ჯერ უკვე დასრულებული ტურის შესახებ ვთქვათ, შემდეგ კი მომავალ შეხვედრებზეც ვისაუბროთ...
მარტინო: იდეალურად ნამდვილად ვერ ვთამაშობთ
"ბარსელონამ" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა და პირველი ადგილი შეინარჩუნა. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებმა ბოლო ორ შეხვედრაში 4-4 გოლი გაიტანეს, საკუთარი კარი კი მშრალად შეინახეს, მათი მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო გუნდის გარჯით ბოლომდე კმაყოფილი მაინც არაა:
"ქულების თვალსაზრისით, ყველაფერი იდეალურად არის, მაგრამ იდეალურად ნამდვილად ვერ ვთამაშობთ.
შეგახსენებთ, რომ "ბარსა" "რაიო ვალეკანოსთან" შეხვედრაში ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით დამარცხდა, ასეთი რამ კი ბოლოს 5 წლის წინ, ფრანკ რაიკარდის ხელმძღვანელობის დროს მოხდა.
ისევ მარტინო:
"ჩვენთვის ბურთის ფლობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მთავარი მაინც შედეგია. გარდა ამისა, აუცილებელია მეტოქის ფაქტორის გათვალისწინებაც. შარშან, "ბარსელონას" "რაიოსთან" ბურთის ფლობის მაჩვენებელი 55 პროცენტი ჰქონდა, ზოგადად ლიგაში კი ამ კომპონენტში მადრიდელები ჩვენ შემდეგ მეორე ადგილზე იყვნენ".
არგენტინელს გრძელი გადაცემების შესახებაც ჰკითხეს, რაზეც "ტატამ" შემდეგი რამ უპასუხა: "გაიხსენეთ რაფაელ მარკესი ან რონალდ კუმანი - "ბარსელონაში" გრძელი გადაცემები ადრეც აქტუალური იყო".
საინტერესოა, რომ ჩემპიონატის სტარტზე "ბარსამ" პირველი ხუთი მატჩი მეექვსედ მოიგო. წინა ხუთი შემთხვევა 1985, 1991, 1998, 2010 და 2013 წლებში დაფიქსირდა და კატალონიელები ხუთივე სეზონში ჩემპიონები გახდნენ.
ბენზემას ისევ უსტვინეს
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ქარიმ ბენზემა არავის აღარ უყვარს. "რეალის" ფორვარდს საფრანგეთის ნაკრების ქომაგები აძაგებენ, კვირას კი მას მადრიდული კლუბის გულშემატკივრებმაც უსტვინეს.
25 წლის ფორვარდმა "ხეტაფესთან" რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, მე-80 წუთზე კი ის ალვარო მორატამ შეცვალა.
პარტნიორი არგენტინელმა ანხელ დი მარიამ დაიცვა, რომელმაც გულშემატკივრები გააკრიტიკა:
"ქარიმის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. მორატამაც კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მისთვის არავის დაუსტვენია. აუცილებელია, რომ გულშემატკივრებს ყველას მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება გააჩნდეთ და ორმაგ სტანდარტებს ადგილი არ ჰქონდეს," - განაცხადა დი მარიამ.
მცირე მადრიდულ დერბიში თავი კრიშტიანო რონალდომ გამოიჩინა, რომელსაც "ხეტაფესთან" გოლები თითქმის ყოველ შეხვედრაში გააქვს. ამჯერად პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა და თანაქალაქელთა კარში გატანილი ბურთების რაოდენობა 13-მდე გაზარდა.
პრიმერადივიზიონში, "ხეტაფეს" კარში ამდენი გოლი სხვას არავის გაუტანია.
"ატლეტიკოს" და "სევილიას" სერიები
მადრიდის "ატლეტიკო" ყოველი ტურის შემდეგ ამტკიცებს, რომ მზადაა, სერიოზული მიზნების გადაჭრაზე იფიქროს. მორიგ ტურში დიეგო სიმეონეს სამწყსომ "ვალიადოლიდს" სძლია.
"როხიბლანკოდან" განსაკუთრებით კარგად სამმა ფეხბურთელმა ითამაშა: კოკემ, დიეგო კოშტამ და რაულ გარსიამ საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.
კოკემ ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, რაულ გარსიამ და დიეგო კოშტამ კი მორიგი გოლები გაიტანეს. ბრაზილიელმა ფორვარდმა ყოფილი გუნდის კარი დალაშქრა და ახლა მის ანგარიშზე უკვე 5 გოლია.
ისევ ვერ მოიგო "სევილიამ". მოგება კი არა, უნაი ემერის გუნდმა კვლავ წააგო (1:3, "ვალენსიასთან) და 20-გუნდიან ჩემპიონატში ბოლი ადგილზე დარჩა.
ასეთი მძიმე სტარტის მიუხედავად, უნაი ემერი მთავარი მწვრთნელის პოსტს ინარჩუნებს და ანდალუსიელებს "რაიოსთანაც" გაუძღვება. აი, თუ მადრიდულ გუნდსაც ვერ მოუგო, ბასკს, ალბათ, ახალი სამსახურის ძებნა მოუწევს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. V ტური: "ბარსელონა" და "ატლეტიკო" დანაკარგის გარეშე [VIDEO]