსელონელმა გამოიჩინა გოლით თავი: მესიმ (2), პედრომ (2), ჩავიმ, დანი ალვეშმა, ალექსის სანჩესმა, ნეიმარმა (სუპერთასზე) და ადრიანომ.
* 3-მა ფეხბურთელმა ითამაშა სამივე მატჩი თავიდან ბოლომდე: ვალდესმა, ჟერარდ პიკემ და ხავიერ მასკერანომ.
* მასკერანომ და ალბამ ყველაზე მეტჯერ, 10-10-ჯერ მოუპოვეს "ბარსას" ბურთი "მალაგასთან" შეხვედრაში.
* "ბარსამ" ზედიზედ მეშვიდედ გაიმარჯვა "ლა როსალედაზე".
მატჩის შემდეგ
ხერარდო მარტინო ("ბარსელონას" მწვრთნელი): "გამარჯვება ყოველთვის საკუთარი ძალების რწმენას გმატებს. მოხარული ვარ, რომ მოგება შევძელით. პირველი ტაიმით კმაყოფილი ვარ, ფლანგებს შეტევებისთვის კარგად ვიყენებდით. მეორე ტაიმის პირველი 20 წუთიც ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშის მიმდინარეობას, მერე კი მეტოქემ იძალა და მომენტებიც შექმნა ჩვენს კართან. როდის ითამაშებს ნეიმარი სასტარტოში? არ ვიცი, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, ის ბოლო 30 წუთით გამოდის და გუნდს ნაყოფიერად ეხმარება".
ბერნდ შუსტერი ("მალაგას" მწვრთნელი): "ბარსელონას" შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, იქ საუკეთესოები თამაშობენ და ამიტომაც არის მსოფლიოს საუკეთესო კლუბი. გადავწყვიტე, უფრო დაცვითი ტაქტიკით გვეთამაშა და 4-5-1 ავირჩიე. ჩვენ სამი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ თუ წარმატების მიღწევა გსურს, სამიდან ერთი მაინც უნდა გამოიყენო".
ლიონელ მესი (ბარსელონა): "მალაგას" წინააღმდეგ თამაში ძალიან მინდოდა, მაგრამ თავს 100%-ით მზად ვერ ვგრძნობდი. მიხარია, რომ გუნდმა მორიგი 3 ქულა მოიპოვა. ვარჯიშს ვაგრძელებ და იმედია, "ატლეტიკოსთან" მატჩისთვის მზად ვიქნები".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. II ტური: "ატლეტიკოსთან" ხუმრობა არ შეიძლება [VIDEO]