5 ახალგაზრდა, რომელსაც ლა ლიგის გაოცება შეუძლია

AutoSharing Option
ისკო, კოკე, ინიგო მარტინესი, რაფაელ ვარანი -  და კიდევ ბევრმა სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ბოლო ორი სეზონის განმავლობაში პერპექტიულ მოთამაშეთა რიგებიდან შემდგარი ვარსკვლავების კატეგორიაში გადაინაცვლეს. ამ სეზონში ახალი სახეების გამოჩენას უნდა ველოდოთ. მოდი, ერთად ვნახოთ ის ხუთი ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც, სპეციალისტების აზრით, წლევანდელ სეზონში აუცილებლად გაიბრწყინებს...

ტიევი ბიფუმა - "ესპანიოლი"
ახალგაზრდა ფრანგ ფორვარდს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ წელს ლა ლიგის ერთ-ერთ აღმოჩენად იქცეს. ფიზიკურად ძლიერი და სწრაფი ტიევი "ესპანიოლის" წამყვან ფეხბურთელად ყალიბდება. მაურისიო პოჩეტინომ, როდესაც ის კატალონიური გუნდის მწვრთნელი იყო,
ტიევი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მეორე დივიზიონში გაუშვა. "ლას პალმასის" შემადგენლობაში ბიფუმამ 44 მატჩი ითამაშა და 13 გოლი გაიტანა.

ამ სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა თავი უკვე 2-ჯერ გამოიჩინა, თანაც, ამისთვის სულ 4 დარტყმის განხორციელება დასჭირდა. ისიც აღსანიშნავია, რომ ტიევის ძირითადში ერთხელაც არ უთამაშია. ფრანგს ჯერ დაღვინება კი სჭირდება, მაგრამ თუ სწორად განვითარდა, წინ დიდი და ნათელი მომავალი აქვს.

რუბენ გარსია - "ლევანტე"
რუბენ გარსიას შეძენა ლონდონის "არსენალს" სურდა, რაც გასაკვირი არაა, თუ წინა სეზონს და 21 წლის ფეხბურთელის გამოსვლას გავიხსენებთ. ზოგადად, "ლევანტე" მაყურებლისთვის მიმზიდველ ფეხბურთს არ თამაშობს, მაგრამ რუბენი ამ წესიდან იშვიათი გამონაკლისია. ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელი ხშირად მარცხენა ფლანგზე გვევლინება, საიდანაც ცენტრში შეწევა და იერიშის იქიდან განვითარება უყვარს. რუბენ გარსია უნივერსალური ფეხბურთელია და ხშირად მას მწვრთნელი უკან დახეული ფორვარდის როლშიც იყენებს.

ამ სეზონში მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გოლია, მაგრამ საშუალოდ ერთ შეხვედრაში გარსია 1,7 სახიფათო პასს და 1,3 დრიბლინგს ახორციელებს - ამ კომპონენტებში კი ის "ლევანტეს" ლიდერია.

საული - "რაიო ვალეკანო"
(იჯარით მადრიდის "ატლეტიკოდან")
სეზონის დაწყების წინ საულ ნიგესით "ბარსელონაც" იყო დაინტერესებული, მაგრამ "ატლეტიკომ" ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავის გაყიდვა არ ისურვა და ახალგაზრდა ფეხბურთელი იჯარით "რაიო ვალეკანოში" გაუშვა. 18 წლის მოთამაშემ პირველივე ტურში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

საული ერთ შეხვედრაში საშუალოდ 58,3 პასს აკეთებს, რაც "რაიოში" მეორე შედეგია, სიზუსტე კი 90,9 პროცენტია. ხავი ფუეგოს წასვლის შემდეგ, მადრიდულ გუნდს მოედნის ცენტრში მებრძოლი ნახევარმცველი მოაკლდა, თუმცა თინეიჯერი ფეხბურთელი "ვალენსიაში" წასული ფუეგოს შეცვლას მშვენივრად ახერხებს. თამაშში საშუალოდ 3 ვარდნა და 3 ჩაჭრა, 2,7 მოგებული საჰაერო დუელი - ეს სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს.

საული ხანდახან სერხიო ბუსკეტსია - ხშირად უკან იხევს, დაცვის წინ მოქმედებს და მეტოქის შეტევების ჩაშლისკენ არის მიმართული, თუმცა ამავე დროს, შეტევაშიც ხშირად მიდის და იერიშების წამოწყება-დაგვირგვინებასაც ცდილობს.

სუსო - "ალმერია"
(იჯარით "ლივერპულიდან")
სუსომ "ლივერპულში" თავი ვერ დაიმკვიდრა და ბრენდან როჯერსმაც ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო - ახალგაზრდა, მზარდი ფეხბურთელი პრაქტიკის გარეშე არ დატოვა და "ალმერიაში" გაანათხოვრა. სუსოს ანდალუსიურ კლუბში გამთამაშებლის ფუნქციები ჩააბარეს, რაც მას მოედანზე თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს.

ჩატარებულ შეხვედრებში 19 წლის ფეხბურთელმა 2 საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, მის ანგარიშზეა 14 წარმატებული დრიბლინგი და ამ მაჩვენებლით სუსო საუკეთესოა ლა ლიგის მასშტაბით (მეორეზე ლიონელ მესია 11 დრიბლინგით). პასებსა და დრიბლინგებზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ახალგაზრდა მოთამაშე მუდმივ სათამაშო პრაქტიკას იღებს, რაც ამ ასაკში ნიჭიერი ფეხბურთელისთვის ჰაერივით აუცილებელია.

კარლეს ხილი - "ელჩე"
(იჯარით "ვალენსიადან")
"ვალენსიამ" თავის დროზე გუნდიდან ისკო გაუშვა და ახლა "ღამურები" მსგავსი შეცდომის გამეორებას არ აპირებენ. კარლეს ხილი "ელჩეში" მეორე სეზონს იწყებს. შარშან ის გუნდს პრიმერას საგზურის მოპოვებაში დაეხმარა, წელს კი ადგილი უნდა შეუნარჩუნოს.

ხილს სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში, მაგრამ ჯერჯერობით უფრო ხშირად მას მარჯვება ფლანგზე იყენებენ. 20 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე, საშუალოდ ერთ შეხვედრაში 2,7 წარმატებული დრიბლინგია. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ თამაშის წესები საშუალოდ 4,3-ჯერ ირღვევა, რაც "ალმერიაში" საუკეთესო შედეგია. ხილი არა მარტო შეტევაში, არამედ უბურთოდ თამაშშიც გამორჩეულია - ხშირად მიმართავს მეტოქე გუნდის მცველების პრესინგს და ამით ნახევარდაცვის ცენტრს ეხმარება.

კონტრაქტის მიხედვით, მისი "ვალენსიადან" გამოსყიდვა სულ რაღაც 8 მილიონ ევროდ შეიძლება და არაა გასაკვირი, რომ "ღამურებს" ახალი, გაცილებით უკეთესი პირობების შემცველი ხელშეკრულების გაფორმება სურთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული