კარლო ანჩელოტი: გარეთ ბეილს ცუდი პერიოდი უკან დარჩა

AutoSharing Option
კარლო ანჩელოტის გარეთ ბეილთან გასაუბრების შანსი ორშაბათს ორჯერ მიეცა - პრეზენტაციამდე და პრეზენტაციის შემდეგ. იტალიელმა სპეციალისტმა "რეალის" ახალწვეული გაამხნევა და ბევრი მუშაობისკენ მოუწოდა. სატრანსფერო საგის გამო ბეილს მოსამზადებელ ეტაპზე "ტოტენჰემთან" ერთად ნორმალურად არ უვარჯიშია და გასაგებია, რომ საუკეთესო კონდიციებში არ იმყოფება.

"ცუდი პერიოდი უკან დარჩა. ახლა მისთვის და ჩვენი კლუბისთვის ახალი ეპოქა იწყება, რომელიც აუცილებლად წარმატებული იქნება,"
- განაცხადა ანჩელოტიმ.

სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ბეილი ხარივით ჯანმრთელია, თუმცა ჯერ კიდევ არავინ იცის, როგორ მოახერხებს უელსელი იმ უდიდეს ზეწოლასთან გამკლავებას, რომელიც
მასზე იქნება. ცნობილია, რომ როგორც სხვა ახალწვეულების შემთხვევაში, ამჯერადაც საქმეში ზინედინ ზიდანი ჩაერთვება.

კარლოს ასისტენტი "სამეფო კლუბის" სხვა მოთამაშეებსაც დაეხმარა, თუმცა ყველას კარგად ესმის, რომ ბეილი არც ისკოა, არც ილიარამენდი, კარვახალი თუ კაზემირუ - უელსელში 100 მილიონი ევრო გადაიხადეს, ის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია და გულშემატკივრები თუ სპეციალისტები მის მიმართ გაცილებით ნაკლებად მომთმენნი იქნებიან.

ანჩელოტის და 24 წლის ფეხბურთელის გასაუბრება მადრიდელთა ახალწვეულისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გარდა იმისა, რომ მთავარმა მწვრთნელმა კლუბში მისვლა მიულოცა, ანჩელოტიმ მოთამაშის მიმართ მხარდაჭერა და ნდობა გამოხატა, რაც ახლა უელსელს ყველაზე მეტად ესაჭიროება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული